დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-590-2026 10 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ბ.პ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჩ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
არასრულწლოვანი - დ.პ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 04 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.ჩ–მა (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ბ.პ–ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ, 2018 წლის 18 ივლისს დაბადებული დ.პ–ის (შემდეგში - ბავშვი ან არასრულწლოვანი) სასარგებლოდ, სოციალური პაკეტის ფარგლებში დარიცხული 4500 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მოსარჩელეს ნაწილობრივ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვნის მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და მკურნალობის მიზნით დროებით საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის თანხმობაზე გაცემის ნაწილში.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით:
3.1.სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანის სოციალური პაკეტის თანხა - 4500 ლარი;
3.2.შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანის მიმართ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და დროებით (რაც არ უკავშირდება არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებლად დარჩენას) საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის თანხმობაზე გაცემის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების შეუზღუდავად; შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს მიეცა უფლება მოპასუხის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი გაიყვანოს საქართველოს საზღვრებს გარეთ დროებით, მკურნალობის დიაგნოსტირებისათვის ან/და სპეციალისტის კონსულტაციის მიზნით, საქართველოში ბავშვის დაბრუნების ვალდებულებით; შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში, მოსარჩელეს მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყნის დასახელების (სადაც არასრულწლოვანი მიემგზავრება), ყოფნის ვადების (როდის მიემგზავრება/როდის ბრუნდება) საცხოვრებელი მისამართის (ადგილსამყოფელის ზუსტი კოორდინატების) შესახებ - მობილურ ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გზით (ინფორმაცია მიეწოდოს მოსარჩელის ელექტრონულ ფოსტაზე, მესენჯერში, ვაიბერში, სკაიპში, სმს შეტყობინებებში) ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
4. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც მოპასუხისათვის არასრულწლოვანის სოციალური პაკეტის თანხის 4500 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 04 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. რაკი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მხოლოდ მოპასუხემ გაასაჩივრა მისთვის არასრულწლოვანის სოციალური პაკეტის თანხის 4500 ლარის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების მხოლოდ ამ ნაწილის კანონიერება შეამოწმა და დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.მხარეებს ორი შვილი ჰყავთ: ნ.პ–ი - დაბადებული 07.08.2012წ. და დ.პ–ი - დაბადებული 18.07.2018წ.;
6.2.საქმის განხილვის დროისათვის მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათი საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან. ბავშვებზე ზედამხედველობას დედა ახორციელებს;
6.3. ბავშვებს მამასთან კარგი ურთიერთობა აქვთ და მასთან ხშირად რჩებიან. მამასთან ყოფნის დროს შვილებზე ზედამხედველობას მამა ახორციელებს;
6.4.არასრულწლოვანი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვია, მისი დიაგნოზი - 081.1 სპასტიური ჰემიპლეგია, საჭიროებს სხვა პირის მუდმივ დახმარებას;
6.5.2023 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით არასრულწლოვანს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის სტატუსით დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი, რომელიც ირიცხება მოპასუხის - მამის სახელზე;
6.6. არასრულწლოვანი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის 2024 წლის ოქტომბრის თვის მონაცემების თანახმად, რეგისტრირებულია როგორც სოციალური პაკეტის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი) მიმღები პირი. 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით სოციალური პაკეტის ოდენობა წლების მიხედვით შეადგენს: 2022 წელი - 275 ლარი, 2023 წელი - 340 ლარი, 2024 წელი - 390 ლარი;
6.7.2023 წლის მარტიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში არასრულწლოვნისთვის განკუთვნილი სოციალური პაკეტით განსაზღვრული თანხა ირიცხებოდა მოპასუხე მამის საბანკო ანგარიშზე, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ამ უკანასკნელისთვის;
6.8.2024 წლის აპრილის თვიდან, არასრულწლოვნისთვის განკუთვნილ სოციალური პაკეტის თანხას მოსარჩელე დედა განკარგავს;
6.9.11.04.2023 წლიდან თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია გორის რაიონული სასამართლოს მიერ 07.02.2023 წელს გაცემული 2/849-21 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით მოპასუხე მამას შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის 175-175 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან, მათ სრულწლოვანებამდე. დავალიანება აღსრულების საფასურის ჩათვლით შეადგენს 2248.07 ლარს; თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2025 წლის 24 ნოემბრის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე (2/849-21 სააღსრულებო ფურცელი) თანხა ჩარიცხული არ არის. მიმდინარე დავალიანება, აღსრულების საფასურის ჩათვლით, შეადგენს 12734.07 ლარს;
7. სააპელაციო პალატამ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1199-ე მუხლებით, ასევე, „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ და ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონით.
8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, 2023 წლის მარტიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხა აპელანტის საბანკო ანგარიშზე ირიცხებოდა და მასვე ჰქონდა თანხის განკარგვის შესაძლებლობა.
9. თავის მხრივ, სადავო თანხა სოციალური პაკეტის თანხას წარმოადგენს, რომელსაც სახელმწიფო შშმ სტატუსის მქონე პირთა სასარგებლოდ გასცემს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
10. შესაბამისად, სოციალური პაკეტის თანხის გათანაბრება მშობლის საკუთარი შვილის სასარგებლოდ გაღებულ თუ გასაღებ ხარჯებთან დაუშვებელია, რამდენადაც გასაცემელი დამოუკიდებელი, დამატებითი რესურსი და დახმარებაა ამ სტატუსის მქონე პირთათვის სპეციალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
11. სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხის ერთი ან მეორე მშობლის შეხედულებისამებრ გამოყენება, არ ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, მაშინ როდესაც გასაცემელი პირდაპირ უნდა მოხმარდეს სოციალური პაკეტის მიმღებს, როგორც მშობლების მიერ გასაღებ ხარჯებზე დამატებითი რესურსი.
12. აპელანტის განმარტება, რომ არასრულწლოვანთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ის უზრუნველყოფს და შესაბამისად, სადავო თანხის მეორე მშობლისათვის გადაცემა არ ემსახურება ბავშვის ინტერესს, პალატამ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ 2023 წლის მარტიდან 2024 წლის აპრილამდე დარიცხული სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხა უნდა მოხმარებოდა არასრულწლოვანის სპეციალურ საჭიროებებს, რომლის მტკიცების ტვირთი ეკისრება თანხის მიმღებს - აპელანტს. საქმის მასალებით კი, არ დგინდება, რომ ამ სადავო პერიოდში (2023 წლის მარტიდან 2024 წლის აპრილამდე) მოპასუხე უზრუნველყოფდა შვილის საჭიროებებს, რაც დაკავშირებული იქნებოდა არასრულწლოვანის მკურნალობისათვის გასაწევ ხარჯებთან.
13. აქვე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2025 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხის საალიმენტო დავალიანება შეადგენს 12 734.07 ლარს (აღსრულების საფასურის ჩათვლით).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიჩნია მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხე აპელანტმა.
16. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სოციალური პაკეტი განკუთვნილია ბავშვის საჭიროებებისათვის. ბავშვის საჭიროებებს მამა უზრუნველყოფს, რის გამოც, სოციალური პაკეტის დედის სასარგებლოდ გამოყენება არასწორია. კასატორს არასწორად მიაჩნია საკითხის იმგვარად გადაწყვეტა, რომ ვინაიდან ბავშვი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის სტატუსით დანიშნული აქვს სოციალური დახმარება და იმყოფება დედასთან თანხა უნდა გადაეცეს დედას. კასატორს მიაჩნია, რომ თანხა იმ მშობელს უნდა გადაეცეს, რომელიც აკმაყოფილებს ბავშვს ყველა საჭიროებას. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის და თერაპიის ამსახველი ცნობებითა და ქვითრებით, პირადი მიმოწერით დასტურდება, რომ კასტორი ჩართულია ბავშვის მკურნალობაში, მკურნალობის მეთოდებისა და ექიმების მოძიება ხდება კასატორის მიერ. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის სტატუსით დანიშნულ თანხას არავითარ შემთხვევაში არ მოიხმარს მამამ, ხოლო დედის მხრიდან ბავშვის საჭიროებების უგულვებელყოფის შესაძლებლობის დაშვება მაღალია. ხშირად კასატორი მარტო დადის ექიმებთან და თუკი დედა ხელოვნურ ბარიერებს შექმნის, ცდილობს ვიდეო ვიზიტით ჩართოს ბავშვი.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
19. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).
20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვნისთვის სოციალური დახმარების ფარგლებში დარიცხული თანხის - 4500 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების კანონიერება.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შვილის (არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო) აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს შვილისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს.
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
24. ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
25. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.
26. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
27. საკასაციო პალატისათვის საყურადღებოა მოცემულ დავაზე გამოკვეთილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
28. ბავშვი სპეციალური საჭიროების მქონეა - მისი დიაგნოზი - სპასტიური ჰემიპლეგია, სხვა პირის მუდმივ დახმარებას საჭიროებს. მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ხოლო ბავშვები დედასთან ერთად ცხოვრობენ. მართალია, ბავშვებს მამასთან კარგი ურთიერთობა აქვთ, მასთან რჩებიან, რა დროსაც, მათზე მამა ახორციელებს ზედამხედველობას, თუმცა, ბავშვების ძირითადი ადგილსამყოფელი დედასთანაა.
29. ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის სტატუსით დანიშნული აქვს სოციალური დახმარება, რომელიც 2023 წლის მარტიდან 2024 წლის აპრილამდე ხელმისაწვდომი მხოლოდ მამისთვის იყო.
30. დადგენილია, ისიც, რომ მამას შვილების სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ალიმენტის თანხა, ამასთანავე, ერიცხება დავალიანება რომელიც აღსრულების საფასურის ჩათვლით, შეადგენს 12734.07 ლარს.
31. მოსარჩელის მოთხოვნას საფუძველად ის გარემოება დაედო, რომ ბავშვისთვის დანიშნული სოციალური დახმარების თანხას სადავო პერიოდში იღებდა მამა და არ ახმარდა ბავშვს. გარდა ამისა, მოპასუხე არც დაკისრებულ ალიმენტს იხდის და ნებაყოფლობით არ ასრულებს დაკისრებულ საალიმენტო მოვალეობებს. თავად ბავშვი არის სპეციალური საჭიროებების მქონე, ცხოვრობს დედასთან და მუდმივად ესაჭიროება მხარდაჭერა.
32. ზემომითითებული გარემოებების ერთობლიობით და ასევე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა იმის დამადატურებელი მტკიცებულებები, რომ 2023 წლის მარტიდან 2024 წლის აპრილამდე დარიცხული სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხა სრულად მოხმარდა არასრულწლოვანის სპეციალურ საჭიროებებს, რისი მტკიცების ვალდებულება სწორედ მას ეკისრებოდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ კანონიერია და კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ.პ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ბ.პ–ს (პ/ნ: .........) დაუბრუნდეს ი.ბ–ძის მიერ 11.05.2026წ. №46453682185 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე