დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-84-2026 15 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ქ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ბ–ი (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ქ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ქ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „პირველი კასატორი“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ.ბ–ს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) არასრულწლოვანი შვილების: 2007 წლის 20 ოქტომბერს დაბადებული მ.ბ–ის, 2009 წლის 17 დეკემბერს დაბადებული ა.ბ–ის და 2016 წლის 26 იანვარს დაბადებული ნ.ბ–ის სასარგებლოდ, თითოეულისათვის, ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, დაეკისრა 600 ლარის გადახდა, ჯამში - 1800 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 21 მაისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2008 წლიდან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - 2007 წლის 20 ოქტომბერს დაბადებული მ.ბ–ი, 2009 წლის 17 დეკემბერს დაბადებული ა.ბ–ი და 2016 წლის 26 იანვარს დაბადებული ნ.ბ–ი (დაბადების მოწმობები (ს.ფ. 17-19); მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი));
2.2. მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა 2021 წლის 3 დეკემბერს, მას შემდეგ არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან - მოსარჩელესთან, თბილისში. განქორწინების შემდეგ მოპასუხე დასაქმებისა და შემოსავლის მიღების მიზნით გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დღემდე იმყოფება (განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 16); მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი));
2.3. მოსარჩელე არის შპს „უ.ე.უ.ს.ნ–ს“ დირექტორი და 55% წილის მესაკუთრე, იმავე ორგანიზაციის დანარჩენი წილის - 45% მესაკუთრედ რეგისტრირებულია მისი დედა. მოსარჩელე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, საქმიანობის სფერო უკავშირდება საკვებ პროდუქტებს - საცალო ვაჭრობა და სასადილო (ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 133-135); მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი));
2.4. ბავშვები სწავლობენ შპს „უ.ე.უ.ს.ნ–ში“. ხელშეკრულებები (15.09.2023) დადებულია მოსარჩელის, როგორც ორგანიზაციის დირექტორის მიერ, მოსარჩელესთან, როგორც ა.ბ–ის, მ.ბ–ის და ნ.ბ–ის მშობელთან. ხელშეკრულებების თანახმად, სწავლის საფასური ა.ბ–ის და მ.ბ–ის შემთხვევაში წლიურად შეადგენს 3000-3000 ლარს, ხოლო ნ.ბ–ის სწავლის საფასური შეადგენს 1500 ლარს (ხელშეკრულებები (ს.ფ. 20-25); გადარიცხვები სს „ს. ბ–ში“ (ს.ფ. 36, 46, 49); მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი));
2.5. არასრულწლოვანი ა.ბ–ი, 2024 წლის 9 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე, სწავლობს შპს „ა.ა.ს–ში“, სწავლა მოიცავს 2 აკადემიურ წელს, სწავლის გადასახადი შეადგენს სულ 6432 ლარს, წლიური გადასახადი 3216 ლარს, წლიური საფასურის გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 10% ფასდაკლება და წლიური საფასური განისაზღვრება 2894 ლარით. თვიური გადახდის შემთხვევაში საფასური შეადგენს თვეში 268 ლარს (ხელშეკრულება N251024873 (ს.ფ. 26-34); გადარიცხვები სს „ს.ბ–ში“ (ს.ფ. 52-55, 152-155); მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი));
2.6. საგადახდო დავალებების მიხედვით, მოსარჩელე იხდიდა/იხდის ბავშვების სწავლის და სპორტული წრეების გადასახადებს: 20.09.2022 – 230 ლარი, მ.ბ–ის სწავლის საფასური - ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ასოციაცია; 17.05.2023 – 200 ლარი, ნ.ბ–ის სწავლის საფასური; 01.08.2023 – 200 ლარი, ნ.ბ–ის სწავლის საფასური; 14.05.2024 – 260 ლარი, მ.ბ–ის სწავლის საფასური; 17.04.2024 – 5165.25 ლარი, მ.ბ–ის საზაფხულო სკოლა. ბრიტანეთი - შპს „კ.თ–ი“; 20.11.2023 – 60 ლარი, ს.ბ–ის ნოემბრის გადასახადი; 18.10.2023 – 120 ლარი, ს.ბ–ი; 26.02.2024 – 120 ლარი; 17.04.2024 – 120 ლარი, მარტი, აპრილი ბ–ი; 31.08.2024 – 152 ლარი, ა.ბ–ი, შპს „ა.ა.მ–თვის“; 20.10.2023 – 200 ლარი (ნ.ბ–ის სწავლის საფასური); 27.08.2024 – 190 ლარი, ნ.ბ–ის საკვირაო სკოლის საფასური, შპს „ა.ა.მ–თვის“; მოსარჩელის განმარტებით, ხარჯების ნაწილი გაღებულია ერთჯერადად (საზაფხულო სკოლა), ნაწილს აღარ სწევს, რადგან ბავშვმა შეწყვიტა სიარული (კრიმინოლოგთა კურსები). ობიექტ „ჰ.თ–ში“ (თბილისის ზღვა) გადარიცხულია 15.04.2024 წელს - 200 ლარი, 11.05.2024 წელს - 500 ლარი; მოსარჩელის განმარტებით, ხარჯები გაღებულია სპორტულ წრეებზე სიარულისთვის. ობიექტ „მ–ში“ (...... 52) გადარიცხულია 21.08.2023 წელს - 558 ლარი, 17.04.2024 წელს - 239 ლარი, 01.03.2024 წელს – 70 ლარი, 08.10.2022 წელს – 1100 ლარი, სანდრო ბ–ის ბრეკეტები. მოსარჩელის განმარტებით, ხარჯები გაღებულია ა.ბ–ის სტომატოლოგიური მომსახურებისათვის (საგადახდო დავალებები სს „თ. ბ–ში“, გადარიცხვები სს „ს.ბ–ში“ (ს.ფ. 35, 42, 43, 44, 45, 47, 48, 50, 51, 151, 156, 157); გადახდები სს „ს.ბ–ი“ (ს.ფ. 37, 38, 39, 40, 41); საგადახდო დავალება სს „თ.ბ–ი“ (ს.ფ. 56); მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი));
2.7. მოპასუხე არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ პერიოდულობით რიცხავდა თანხას მოსარჩელის ანგარიშზე: 01.12.2023 წელი – 300 აშშ დოლარი, 31.10.2023 წელი – 300 აშშ დოლარი, 01.09.2023 წელი – 300 აშშ დოლარი, 05.03.2024 წელი – 300 აშშ დოლარი, 03.02.2024 წელი – 300 აშშ დოლარი. მოპასუხის მხრიდან სს „ლ.ბ–ის“ ანგარიშზე 14/12/2023 წელს ფიქსირდება 1300 ლარის, 08/05/2023 წელს - 90 ლარის გადარიცხვა მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე (ს.ბ–ში). მოპასუხის მხრიდან სს „ლ.ბ–ის“ ანგარიშზე 15/06/2024 წელს ფიქსირდება 50 ლარის, 15/07/2024 წელს - 200 ლარის, 24/08/2024 წელს - 100 ლარის გადარიცხვა მ.ბ–ის საბანკო ანგარიშზე („ს.ბ–ში“). მოპასუხის მხრიდან სს „ლ.ბ–ის“ ანგარიშზე 17/07/2024 წელს ფიქსირდება 200 ლარის გადარიცხვა ა.ბ–ის საბანკო ანგარიშზე („ს.ბ–ში“) (ჩარიცხვები სს „ს.ბ–ში“ (ს.ფ. 57-61); საგადახდო დავალებები სს „ლ.ბ–ი“ (ს.ფ. 194-199); მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი));
2.8. მოპასუხის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, დაზუსტებული ფართობი 290.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობა N1, საერთო ფართი: 109.94, საცხოვრებელი ფართი: 43.23, დამხმარე ფართი: 7.70, სამეურნეო ფართი: 6.00, სხვა ფართი: მანსარდი - 53.01 კვ.მ, ს.კ. ........ (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 16/05/2024 (ს.ფ. 62-63); მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი));
2.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის N21-11/42360 წერილის თანახმად (31.05.2024 წლის მდგომარეობით), მოპასუხეს არ უფიქსირდება ინფორმაცია ხელფასის/სხვა სახით მიღებული შემოსავლის შესახებ. მოსარჩელეს 2023 წლის 01 მაისიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით უფიქსირდება ხელფასის ჩარიცხვა შპს „უ.ე.უ.ს.ნ–დან“, ამ პერიოდის გათვალისწინებით დარიცხულმა ხელფასმა შეადგინა ჯამურად 47952,81 ლარი. მოსარჩელის (მცირე ბიზნესის გადამხდელად რეგისტრირებულია 10.11.2011 წლიდან) მიერ 2023 წლის 01 მაისიდან წარმოდგენილი „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის“ მიხედვით, მცირე ბიზნესის დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 71285 ლარს (სსიპ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის N21- 11/42360 წერილი (ს. ფ. 85-87));
2.10. მოპასუხეს სს „ს.ბ–ში“, სს „თ.ბ–ში“ და სს „ლ.ბ–ში“ გზავნილები არ აქვს, არ უსარგებლია სწრაფი ფულადი გზავნილებით 2024 წლის 01 მარტიდან (მომართვა OC249279 სს „ს.ბ–ი“ (ს.ფ. 168); მომართვა 1124/121-38 სს „თ.ბ–ი“ (ს.ფ. 200); მომართვა 03065/022415743 სს „ლ.ბ–ი“ (ს.ფ. 202); მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი));
2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების: 2007 წლის 20 ოქტომბერს დაბადებული მ.ბ–ის, 2009 წლის 17 დეკემბერს დაბადებული ა.ბ–ის და 2016 წლის 26 იანვარს დაბადებული ნ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, თითოეულისათვის - 250 (ჯამში - 750) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 21 მაისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე;
2.12. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება - ამგვარი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და მხარეებს არ გააჩნიათ დამატებითი ხარჯები მკურნალობის ან სხვა გარემოებების სახით (სასამართლომ აღინიშნა, რომ საბანკო ვალდებულებებს ან პირად ხარჯებს, რომელიც შესაძლოა ორივე მხარეს თანაბრად გააჩნდეს, უპირატესი მნიშვნელობა ბავშვების საჭიროებებთან შედარებით ვერ მიენიჭება).
3. სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენდა, რამდენად არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის გაზრდის საფუძველი.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებით, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე, 25-ე, 46-ე, 47-ე მუხლებით და განმარტა, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გაითვალისწინოს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: ...მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუს-ს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება №ას-58-49-2011 საქმეზე). ალიმენტი უნდა იყოს გონივრული და სავსებით საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბავშვის, სულ მცირე, გადაუდებელი, პირველი რიგის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც ბავშვის არსებობას შეექმნება ხელყოფის სერიოზული საფრთხე.
5. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მხრიდან, არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს და იგი მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით https://www.geostat.ge/ka/modules/categories/791/saarsebo-minimumi, სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობა 2024 წლის ნოემბრისთვის 262.4 ლარს შეადგენდა). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თითოეული ბავშვის რეალური საჭირობებიდან გამომდინარე, 250 ლარის ოდენობით ალიმენტის განსაზღვრა, მით უფრო, თითქმის საარსებო მინიმუმის ოდენობით, ალიმენტის მიზანს ვერ უზრუნველყოფდა.
6. პალატის განმარტებით, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნონ არასრულწლოვან შვილებზე. სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია შემოსავალი/სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი ან/და გააჩნია საბანკო ვალდებულებები, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველ ღონეს მიმართოს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად. ამასთან, იმ მშობლის საოჯახო შრომა, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი, არის ის მონაწილეობა, რაც ფაქტობრივად მას შეუძლია შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის გაიღოს და არ შეიძლება რჩენის ვალდებულება მხოლოდ ისე ვიწროდ განიმარტოს, რომ მასში მოიაზრებოდეს მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა. პალატამ აღნიშნა, რომ არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან - მოსარჩელესთან ერთად. ბავშვის მოვლა-აღზრდა მოითხოვს დროისა და ადამიანური რესურსების უდიდეს ნაწილს. გარდა საქართველოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობისა, რომელიც პირის ელემენტალურ საარსებო მოთხოვნილებებს უზრუნველყოფს, არასრულწლოვან მ.ბ–ს, ა.ბ–სა და ნ.ბ–ს ყოველთვიურად საკვები პროდუქტების გარდა, ესაჭიროება ტანსაცმელი, გადაადგილება, ხოლო ასაკობრივი ზღვრის გათვალისწინებით - სხვადასხვა სახის სპორტულ თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის შესაბამისი თანხა. მიუხედავად იმისა, მოცემულ მომენტში არასრულწლოვანი იღებს თუ არა მონაწილეობას მსგავსი სახის რომელიმე აქტივობაში, მისი აღნიშნული უფლება, როგორც ბავშვის უფლება, რომელიც გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობითა თუ საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით, დაცული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არასრულწლოვნებისთვის ერთი მშობლის - მამის მიერ ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობად 250 ლარის განსაზღვრა საკმარისი არ იყო და ალიმენტის გონივრულ ოდენობად, თითოეულ არასრულწლოვანთან მიმართებით 600 ლარი მიიჩნია. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ასევე არასრულწლოვნის მშობლების ასაკი და მათი შრომისუნარიანობა, ასევე ის გარემოება, რომ 2025 წლის 20 ოქტომბრისათვის მ.ბ–ი იქნებოდა სრულწლოვანი პირი, რაც ასევე გავლენას მოახდენდა მამის მიერ გადასახდელი ალიმენტის საერთო ოდენობაზე.
8. სააპელაციო პალატამ, მართალია, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, დასტურდება მამის მიერ ბავშვებთან მიმართებით პერიოდულად სხვადასხვა ხარჯის გაღების ფაქტი, მაგალითად, 2025 წლის 7 ივლისს მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან ფიქსირდება 100 ლარის (ა–ს კვების თანხა) გადარიცხვა, იმავე წლის 8 აგვისტოს - 500 ლარის (ბავშვების სამოგზაურო თანხა), 150 ლარის (ს–ს ფეხსაცმლის თანხა), 2024 წლის დეკემბრის თვეში - 200 ლარის (კვების თანხა; მიმღები პირი - მ.), 2025 წლის სექტემბრის თვეში - 65 ლარის (კვების თანხა - მიმღები პირი - ა.) და სხვა მსგავსი კატეგორიის თანხის გადახდის ფაქტი, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვერ გახდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის უცვლელად დატოვების საფუძველი, ვინაიდან მამის მიერ ბავშვების საჭიროების მიზნებისათვის თანხის გადარიცხვას არ ჰქონდა სისტემატური ხასიათი, თითოეულ ბავშვს კი საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, ყოველთვიურად ესაჭიროება კონკრეტული თანხა, იმავდროულად აღნიშნული თანხის გადახდას უნდა ჰქონდეს სტაბილური ხასიათი.
9. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვნები გარდა მოვლა-აღზრდისა, ფინანსურად ასევე უნდა უზრუნველყოს დედამ - მოსარჩელემ და საბოლოო ჯამში, ორივე მშობლის მიერ გაღებული რესურსი არასრულწლოვნების ღირსეულ და სრულფასოვან აღზრდას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნის რეალიზებას ემსახურება პირისათვის სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება და მისი ოდენობის განსაზღვრა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის ერთი მშობლის მხრიდან გასაწევი ხარჯი, მოცემულ შემთხვევაში, თვეში მინიმუმ 600 ლარს (თითოეული ბავშვისათვის) შეადგენს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, გარდა ამისა, პალატის მოსაზრებით, მოზარდის ყოველდღიური საჭიროებები დღითიდღე იზრდება და მხოლოდ დედის რესურსი მას ვერ გაწვდება.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს არამხოლოდ ბავშვის საჭიროებებით, არამედ ალიმენტის მომთხოვნი და ალიმენტვალდებული პირის გადახდისუნარიანობით. არასრულწლოვნების მამა მოცემულ მომენტში არ არის საქართველოში; სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერ დადასტურდა ინფორმაცია ბავშვების მამის - მოპასუხის შემოსავლების თაობაზე, მოპასუხე 2021 წლის შემდეგ ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მის მიზანს სწორედ დასაქმება, შემოსავლის მიღება და შვილებისთვის კარგი მომავლის უზრუნველყოფა წარმოადგენდა, საზღვარგარეთ ცხოვრება უამრავ ხარჯთანაა დაკავშირებული და საყოველთაოდ ცნობილი გარემოებაა, რომ ემიგრანტები დასაქმების გარეშე ვერ შეძლებენ ცხოვრების სხვა ქვეყანაში გაგრძელებას. შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან აშშ-ში ცხოვრების გაგრძელებაც (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი) მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა და თავადაც მოტივირებულია, რომ შვილებისათვის მოიძიოს საშუალებები მატერიალურად დასახმარებლად.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მხარეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
12. პირველმა კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. უფროსი შვილი - მ.ბ–ი 2025 წლის ოქტომბრის თვეში გახდა სრულწლოვანი, შესაბამისად, აღნიშნული თარიღიდან მოპასუხეს მოუწევს მხოლოდ ორი არასრულწლოვანი შვილისათვის ალიმენტის გადახდა. ამასთან, მარიამი ამ დროისათვის არის სტუდენტი, სწავლობს უნივერსიტეტში, სადაც გადასახადი არის საკმაოდ მაღალი და რის გადახდასაც ამ დროისათვის სრულად უზრუნველყოფს დედა - მოსარჩელე. რაც შეეხება მამას, იმის ფონზე, რომ ის დაკისრებული ალიმენტის გადახდასაც არიდებდა თავს, ფაქტია, რომ სწავლის საფასურის გადახდაშიც არ იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის საკმაოდ გაზრდილია მოსარჩელის ყოველთვიური ხარჯები;
12.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ თავდაპირველ სარჩელში მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა (თვეში 1500-1500 ლარი) შეესაბამება სწორედ იმ ხარჯებს, რაც საჭიროა ბავშვების შესაბამისი რჩენა-აღზრდისათვის.
13. მეორე კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
13.1. ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კასატორი დასაქმებული არ არის. გადაწყვეტილება მიღებულია იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მოპასუხე შრომისუნარიანია და მოტივირებულია ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ მოპასუხეს გააჩნია შესაძლებლობა ჰქონდეს შემოსავალი, თუმცა შემოსავლის ქონის შესაძლებლობა ყოველთვის არ განსაზღვრავს პირის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას;
13.2. კასატორის რეალური მატერიალური მდგომარეობა არ წარმოშობდა მისთვის ალიმენტის, ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით დაკისრების საფუძველს. ასევე იმ პირობებში, როდესაც დედის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანთა ინტერესს ზიანი არ ადგება, არ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის გაზრდის საჭიროება და წინაპირობები;
13.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეხედულება, რომ მხარეებს არ გააჩნიათ დამატებითი ხარჯები მკურნალობის ან სხვა გარემოებების სახით. რეალურად კასატორის მიერ დავის საქალაქო სასამართლოში განხილვის ეტაპზე წარდგენილ იქნა ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც, ერთი მხრივ, ადასტურებს, რომ მოპასუხეს ესაჭიროება მკურნალობა, ხოლო, მეორე მხრივ, ადასტურებს იმას, რომ მისთვის სტაბილური შემოსავლის პოვნის დამაბრკოლებელი ერთ-ერთი გარემოება სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემაა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 თებერვლისა და ამავე წლის 6 თებერვლის განჩინებებით მხარეთა საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
18. განსახილველ შემთხვევაში ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე [მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ], 1214-ე [თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას], 1234.1. [იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან], 1198.2. [მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება] და 1202.1. მუხლები [მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ].
19. განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის თანხის ოდენობას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით - 1500 ლარი თითოეულ ბავშვზე, ხოლო მოპასუხე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის გაზრდას 250 ლარიდან 600 ლარამდე.
20. საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი). ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობლების განქორწინების დროს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მათ შესაძლოა დაეხმაროს ამ სტრესული სიტუაციის დაძლევაში, არის ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით - ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა. სასამართლოს ამოცანაა, ბავშვის მატერიალური მდგომარეობა მშობლების განქორწინების გამო, რაც შეიძლება, ნაკლებად გაუარესდეს (იხ. დამატებით: Kavacek-Stanic G., Child in Single (Absent) Parent family: Maintenance and Family Home: Family Finances, (Verschragen B (ed))., Jan Sramek Verlag, Vienna, 2009, P.637.; Stark B., Internacional Family Law, an Introduction, Ashgate Publishing Limited, Great Britain, Burlington, 2012, P.211.; Duncan W., Note on the desirability of revising the Hague Conventions on Maintenance Obligations, Hague Conferrence on Private International Law, January, 1999) (იხ. სუსგ საქმე №ას-907-2023, 10 ოქტომბერი, 2023 წელი).
21. მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“. შეიძლება ითქვას, რომ მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. მითითებული კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (იხ. სუსგ საქმე №ას-602-570-2015, 20 ნოემბერი, 2015 წელი). „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27.2. მუხლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
22. ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება [„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 5.1 მუხლი]. ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას. ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის სულ მცირე საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას [„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები].
23. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი). კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-1610-1511-2012, 4 თებერვალი, 2013 წელი). დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (იხ. სუსგ საქმე №ას-495-469-2015, 1 ივლისი, 2015 წელი). ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით.
24. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე, მართებულად განისაზღვრა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.
25. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიას ალიმენტის გაზრდის თაობაზე და მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი). სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს. ამასთან, აღნიშნული მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვთა ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (იხ. სუსგ საქმე №ას-619-619-2018, 12 სექტემბერი, 2018 წელი). იმ პირობებში კი, როდესაც წინამდებარე საქმეში ვერ დადასტურდა ინფორმაცია ბავშვების მამის - მოპასუხის შემოსავლების თაობაზე, სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით (1500 ლარი თითოეულ ბავშვზე) ალიმენტის განსაზღვრა დაუსაბუთებელია.
26. რაც შეეხება მოპასუხის საკასაციო პრეტენზიას, რომ შემოსავლის ქონის შესაძლებლობა ყოველთვის არ განსაზღვრავს პირის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, საქმის მასალებით არ დასტურდება ინფორმაცია მოპასუხის შემოსავლების თაობაზე, თუმცა გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ მოპასუხე 2021 წლის შემდეგ ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მის მიზანს სწორედ დასაქმება, შემოსავლის მიღება და შვილებისთვის კარგი მომავლის უზრუნველყოფა წარმოადგენდა, საზღვარგარეთ ცხოვრება უამრავ ხარჯთანაა დაკავშირებული და საყოველთაოდ ცნობილი გარემოებაა, რომ ემიგრანტები დასაქმების გარეშე ვერ შეძლებენ სხვა ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელებას. შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან აშშ-ში ცხოვრების გაგრძელებაც (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი) მიუთითებს, რომ მას აქვს შესაძლებლობა და თავადაც მოტივირებულია, რომ შვილებისათვის მოიძიოს საშუალებები მატერიალურად დასახმარებლად. აღნიშნულ პრეზუმფციას აძლიერებს ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ პერიოდულობით რიცხავდა თანხას მოსარჩელის ანგარიშზე: 01.12.2023 წელი – 300 აშშ დოლარი, 31.10.2023 წელი – 300 აშშ დოლარი, 01.09.2023 წელი – 300 აშშ დოლარი, 05.03.2024 წელი – 300 აშშ დოლარი, 03.02.2024 წელი – 300 აშშ დოლარი. მოპასუხის მხრიდან სს „ლ.ბ–ის“ ანგარიშზე 14/12/2023 წელს ფიქსირდება 1300 ლარის, 08/05/2023 წელს - 90 ლარის გადარიცხვა მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე (ს.ბ–ში). მოპასუხის მხრიდან სს „ლ.ბ–ის“ ანგარიშზე 15/06/2024 წელს ფიქსირდება 50 ლარის, 15/07/2024 წელს - 200 ლარის, 24/08/2024 წელს - 100 ლარის გადარიცხვა მ.ბ–ის საბანკო ანგარიშზე („ს.ბ–ში“). მოპასუხის მხრიდან სს „ლ.ბ–ის“ ანგარიშზე 17/07/2024 წელს ფიქსირდება 200 ლარის გადარიცხვა ა.ბ–ის საბანკო ანგარიშზე („ს.ბ–ში“) (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7 ქვეპუნქტი).
27. საკასაციო პალატის განმარტებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა უნდა იყოს გონივრული და ღირსეული. აქვე ყურადსაღებია, რომ, როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ, გაცილებით მეტია. ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც, როგორც წესი, მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით (იხ. სუსგ საქმე №ას-341-2022, 14 ივნისი, 2022 წელი). ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ საქმე №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წელი). შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წელი; სუსგ საქმე №ას-449-2024, 5 ივლისი, 2024 წელი). მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად (იხ. სუსგ საქმე №ას-297-282-2016, 27 მაისი, 2016 წელი).
28. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა საჭიროებები არ შემოიფარგლება მხოლოდ მათი ფიზიკური არსებობისათვის აუცილებელი მინიმალური ხარჯებით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მათი განათლებასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან, სოციალურ აქტივობებთან და სრულფასოვან განვითარებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებები, რაც შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფას საჭიროებს. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა არ შეიძლება განხორციელდეს იმგვარად, რომ იგი ვერ უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რეალურ და სრულფასოვან საჭიროებებს. ბავშვის რჩენა არ შემოიფარგლება მხოლოდ საკვებით უზრუნველყოფით. ამიტომ, ალიმენტის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს და მისთვის იმ მინიმალური, მაგრამ რეალურად ადეკვატური ცხოვრების სტანდარტის უზრუნველყოფას, რომელიც არ შეიძლება დაყვანილი იქნეს მხოლოდ ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელ მინიმუმამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-237-2025, 16 მაისი, 2025 წელი). ნიშანდობლივია ისიც, რომ საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით და მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-623-2025, 18 სექტემბერი, 2025 წელი; საქმე №ას-1072-2022, 9 ნოემბერი, 2022 წელი). საარსებო მინიმუმში არ შედის სხვა მრავალი ხარჯი, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. სასამართლოს მიერ ალიმენტის გადახდევინება კი, როგორც უკვე აღინიშნა, მიზნად ისახავს ბავშვისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა ან მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში ექნებოდა (იხ. სუსგ საქმე №ას-623-2025, 18 სექტემბერი, 2025 წელი).
29. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხე წარმოადგენს შრომისუნარიან ადამიანს. სასამართლომ სათანადო ფორმის დაუცველობის გამო, არ გაიზიარა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცალკეული ცნობა, რომლებიც წარმოდგენილია აშშ-დან, ამასთან, სასამართლოს შეფასებით, ესეც კი არ მიუთითებდა მოპასუხის ხანგრძლივ შრომისუუნარობაზე. ამის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პრეტენზია არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული.
30. საკასაციო პალატა ასევე დამატებით უთითებს, რომ მ.ბ–ი უკვე სრულწლოვანი პირია, რაც ასევე გავლენას ახდენს მამის მიერ გადასახდელი ალიმენტის საერთო ოდენობაზე.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლებისა და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობისა და მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრა თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 600-600 ლარი.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მეორე კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 630 ლარის 70% – 441 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ქ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ლ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
3. კასატორი ნ.ქ–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. კასატორს ლ.ბ–ს დაუბრუნდეს ნ. ჩ–ის მიერ (პ/ნ: ........) 2026 წლის 03 თებერვალს №6554 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 630 ლარის 70% – 441 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე