დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 07.09.2026
საქმის ნომერი
ა-3221-შ-110-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
07.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-3221-შ-110-2026

7 სექტემბერი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ.ხ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ი

ბრძანება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს - კანადის, ონტარიოს ქ. ოტავას, მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს განყოფილების 2012 წლის 17 სექტემბრის №FC-10-1887 ბრძანება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. კანადის, ონტარიოს ქ. ოტავას, მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს განყოფილების 2012 წლის 17 სექტემბრის №FC-10-1887 ბრძანებით ვ.ხ–ძესა და ნ.მ–ის ქორწინება, რომელიც გაფორმდა საქართველოში 2003 წლის 8 მარტს, შეწყდა და განქორწინება ძალაში შევიდა წინამდებარე ბრძანების გაცემის თარიღიდან 31 დღის შემდეგ.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ.ხ–ძემ (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) და მოითხოვა კანადის, ონტარიოს ქ. ოტავას, მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს განყოფილების 2012 წლის 17 სექტემბრის №FC-10-1887 ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

3. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით კანადის, ონტარიოს ქ. ოტავას, მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს განყოფილების 2012 წლის 17 სექტემბრის №FC-10-1887 ბრძანებით სხვა საკითხებთან ერთად შეწყდა ქორწინება ვ.ხ–ძესა და ნ.მ–ს შორის. აღნიშნული ბრძანება აღსრულებულია კანადაში. შუამდგომლობის ავტორმა მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით, სადაც მოსთხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.

4. საცნობი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მხარეები ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს.

5. შუამდგომლობაზე დართული ცნობის თანახმად, განქორწინება ძალაშია 2012 წლის 18 ოქტომბრიდან.

6. შუამდგომლობაზე თანდართული მოქალაქის პირადობის მოწმობით ასევე ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ხ–ძის შუამდგომლობა კანადის, ონტარიოს ქ. ოტავას, მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს განყოფილების 2012 წლის 17 სექტემბრის №FC-10-1887 ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2 პუნქტით. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, სახეზე ხომ არ გვაქვს მოთხოვნის გამომრიცხავი კანონით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი).

10. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას კანადის, ონტარიოს ქ. ოტავას, მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს განყოფილების 2012 წლის 17 სექტემბრის №FC-10-1887 ბრძანება, რომლითაც ვ.ხ–ძესა და ნ.მ–ის ქორწინება, გაფორმებული საქართველოში 2003 წლის 8 მარტს, შეწყდა და განქორწინება ძალაში შევიდა წინამდებარე ბრძანების გაცემის თარიღიდან 31 დღის შემდეგ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.ხ–ძის შუამდგომლობა კანადის, ონტარიოს ქ. ოტავას, მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს განყოფილების 2012 წლის 17 სექტემბრის №FC-10-1887 ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას კანადის, ონტარიოს ქ. ოტავას, მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს განყოფილების 2012 წლის 17 სექტემბრის №FC-10-1887 ბრძანება, რომლითაც ვ.ხ–ძესა და ნ.მ–ის ქორწინება გაფორმებული საქართველოში 2003 წლის 8 მარტს, შეწყდა და განქორწინება ძალაში შევიდა წინამდებარე ბრძანების გაცემის თარიღიდან 31 დღის შემდეგ;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე