დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-380-2026
3 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.კ–ვა (მოსარჩელე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ჯ.კ–ვამ (შემდეგში: მოსარჩელე ან დამზღვევი) სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) წინააღმდეგ და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 66050 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს ს.კ.ჯ.ჰ–ს - ჯ.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა 26800 ლარის გადახდა. მოთხოვნის სხვა ნაწილში ჯ.კ–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სს ს.კ.ჯ.ჰ–ს - ჯ.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 804 ლარის გადახდა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. 2022 წლის 8 იანვარს ჯ.კ–ვასა და სს ს.კ.ჯ.ჰ–ს შორის გაფორმებული იქნა ავტომანქანის დაზღვევის პოლისი N319233/23. ხელშეკრულების თანახმად, დაზღვეული იქნა ჯ.კ–ვას საკუთრებაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება-სარეგისტრაციო ნომრით .......... ავტომობილის დაზღვევის პაკეტის ღირებულება განისაზღვრა 17 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა (ს.ფ. 22-30);
4.2.2. მხარეთა შორის დადებული შეთანხმების 1.16. ქვეპუნქტის თანახმად, ავტომობილი განადგურებულად (სრული ზარალი) ჩაითვლება, თუ ავტომობილი დაზიანებულია 70%-ზე მეტად (აღდგენის ღირებულება აჭარბებს საბაზრო ღირებულების 70%-ს) ან ავტომობილის ქურდობით გამოწვეული ზარალი (ს.ფ. 22- 30).
4.2.3. მხარეთა შორის დადებული შეთანხმების 5.1 ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზს. (5.3) სერვის მენეჯერის მისვლამდე დაუშვებელია სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის გადაადგილება (გარდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის მოთხოვნისა...); ხელშეკრულების მე-3 მუხლით ასევე გათვალისწინებული იქნა მესამე პირის მიმართ პასუხიმგებლობა (ს.ფ. 22-30).
4.2.4. შეთანხმების 3.5.1. ქვეპუნქტის თანახმად, მესამე პირის ქონების დაზიანებისას, პოლისში მითითებული ანაზღაურების ლიმიტის ფარგლებში ანაზღაურდება: თუ მესამე პირის ქონება მთლიანად განადგურდა - ქონების საბაზრო ღირებულებას გამოაკლდება ნარჩენების ღირებულება; თუ მესამე პირის ქონება არ არის სრულად განადგურებული, ანაზღაურდება სარემონტო ხარჯები, რაც საჭიროა დაზიანებული ქონების ზარალამდე არსებულ კონდიციამდე მისაყვანად (ს.ფ. 22-30).
4.2.5. 2024 წლის 22 თებერვალს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა თ.თ–ას, კ.ც–ას და ვ.თ–ძის კუთვნილი ავტომანქანები. გამოძიების მასალები გაიგზავნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოში. 2024 წლის 15 მაისის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების თანახმად, 2024 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათზე, თბილისი-სენაკილესელიძის საავტომობილო გზის 272-ე კილომეტრზე, ქალაქ აბაშაში, .......... ქუჩაზე, ქალაქ ზუგდიდის მიმართულებით ,,ბმვ"-ს მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით .......... მოძრაობისას მძღოლმა ჯ.კ–ვამ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 21.8 მუხლის მოთხოვნები, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას არ მოერიდა მოქმედებას, რომელიც არ არის დაკავშირებული მართვასთან, კერძოდ, ავტომანქანის მართვის პროცესში ცდილობდა ძირს დაგდებული ტელეფონის აღებას, რა დროსაც შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ „მიცუბიშის" მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით .........., რომელსაც მართავდა თ.თ–ა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გადაადგილდა და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ,,ფორდის" მარკის ავტომობილს (მიკროავტობუსი), სახელმწიფო ნომრით ........,, რომელსაც მართავდა კ.ც–ა და ,,მერსედესის" მარკის ავტომობილს (მიკროავტობუსი), სახელმწიფო ნომრით ......, რომელსაც მართავდა ვ.თ–ძე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ,,ფორდის" მარკის ავტომობილის მგზავრმა გ.გ–ამ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე N083220224801 შეწყდა გამოძიება პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის გამო. სისხლის სამართლის საქმის მასალები დამრღვევი მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილების მიზნით გადაეგზავნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. 2024 წლის 20 მაისის დადგენილების თანახმად, ჯ.კ–ვას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 125.10 მუხლის შესაბამისად (ს.ფ. 37—38).
4.2.6. სს ს.კ.ჯ.ჰ–მა ჯ.კ–ვას უარი განუცხადა, როგორც ავტომანქანის შეფასებაზე, ასევე სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, იმ საფუძლით, რომ ჯ.კ–ვას მხრიდან შემთხვევა გამოწვეული იყო უხეში გაუფრთხილებლობით.
4.2.7. მოსარჩელე ჯ.კ–ვას დაკვეთით შესრულებული შეფასების ანგარიშის (GP_8/124/1) თანახმად, ჯ.კ–ვას საკუთრებაში არსებული ავტომანქანის BMW XI 2016- ის ნარჩენი ღირებულება შეადგენს 16 000 ლარს. მოსარჩელე ჯ.კ–ვას დაკვეთით შესრულებული შეფასების ანგარიშის (GP-8/124/1) თანახმად, ჯ.კ–ვას საკუთრებაში არსებული ავტომანქანის BMW XI 2016-ის საბაზრო ღირებულება შეადგენს 42 800 ლარს (ს.ფ. 49-60).
4.2.8. სს სადაზღვევო კომპანიის 'ნიუ ვიჟენ დაზღვევა" 2024 წლის 28 მაისის წერილის თანახმად, ჯ.კ–ვას ეცნობა, რომ იგი იყო ზიანზე პასუხისმგებელი მესამე პირი და რომ სათანადო პირზე, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ, სადაზღვევო კომპანია მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებას 23 050 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ სს სადაზღვევო კომპანია ნიუ ვიჟენ დაზღვევამ ი.ნ–იას აუნაზღაურა ზიანი 23 050 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ავტომფლობელის მესამე პირთა მიმართ პასუხიმგებლობის დაზღვევაზე, რომლის 3.1. პუნქტის თანახმად, პოლისში მითითებული ანაზღაურების ლიმიტის ფარგლებში აუნაზღაურდებოდა თანხა, რომლის გადახდაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრებოდა ავტომფლობელს. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ჯ.კ–ვას დაეკისრა აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება, საქმეში წარმოდგენილი არ არის (ს.ფ. 33-36).
4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შესაფასებელი იყო სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის მართლზომიერება.
4.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ დავაში, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით გამოწვეული ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული.
4.5. პალატამ საგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი შედეგის გათვალისწინებით მძღოლის ქმედება შეაფასა არა უხეშ გაუფრთხილებლობად, არამედ მარტივ გაუფრთხილებლობად. აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მაგალითად მძღოლის მიერ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაშ მართვა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა, საგზაო უსაფრთხოების წესებით განზრახ დარღვევა ანდა აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დარღვევა და ა.შ. განსახილველ შემთხვევაში, მძღოლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მარტივ გაუფრთხილებლობას, რაც ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა.
4.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უხეში გაუფრთხილებლობა ვლინდება, როდესაც მძიმეა აუცილებელი წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმის დარღვევა. წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამდენად, მოსარჩელის მიერ დადასტურებულია იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც მომხდარ ავტო-საგზაო შემთხვევას დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევად დააკვალიფიცირებდა და, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე მზღვეველის ვალდებულებას წარმოშობდა.
4.7. ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით პალატა განმარტავს, რომ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიისა და საქმეზე არსებული გარემოებების/მტკიცებულებების (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნის) ანალიზის საფუძველზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, თავისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის/მასშტაბის გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად, რის გამოც სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნა მართლზომიერია, რამდენადაც, არ დადგინდა მხარეთა მიერ შეთანხმებით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევა - უხეში გაუფრთხილებლობა, დაზღვეული უფლებამოსილია მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება.
4.7. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, პალატას მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია ზიანის ოდენობად 26 800 ლარი, რადგან მოპასუხე ზიანის ოდენობას არსებითად არ შედავებია, შესაბამისად როგორც ამას პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შეფასების ანგარიშის (GP-8/124/1) სანდოობის თვალსაზრისით ეჭვის შეტანის წინაპირობები არ არსებობს.
5. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
5.2. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ქმედების მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასებას და მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოსარჩელის უხეშმა გაუფრთხილებლობამ.
5.3. კასატორი ასევე არ ეთანხმება, სასამართლოების მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელის კუთვნილ ავტომობილზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას - 26 800 ლარის დაკისრებას.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 აპრილის განჩინებით მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს/კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
10. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 820-821-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში); 829-ე (სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.); 839-ე (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.); 840-ე (ზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას.) მუხლები.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
12. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016 წ., გვ.3-4).
13. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.; N ას- 1044-2022, 17.10.20204წ.; N ას- 313-2024, 8.11.2024წ.; N ას-852-2024, 22.11.2020წ.; N ას-1038-2024, 11.10.2024წ.; N ას- 1324-2024, 13.12.2024წ.; N ას- 1202-2024, 13.12.2024წ.; N ას-24-2024, 26.12.2024წ.).
14. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სადაზღვევო კომპანიის მიერ, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღურებაზე უარის თქმის მართლზომიერება და ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
16. საქმის მასალების თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაზღვეულია მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სარეგისტრაციო ნომრით MD515DD. ავტომობილის დაზღვევის პაკეტის ღირებულებაა 17 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა. აღნიშნული ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევებში არ არის გათვალისწინებული.
17. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, შეაფასებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმადაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოსარჩელის უხეშმა გაუფრთხილებლობამ.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.
19. შესაბამისად, იმის დასადგენად, წარმოეშვა თუ არა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა დადგინდეს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული, ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება (შდრ: სუსგ №ას-535-511-2016 8.07.2016წ.; №ას-948-2023 10.10.2023წ.; №ას-438-2024 22.07.2024წ.;).
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა უხეში გაუფრთხილებლობა თუ მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ-ები: Nას-1181-2020, 28.01.2021წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.; №ას-948-2023 10.10.2023წ.; № ას-1058-2024, 5.02.2025წ.;).
21. სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ-ები №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.; №ას-422-2023, 9.11.2023წ.; №ას-213-2026 11.06.2026წ.;). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ.: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-1107-2021 28.12.2021წ.; №ას-499-2023, 7.06.2023წ.; №ას-799-2025, 18.07.2025წ.; №ას-213-2026 11.06.2026წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის დაუთმობლობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ.: სუსგ-ები №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).
22. სადაზღვევო ხელშეკრულებაში/პოლისში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას და თვითონვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (შეად. სუსგ-ებს: N ას-1147-1067-2017, 29.12.2017წ; N ას-618-618-2018, 16.11.2020წ.). ამდენად, დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განიმარტოს, იმგვარად, რომ მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება არ წახალისდეს და ამით საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ აღნიშნული ქმედება არ შეიძლება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდეს ვინაიდან უხეში გაუფრთხილებლობა მარტივი გაუფრთხილებლობისგან იმით განსხვავდება, რომ სამართალდამრღვევს კარგად აქვს გაცნობიერებული მართლწინააღმდეგობის ხარისხი, თუმცა იმედოვნებს არასასურველი შედეგების თავიდან აცილებას. ამ შემთხვევაში ნივთის ჩავარდნა იმ ადგილას, სადაც მძღოლს ხელი ეშლებოდა მოძრაობის გაგრძელებაში და მის ასაღებად წამიერად დახრა, ბრალის მაღალი ხარისხის მატარებელი არ არის. საქმის მასალებით არ დასტურდება ასევე, რომ მძღოლი მოძრაობდა არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით, საგზაო მოძრაობის წესების უსაფთხოების განზრახ დარღვევით ან აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების დარღვევის მაღალი ხარისხით. შესაბამისად, მოცემულ სადაზღვევო შემთხვევაში მძღოლის ქმედება ვერ შეფასდება უხეშ გაუფრთხილებლობად. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მოსარჩელის მოთხოვნა სადაზღვევო ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია, არ დგინდება ხელშეკრულებით დადგენილი საგამონაკლისო რომელიმე შემთხვევა, რაც სადაზღვევო კომპანიას გაათავისუფლებდა თანხის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
24. კასატორი ასევე არ ეთანხმება მისთვის, სასამართლოს მიერ, მოპასუხის სასარგებლოდ ზიანის 26 800 ლარის დაკისრებას. აღნიშნული პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შეფასების ანგარიშზე (GP-8/124/1), რომელშიც მითითებულია, რომ ავტომობილის ნარჩენი ღირებულება შეადგენს 16000 ლარს, ხოლო ავტომობილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 42 800 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, ზიანის ოდენობა შეადგენს 42 800 – 16 000 = 26 800 ლარს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორს აღნიშნული შეფასების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ხოლო მხოლოდ სიტყვიერი შედავების პირობებში, საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას ვერ გაიზიარებს.
25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“, 2026 წლის 17 თებერვალს, საგადახდო დავალებით N0 გადახდილი 1340 ლარის 70 % - 938 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი