დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-719-2026 14 სექტემბერი, 2026 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ.ხ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ხ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ხ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და ზ.ხ–ს (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) აეკრძალა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 12,92 კვ.მ სარდაფით სარგებლობაში ხელშეშლა, კერძოდ, მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 12,92 კვ.მ. (ს.კ. ..........) სარდაფის შესასვლელთან მდებარე 10,20 კვ.მ. ფართში ავტომანქანის გაჩერება (დაპარკინგება).
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ქ.თბილისში, ........ არსებული ავტოსადგომები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში არ არის. ყველა მათგანი ინდივიდუალური საკუთრების საგანია;
2.2. მოსარჩელის სარგებლობაშია ..........N72ა-ში მდებარე 1 ავტოფარეხი;
2.3. მოპასუხის საკუთრებასა და სარგებლობაშია ქ.თბილისში, ......... N72ა-ში, N......... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული ავტოსადგომი N6;
2.4. მხარეთა სარგებლობაში არსებული ავტოფარეხები მომიჯნავედ მდებარეობს;
2.5. ამასთან, მოსარჩელის საკუთრებადაა რეგისტრირებული ზემომითითებულ მისამართზე მდებარე N73ა ბინა, საკადასტრო კოდით: N........ და ორი სარდაფი საკადასტრო კოდებით: N.......... და N...........
3. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხეების: ზ.ხ–ისა და ნ.ლ–ის (მოცემულ საქმეზე მეორე მოპასუხედ მითითებული პირი, რომლის ნაწილშიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დარჩა განუხილველი) მიმართ, ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე აპელანტმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა ავტომანქანის გაჩერების აკრძალვა მის მფლობელობაში არსებულ ფართში - 10,20 კვ.მ. ფართობზე, რომელიც მისი 12,92 კვ.მ. სარდაფის შესასვლელია.
4. აპელანტმა განმარტა, რომ მოპასუხე, ავტომანქანის გაჩერებით, უკეტავს მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული სარდაფის (12,92 კვ.მ.) შესასვლელს. აპელანტის მითითებული პოზიცია მოწინააღმდეგე მხარემ უარყო და განმარტა, რომ ავტომანქანას აჩერებს N14 ფართთან, რომელზეც საკუთრების უფლება მის სახელზეა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში (იხ., სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პ. 6.4; 6.4.1);
5. სააპელაციო პალატამ იმსჯელა აპელანტის მოთხოვნაზე მოპასუხემ ავტომანქანა აღარ გააჩეროს იქ, სადაც აჩერებს, კერძოდ, N14 ავტოსადგომთან - 12,92 კვ.მ. ფართის მქონე სარდაფის შესასვლელთან და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის ქმედება, კერძოდ, მის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 12,92 კვ.მ. ფართობის მქონე სარდაფის შესასვლელთან მდებარე 10,20 კვ.მ. ფართში ავტომანქანის გაჩერება ხელყოფს მოსარჩელის უფლებას, კერძოდ, საჯარო რეესტრიდან 2020 წლის 27 ოქტომბრის ამონაწერით დადგენილია, რომ 12,92 კვ.მ. ფართის მქონე სარდაფი რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. ამონაწერში სარდაფის ნომერი მითითებული არ არის (ტ.1, ს.ფ. 95). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ.გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, ფიქსირდება 2020 წლის 27 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერი, რომლის მიხედვით, 12,92 კვ.მ. ფართის მქონე სარდაფის (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, .......... ქუჩა N72ა, ს.კ:............) მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელე.
6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი–მ“ 2020 წლის 21 სექტემბრის კრებით დაადგინა შემდეგი: გაუქმდეს იბა ,,ი. 7/9“-ის მიერ 2008 წლის 17 სექტემბრის №37 კრების ოქმის მე-14 პუნქტი, რომლითაც №14 ავტოსადგომი (15 კვ.მ.; ს.კ. ...........) გადაეცა ზ.ხ–ს. ამხანაგობა ი–ოს 2020 წლის აგვისტოს კრების ოქმის საფუძველზე 10,20 კვ.მ. ფართის სარდაფი (დამხმარე ფართი) გადაეცეს ამხანაგობის წევრ მ.ხ–ს ინდ. საკუთრებაში, საჯარო რეესტრში შემდგომი რეგისტრაციის მიზნით. ოქმში აღნიშნულია, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა „ი–ო 7/9“-ის მიერ 2008 წლის 17 სექტემბრს მიღებულ №37 კრების ოქმში აღმოჩნდა ტექნიკური ხარვეზი, რის საფუძველზე გახდა საჭირო ახალი კრების მოწვევა, ამ ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით, რომელიც გულისხმობდა, რომ აღნიშნული ავტოფარეხი №14 (15კვ.მ) (ს.კ:..........), ხელს უშლიდა თავისი ადგილმდებარეობითა და ფართის ოდენობით დანარჩენ გვერდით მდებარე ავტოსადგომებს; 2009 წლის 24 აპრილის №39 კრების ოქმით ეს ტექნიკური შეცდომა აღმოიფხვრა, კერძოდ: ვინაიდან №14 ავტოსადგომი გამოუსადეგარი იყო ავტოსადგომად, ამიტომ ამხანაგობის წევრი ზ.ხ–ი გადაბარგდა №2 სარდაფში, რომელიც თავისუფალი (გაუქმებული) იყო და არავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არ ირიცხებოდა. ამის გამო, დადგინდა, რომ 2008 წლის 17 სექტემბრის №37 კრების ოქმის მე-14 პუნქტი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან აღნიშნული ფართიდან (ავტოსადგომი №14 (15კვ.მ.) ამხანაგობის წევრი ზ.ხ–ი გადაბარგდა №2 სარდაფში (14.5კვ.მ.), ანუ ამ ავტოსადგომის ნაცვლად მან დაიკავა №2 სარდაფი., ამდენად, ამხანაგობამ იმსჯელა, რომ №14 ავტოფარეხი ვერ გამოდგება ავტოფარეხად და იგი უნდა იქნეს გამოყენებული დამხმარე ფართად - სარდაფად, რომლის კვადრატულობაც რეალურად 10,20 კვ.მ.-ია (იხ. თანდართული ნახაზი). შესაბამისად, მას დარჩება ნომერაცია №14 და იმავე ამხანაგობა ბმა „ი–ომ“ 2020 წლის აგვისტოს კრების ოქმის საფუძველზე, იმსჯელა იმავე ამხანაგობის წევრ მ.ხ–ის ინდ. საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით (ს.ფ. 98-99).
7. ამასთან, ბინათმესაკუთრება ამხანაგობა ,,ი–ოს“ 2020 წლის 29 ივლისის კრების ოქმში მითითებულია, რომ: ამხანაგობა ,,ი–ომ“ იმსჯელა, რომ ავტოსადგომი N14, რომელიც დღეის მდგომარეობით გაუქმებულია, რადგან აღნიშნული ფართის გადანაწილება N2 სარდაფში მოხდა, რომელიც გაუქმებული იყო, ამიტომ დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ფართი 10,20 კვ.მ. არის თავისუფალ მდგომარეობაში და არის ბმა ,,ი–ოს“ საკუთრება; ბმა ,,ი–ო“ თანახმაა, აღნიშნული ფართი - სარდაფი - დამხმარე ფართი 10.20 კვ.მ. ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცეს მ.ხ–ს (ტ.1. ს.ფ. 103-106).
8. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას რომ N14 ავტოსადგომი მის საკუთრებადაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, 2008 წლის 31 ოქტომბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ქ.თბილისში, ი–ოს ქუჩა N7-9, ........ ქუჩა N1-ში მდებარე N14 ავტოსადგომი, 15.00 კვ.მ., ს.კ:......... , რეგისტრირებულია მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებად (ტ.1. ს.ფ. 119). ეს მისამართი კი, არ არის შესაბამისობაში თბილისი მერაბ კოსტავას ქუჩა N72-თან, რომელი მისამართიც საჯარო რეესტრის 2016 წლის 30 ივლისის ამონაწერში მითითებულია მოწინააღმდეგე მხარის N6 ავტოსადგომის, ასევე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 12,92 კვ.მ. სარდაფის მისამართად, რაც მოცემულ დავაში არსებითი მნიშვნელობისაა. აქვე, საგულისხმოდ ის გარემოება იქნა მიჩნეული, რომ ქრონოლოგიურად, საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული ამონაწერის თარიღის (31/10/2008) შემდგომ პერიოდში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი–ოს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კერძოდ, 2020 წლის 21 სექტემბრის კრების ოქმი, რომლის თანახმად, კრებამ დაადგინა, რომ გაუქმდეს ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ი–ო 7/9“-ის მიერ 2008 წლის 17 სექტემბრის №37 კრების ოქმის მე-14 პუნქტი, რომლითაც №14 ავტოსადგომი (15 კვ.მ.; ს.კ. .......) გადაეცა ამხანაგობის წევრ ზ.ხ–ს.
9. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ როგორც ეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი–ოს“ 2020 წლის 21 სექტემბრის კრების ოქმით დადგინდა, გაუქმდა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ი–ო 7/9“-ის მიერ 2008 წლის 17 სექტემბრის №37 კრების ოქმის მე-14 პუნქტი, რომლითაც №14 ავტოსადგომი (15 კვ.მ.; ს.კ. .........) გადაეცა ამხანაგობის წევრ ზ.ხ–ს, ხოლო 2020 წლის აგვისტოს კრების ოქმის საფუძველზე კი, 10,20 კვ.მ. ფართის სარდაფი (დამხმარე ფართი) გადაეცა მ.ხ–ს ინდ. საკუთრებაში, საჯარო რეესტრში შემდგომი რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, როგორც ეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი–ოს“ 2020 წლის 21 სექტემბრის კრების ოქმით ირკვევა, №14 ავტოფარეხი არ უნდა დარჩეს ავტოფარეხის სტატუსად რამდენადაც ავტოფარეხად ვერ გამოდგება და გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ფართად - სარდაფად, რომლის კვადრატულობა რეალურად 10,20 კვ.მ-ს შეადგენს.
10. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ N14 ავტოსადგომი მოპასუხის საკუთრება არ არის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 170-ე და 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე წარმატებულს ხდის მოსარჩელის მოთხოვნას - მოპასუხეს ხელშეშლის აღკვეთის მიზნით აეკრძალოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 12,92 კვ.მ. სარდაფით სარგებლობაში ხელშეშლა, კერძოდ, აეკრძალოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 12,92 კვ.მ. სარდაფის შესასვლელთან მდებარე 10,20 კვ.მ. ფართში (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სართულის გეგმა - 3.30 ნიშნულზე N14-ად მონიშნული ფართი, ს.ფ.80) ავტომანქანის გაჩერება (დაპარკინგება).
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და სარჩელის უარყოფა მოითხოვა .
12. კასატორი აცხადებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, რადგანაც, მანქანას არ აჩერებს მოსარჩელის ტერიტორიაზე. კასატორი ავტომანაქანას აჩერებს მხოლოდ მისივე კუთვნილ საპარკინგე ადგილზე. სასამართლოს არ შეუფასებია, ის გარემოება, რომ ერთმანეთის მომიჯნავედ არის კასატორის საპარკინგე ადგილი და მოსარჩელის სარდაფი (იხ., საკასაციო საჩივარი, ტ..2.).
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
17. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა სსკ-ის 172.2 (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლიდან გამომდინარეობს.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო, ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. ნეგატორული სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (შდრ: სუსგ №ას-517-2020, 30 მაისი, 2022 წელი).
19. განსახილველი შემთხვევაში, საკასაციო პალატისათვის საგულისხმოა საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
20. - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი–ოს“ 2020 წლის 21 სექტემბრის კრების ოქმით დადგინდა, გაუქმდეს ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ი–ო 7/9“-ის მიერ 2008 წლის 17 სექტემბრის №37 კრების ოქმის მე-14 პუნქტი, რომლითაც №14 ავტოსადგომი (15 კვ.მ.; ს.კ. ..........) გადაეცა ამხანაგობის წევრ მოპასუხეს.
21. - ამხანაგობა ი–ოს 2020 წლის აგვისტოს კრების ოქმის საფუძველზე 10,20 კვ.მ. ფართის სარდაფი (დამხმარე ფართი) გადაეცა ამხანაგობის წევრ მოსარჩელეს ინდ. საკუთრებაში, საჯარო რეესტრში შემდგომი რეგისტრაციის მიზნით.
22. - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ი–ოს“ 2020 წლის 21 სექტემბრის კრების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ №14 ავტოფარეხი არ უნდა დარჩეს ავტოფარეხის სტატუსად, რამდენადაც ვერ გამოდგება ავტოფარეხად და გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ფართად - სარდაფად, რომლის ფართობი რეალურად 10,20 კვ.მ.-ია.
23. ზემოდადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო პალატისთვის საკმარისია დასკვნისთვის, რომ N14 ავტოსადგომი მოპასუხის საკუთრება არ არის. აღნიშნულის საპირისპიროდ ვერც კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
24. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორ დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ზ.ხ–ს (პ.ნ: .......) დაუბრუნდეს 01.05.2026წ. საგადახდო დავალებით N46250463786 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე