დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-932-2026 16 სექტემბერი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე დ. (მ.) ჩ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე – შპს „პ–ის“ სარჩელის გამო, დ. (მ.) ჩ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
დ. (მ.) ჩ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. (მ.) ჩ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება არ მოუთხოვია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ სააპელაციო საჩივრის ფორმაში მონიშნულია, რომ მხარე არ ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, მისი ოდენობის შემცირებას ან გადავადებას).
ამასთან, სადავო არ არის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1 530 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში, პალატას დასაბუთებული საკასაციო საჩივრით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ კასატორი უმუშევარია და არ აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა.
2026 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. დ. (მ.) ჩ–ს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადა და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 1 530 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
2026 წლის 18 აგვისტოს, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა დ. (მ.) ჩ–მა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, იმაზე მითითებით, რომ არ არის დასაქმებული და არ აქვს მუდმივი და სტაბილური შემოსავალი, რაც მას ამ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას მისცემდა.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 2026 წლის 31 აგვისტოს განჩინებით კიდევ ერთხელ, 5 დღით გაგრძელდა. აღნიშნული განჩინებით, დ. (მ.) ჩ–ს დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო ასეთი მტკიცებულებების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში - სახელმწიფო ბაჟის, 1 530 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
განსაზღვრულ ვადაში პალატას კვლავ მომართა კასატორმა და, მიუხედავად სასამართლოს მიერ 2026 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მიცემული მითითებისა, მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. კასატორმა კვლავ იმავე გარემოებებზე მიუთითა, კერძოდ, აღნიშნა, რომ არ არის დასაქმებული და არ აქვს მუდმივი და სტაბილური შემოსავალი, რაც მას ამ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას მისცემდა, და აღნიშნულზე დაყრდნობით კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
საკასაციო პალატა კასატორის შუამდგომლობას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ან შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სამართლებრივ მექანიზმს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, კონკრეტული საქმისა და მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეამსუბუქოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება არ წარმოადგენს უპირობო უფლებას. შესაბამისი შეღავათის გამოყენება დაკავშირებულია კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობასთან და, უპირველესად, მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებასთან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამტკიცების ვალდებულება ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ამ გარემოებებზე მიუთითებს. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირების ან გადახდის გადავადების მოთხოვნის შემთხვევაში, სწორედ შუამდგომლობის ავტორმა უნდა წარუდგინოს სასამართლოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურად ასახავს მის ქონებრივ მდგომარეობას და სასამართლოს შეუქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ ბაჟის გადახდა მისთვის რეალურად შეუძლებელია.
სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება, თავის მხრივ, არ არის აბსოლუტური. იგი შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ შეზღუდვებს, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვისას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას. აღნიშნული შეზღუდვა თავისთავად არ ეწინააღმდეგება არც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით და არც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, თუ იგი ემსახურება კანონიერ მიზანს, არის გონივრული და დაცულია სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, პირის სასამართლოსთვის მიმართვის უფლებასა და, მეორე მხრივ, მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების საჯარო ინტერესს შორის. სწორედ ამ ბალანსის უზრუნველსაყოფად ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობას. თუმცა, აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმების არსებობა არ ნიშნავს, რომ მხარე შეიძლება გათავისუფლდეს კანონით დადგენილი საპროცესო ვალდებულების შესრულებისაგან მხოლოდ მისი ზოგადი განმარტების საფუძველზე. შეღავათის გამოყენებისათვის აუცილებელია კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობა და მათი სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება.
განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული საკითხი უკვე იყო სასამართლოს შეფასების საგანი. კერძოდ, 2026 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, სასამართლომ კასატორს დეტალურად განუმარტა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის საჭირო წინაპირობები და მიუთითა, რომ მის მიერ წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომლის თანახმადაც, შესაბამის პერიოდში კასატორს დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება, თავისთავად არ იყო საკმარისი მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად. ამასთან, კასატორს მიეცა დამატებითი შესაძლებლობა, სასამართლოსთვის წარედგინა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ხოლო ასეთი მტკიცებულებების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
მიუხედავად აღნიშნულისა, განსაზღვრულ ვადაში კასატორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები და არც სახელმწიფო ბაჟის - 1 530 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. მან კვლავ მხოლოდ იმავე გარემოებებზე მიუთითა, კერძოდ, აღნიშნა, რომ არ არის დასაქმებული და არ აქვს მუდმივი და სტაბილური შემოსავალი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის უმუშევრობა ან მის მიერ მუდმივი შემოსავლის არქონა შეიძლება წარმოადგენდეს ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას მხედველობაში მისაღებ გარემოებას, თუმცა აღნიშნული გარემოებები თავისთავად არ ადასტურებს პირის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას და მით უფრო, არ ადასტურებს იმას, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნია. ამის დასადასტურებლად აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემს, შეაფასოს პირის სრული ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა. ამ თვალსაზრისით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც კონკრეტულ პერიოდში კასატორის მიერ დასაბეგრი შემოსავლის მიღება არ დასტურდება, ასახავს მხოლოდ ერთ კონკრეტულ გარემოებას და ვერ იძლევა პირის სრული ფინანსური მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობას. აღნიშნული ცნობა არ გამორიცხავს პირის საკუთრებაში ფულადი სახსრების, უძრავი ან მოძრავი ქონების, საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების, სხვა აქტივების ან ფინანსური რესურსების არსებობას. შესაბამისად, მხოლოდ დასაბეგრი შემოსავლის არარსებობა არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ პირი მოკლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას.
ამასთან, კასატორს, სასამართლოს მიერ დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად, არ წარმოუდგენია სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურად და სრულყოფილად ასახავდა მის ქონებრივ მდგომარეობას. კერძოდ, მას არ წარმოუდგენია ინფორმაცია მის სახელზე რეგისტრირებული ქონების, საბანკო ანგარიშების, ფულადი სახსრების, სხვა აქტივების ან იმგვარი ფინანსური ვალდებულებების შესახებ, რომლებიც, შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების შემთხვევაში, სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ობიექტურ შეუძლებლობაზე.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ კასატორის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში 2026 წლის 30 მარტს დარეგისტრირდა, ხოლო კასატორმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გადავადების შესახებ სასამართლოს 2026 წლის 9 სექტემბერს მომართა. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან გასულია 5 თვე და 10 დღე. აღნიშნულ პერიოდში კასატორს ჰქონდა გონივრული შესაძლებლობა, მოემზადებინა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საჭირო ფინანსური სახსრები ან, მძიმე ქონებრივი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში, დროულად მოეპოვებინა და სასამართლოსთვის წარედგინა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ კასატორს სასამართლომ უკვე რამდენჯერმე მისცა დამატებითი შესაძლებლობა ხარვეზის გამოსასწორებლად. თავდაპირველად მას განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად, შემდგომ, მისი შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული ვადა გაგრძელდა, ხოლო 2026 წლის 31 აგვისტოს განჩინებით კასატორს კვლავ მიეცა დამატებითი ვადა და კონკრეტულად განემარტა, თუ რა სახის მტკიცებულებების წარმოდგენა იყო საჭირო მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად. მიუხედავად ამისა, კასატორმა არც სასამართლოს მითითება შეასრულა და არც ახალი, დამატებითი მტკიცებულება წარმოადგინა.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს არა კასატორისთვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, არამედ კანონით დადგენილი საპროცესო ვალდებულების შესრულებისათვის მისთვის არაერთგზის მიცემულ შესაძლებლობათა გამოუყენებლობას. სასამართლოს მიერ ვადის გაგრძელების შესაძლებლობა ვერ განიმარტება ისე, რომ მხარეს შეუზღუდავად და განუსაზღვრელი ვადით შეეძლოს კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების გადადება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლომ უკვე შეაფასა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დამატებით განუმარტა, თუ რა გარემოებების დადასტურება იყო საჭირო.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება, მართალია, მოიცავს სასამართლოსთვის მიმართვის რეალურ და ეფექტიან შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური. სასამართლოს ხელმისაწვდომობის გარკვეული შეზღუდვა დასაშვებია, მათ შორის, სასამართლო ხარჯების, სახელმწიფო ბაჟისა და საპროცესო წესების დაწესების გზით, თუ ასეთი შეზღუდვა ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს და არ ზღუდავს პირის სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას იმგვარად, რომ თავად უფლების არსი შეილახოს.
ამავე დროს, ევროპული სასამართლოს პრაქტიკით აღიარებულია, რომ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებთან მიმართებით სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს უფრო მკაცრი საპროცესო მოთხოვნების დაწესების შესაძლებლობა, ვინაიდან ამ ეტაპზე საქმე უკვე განხილულია ქვემდგომ ინსტანციაში და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვას თავისი სპეციფიკური საპროცესო წინაპირობები გააჩნია. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდის ვალდებულება, რომელიც კანონითაა დადგენილი, თავისთავად ვერ ჩაითვლება სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევად.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპზე. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ვადების დაცვა აუცილებელია არა მხოლოდ სასამართლოსათვის, არამედ საქმის მონაწილე ყველა პირისთვის. ერთი მხარისათვის კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების ვადის უსაფუძვლოდ და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს როგორც საპროცესო ეკონომიის, ისე მხარეთა თანასწორობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს.
ყოველი საპროცესო უფლება, მათ შორის, სასამართლოსათვის მიმართვისა და შესაბამისი შეღავათის მოთხოვნის უფლება, უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორს ჰქონდა შესაძლებლობა, სასამართლოსთვის წარედგინა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. მას ასევე მიეცა ამისათვის დამატებითი ვადა და კონკრეტულად განემარტა, რომ მხოლოდ შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომელიც დასაბეგრი შემოსავლის არარსებობას ადასტურებდა, საკმარისი არ იყო. მიუხედავად ამისა, კასატორმა კვლავ იგივე გარემოებებზე მიუთითა და ახალი მტკიცებულებები არ წარმოადგინა.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ობიექტური შეუძლებლობა. შესაბამისად, არ არსებობს არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების და არც საპროცესო ვადის შემდგომი გაგრძელების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორს სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადა არაერთხელ გაუგრძელდა და მას მიეცა დამატებითი შესაძლებლობა, წარმოედგინა როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ისე მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, კასატორს დადგენილ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოუსწორებია, რის გამოც საკასაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე, 374-ე, 368-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. დ. (მ.) ჩ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე