შეწყდა

სამოქალაქო 04.09.2026
საქმის ნომერი
ა-2968-ა-9-2024
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
04.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ა-2968-ა-9-2024 04 სექტემბერი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ნ.პ.

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ბ–ნი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინება

განმცხადებლების მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით ნ.პ–ის (შემდეგში - მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი ან განმცხადებელი) წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ა.ბ–ნმა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) შეიტანა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და დადგინდა მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა.

3. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოცემული დავა არაერთხელ განიხილეს. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, სასამართლო სხდომაზე ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 25 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

6. ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 70.3 მუხლის შესაბამისად მოპასუხეს პირადად ჩაჰბარდა. ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.

7. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა.

8. მოგვიანებით, მოპასუხემ საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება მოითხოვა.

- განმცხადებლის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია ის გარემოება, რომ განსაზღვრულ ვადაში მან სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა, კერძოდ, საქართველოს ბანკის მეშვეობით ხაზინაში თანხა ჩარიცხა, რითაც სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი სრულად აღმოიფხვრა. თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში ფიზიკურად წარუდგენლობა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ, ბანკის თანამშრომლის განმარტებით, ზემომითითებული ჩარიცხვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ავტომატურად აისახებოდა და სასამართლოში ქვითრის წარდგენა საჭირო აღარ იყო.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განჩინებით განცხადება დასაშვებად იქნა მიჩნეული და სასამართლომ განსახილველად მიიღო.

10. კანონით დადგენილი წესით განცხადების ავტორს საკასაციო სასამართლოს მიერ გაეგზავნა დოკუმენტები (მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი მოსაზრება, შეტყობინება). დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვეოდა, რომ იგი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა, ხოლო ჩაუბარებლობის მიზეზად ადრესატის გარდაცვალებაზე მიეთითა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა განმცხადებლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

2026 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საკასაციო სასამართლოს წერილობით მომართა, რომლითაც დგინდება, რომ განმცხადებელი გარდაცვლილია და მისი გარდაცვალების თარიღია - 2024 წლის 15 ოქტომბერი, რის შესახებაც ხსენებული სამსახურის მიერ რეგისტრირებულია გარდაცვალების აქტის ჩანაწერი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისთვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისთვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 272-ე მუხლის ,,ე“’ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

14. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2026 წლის 11 აგვისტოს წერილით დგინდება, რომ განმცხადებლის გარდაცვალების თარიღია - 2024 წლის 15 ოქტომბერი.

15. საკითხის სრულყოფის მიზნით საკასაციო პალატა მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე (იხ. სუსგ.: №ას-884-2020, 24.09.2021; №ას-835-2019, 19.07.2019).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავის საგნის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი წესები გამორიცხავს დავის საგნის არსებობას (მაგ: ვალდებულების შეწყვეტის წესები, იხ. სკ-ის 427-ე და შემდგომი ნორმები) (სუსგ. №ას-1299-2018, 29.11.2019).

17. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოცემულ საქმეში დავის საგნის სპეციფიკაზე, კერძოდ, წინამდებარე დავაში სასამართლოს განსახილველია მოპასუხისგან უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. პალატის მოსაზრებით, მოპასუხის გარდაცვალების პირობებში, შეუძლებელია მის მიმართ ვინდიკაციური ხასიათის მოთხოვნის რეალიზაცია, ამდენად, საქმეში აღარ არსებობს დავის საგანი.

18. განსახილველ საქმეზე შესაძლო უფლებამონაცვლეობის საკითხთან მიმართებით პალატა შემდეგზე მიუთითებს: მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვდა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, რაც თავისთავად გულისხმობს ისეთი ხასიათის ვალდებულებას, რომელსაც სხვა პირი, გარდა მოთხოვნის ადრესატისა, ვერ შეასრულებს. აქედან გამომდინარე, რადგან მოპასუხე გარდაიცვალა და, ამდენად მის მიმართ წაყენებული მოთხოვნის შესრულება სხვა პირის მიერ შეუძლებელია, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

19. სსსკ-ის 273.1 მუხლის მიხედვით, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლებით, 372-ე, 399-ე, 273-ე, 272-ე მუხლის ,,ა1'' და „ე“ ქვეპუნქტებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ.პ–ის განცხადებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია