უარი ეთქვა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-2385-შ-88-2026 29 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ხ.ტ–უ
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ტ–უ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის N10405/2023 გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის N10405/2023 გადაწყვეტილებით, სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, განაცხადა მხარეების განქორწინება, მათი სამოქალაქო ქორწინების შეწყვეტა, რომელიც რეგისტრირებულ იქნა საქართველოში, 2011 წლის 8 დეკემბერს, საბურთალოს რაიონში და რომელიც შემდგომ აკურთხეს აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიის კანონების შესაბამისად წმინდანთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში, ქალაქ ვოლოსში (ნეა იონია, მაგნისიის ოლქი), 2015 წლის 12 დეკემბერს. სასამართლო ხარჯები განაწილდა მხარეებს შორის თანაბრად. გადაწყვეტილება დამტკიცებული, გაცემული და გამოქვეყნებული იქნა ათენში, ამ სასამართლოს სასამართლო დარბაზში გამართულ რიგგარეშე საჯარო სხდომაზე, მხარეებისა და მოსარჩელის ადვოკატის დასწრების გარეშე, 2023 წლის 10 ოქტომბერს.
შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაესს სასამართლოს და მოითხოვა ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის N10405/2023 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ხ.ტ–უს შუამდგომლობას ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის N10405/2023 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების თაობაზე უარი უნდა ეთქვას წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში (მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი; „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნა; ამავე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს; ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე სპეციალური მოსარჩელე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლით დადგენილია სარჩელის (შუამდგომლობის) მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები და ნორმის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, ესა თუ ის წერილობითი მტკიცებულება სასამართლოს წარედგინება, როგორც წესი, დედნის სახით.
სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53.2 „ა“ მუხლის თანახმად შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი.
წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას. ამ მუხლის მიხედვით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი. საქართველო შეუერთდა ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას. კონვენციის მე-2, მე-3 მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობას სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ აპოსტილით დადასტურებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ასლი, რაც კონვენციის ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად, დოკუმენტის ოფიციალურად მიჩნევის აუცილებელი წინაპირობაა. დასახელებული კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ერთადერთი ფორმალობა, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს იმის დასადასტურებლად, ნამდვილია თუ არა ხელმოწერა, სტატუსი, რომლითაც მოქმედებდა დოკუმენტის ხელმომწერი პირი, და სათანადო შემთხვევაში, ნამდვილია თუ არა ბეჭედი ან შტამპი, რომლითაც დამტკიცებულია ეს დოკუმენტი, არის კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური პირის აპოსტილი, რომელშიც ეს დოკუმენტი შესრულდა.
განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის N10405/2023 გადაწყვეტილება მისი ქართულენოვანი თარგმანი ასლის სახით. შესაბამისად გადაწყვეტილება არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური პირის მიერ დედანი აპოსტილით დადასტურებული, ქართულ ენაზე თარგმნილი და დამოწმებული ასლით.
ასევე, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ ირკვევა, რომ დასახელებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. განსახილველ შემთხვევაში, ხ.ტ–უს შუამდგომლობა შემოტანილია მ.თ–ის მიერ, ხოლო საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მ.თ–ს აქვს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება. შუამდგომლობას ერთვის მინდობილობა, რომელშიც სასამართლოში წარმომადგენლობაზე მითითება არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნული კი შუამდგომლობის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
შუამდგომლობის ავტორს ასევე არ აქვს დაზუსტებული მოთხოვნა. კერძოდ ითხოვს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას თუ ცნობას, რადგან ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის N10405/2023 გადაწყვეტილება შინაარსობრივად არ წარმოადგენს იმ სახის გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღსრულების შესახებ რაიმე აქტის (განჩინება, გადაწყვეტილება) გამოტანას (იხ. სუსგ საქმე №ა-1351-შ-33-2023; 25.12.2023).
საკასაციო სასამართლო განუმარტავს შუამდგომლობის ავტორს, რომ იმ გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის მიღებაზე უარის თქმას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სასამართლოს იგივე შუამდგომლობით საერთო წესის დაცვით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა (იხ. სუსგ №ა-1190-შ-31-2024, 11.03.2024წ.; №ა-5643-შ-173-2023, 17.11.2023წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ.ტ–უს შუამდგომლობას ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის N10405/2023 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ უარი ეთქვას წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ უფლება აქვს განმეორებით მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს იგივე შუამდგომლობით საერთო წესის დაცვით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი