დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.07.2026
საქმის ნომერი
ას-507-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-507-2026 16 ივლისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.ხ–ია (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ძე (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმება; უძრავი ნივთების წილზე მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მ.მ–ძის (შემდგომში პირველი მოსარჩელე ან მოპასუხის მეორე მეუღლე) სარჩელი გ.ხ–ის (შემდგომში მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა; პირველი მოსარჩელე ცნობილი იქნა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მდებარე, ხელვაჩაურის რაიონი, დასახლება ...... (ს/კ .......)) (შემდგომში სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება) 1⁄2 ნაწილის თანამესაკუთრედ;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ლია მიქელაძის (შემდგომში მეორე მოსარჩელე ან მოპასუხის პირველი მეუღლე) სარჩელი მოპასუხისა და მესამე პირის - მოპასუხის მეორე მეუღლის მიმართ, დაკმაყოფილდა; მეორე მოსარჩელე ცნობილი იქნა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის თანამესაკუთრედ;

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ და პირველმა მოსარჩელემ (მოპასუხის მეორე მეუღლემ). კერძოდ, მოპასუხემ გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირველი მოსარჩელის (მოპასუხის მეორე მეუღლის) სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო პირველმა მოსარჩელემ გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით მეორე მოსარჩელის (მოპასუხის პირველი მეუღლის) სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება), ხოლო პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე მოსარჩელის (მოპასუხის პირველი მეუღლის) სასარჩელო მოთხოვნა, ქორწინების განმავლობაში შეძენილ სადავო ქონების ½ ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა;

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 1996 წლის 24 იანვრიდან 2014 წლის 11 ივნისამდე მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მეორე მოსარჩელესთან. თანაცხოვრებისას მათ შეეძინათ ორი შვილი. 2002 წლიდან მეუღლეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ. მათი საერთო შვილებიდან ერთი შვილი ცხოვრობდა დედასთან, ხოლო მეორე, მამასთან;

5.2. 2004 წლიდან მოსარჩელე ფაქტობრივ ქორწინებაში იყო პირველ მოსარჩელესთან. 2007 წლის 27 ივნისს მათ ქორწინება დაარეგისტრირეს ისე, რომ 1996 წლის 24 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილი არ იყო. თანაცხოვრებისას მათ შეეძინათ ორი შვილი;

5.3. სადავო უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა 2008 წლის 30 მაისის განცხადების საფუძველზე, საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 14 მაისს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N7886;

5.4. მოპასუხესა და პირველ მეუღლეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2014 წლის 11 ივნისს, ამ დროისათვის ასევე შეწყვეტილი იყო ფაქტობრივი ქორწინება მოპასუხესა და მეორე მეუღლეს შორის;

5.5. 2008 წლის მდგომარეობით, მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა როგორც პირველ, ასევე, მეორე მეუღლესთან, თუმცა, ამ დროისათვის იგი ერთ ოჯახად ცხოვრობდა მეორე მეუღლესთან და ეწეოდა საოჯახო მეურნეობას;

5.6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1158-ე, 1161-ე-1162-ე, 1164-ე, 1168.1-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით.

5.7. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოწმობა გაიცა და საკუთრება დარეგისტრირდა მეორე მეუღლესთან ქორწინების განმავლობაში, ამასთან, არ გამოვლენილა ქონების მიღება მემკვიდრეობით ან/ და ჩუქების საფუძველზე, ასეთ პირობებში, სახეზე არ იყო სადავო უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების გამომრიცხავი გარემოებები.

5.8. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ქორწინებიდან (2007 წელი) განქორწინებამდე (მინიმუმ 2015 წლამდე), 5 წელზე მეტი დროის განმავლობაში, მეორე მეუღლესთან ერთად ფლობდა სადავო უძრავ ქონებას. ამასთან, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი ამოქმედდა 2007 წლის 11 ივლისს, თუმცა მოპასუხემ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით უფლებამოსილ ორგანოს მიმართა 2008 წლის 1 აპრილს, მეორე მეუღლესთან ქორწინების პერიოდში.

5.9. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა, ხოლო პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანად მიიჩნია და დაასკვნა, რომ სამართლიანად დადგინდა სადავო უძრავ ქონებაზე მისი თანამესაკუთრედ ცნობა.

5.10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს მოპასუხემ და მეორე მოსარჩელემ (მოპასუხის პირველმა მეუღლემ), მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

5.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 ივლისის განჩინებით მეორე მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა და საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად;

5.12. მოპასუხის საკასაციო პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული. მართალია, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისთვის მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მეორე მეუღლესთან, თუმცა მან ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ქონებას მოპასუხე ფლობდა 1999 წლიდან, ხოლო პირველ მეუღლესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1996 წლიდან, რაც ქონებაზე თანაზიარ საკუთრებას წარმოუშობდა პირველ და არა მეორე მეუღლეს. და რომ არა ქონების 1999 წლიდან ფლობა, მასზე საკუთრების უფლების აღიარებას მოპასუხე 2008 წელს ვერ შეძლებდა. კასატორის აზრით, სასამართლომ ფაქტობრივად კანონიერად მიიჩნია ორცოლიანობა (როცა ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ 2007 წელს, მეორე მეუღლეზე ქორწინებისას, მოპასუხე ჯერ კიდევ რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო პირველ მეუღლესთან), რაც საქართველოს მოქმედი კანონომდებლობის მიხედვით დაუშვებელია და მეორე მეუღლესთან ქორწინების ბათილობის საფუძველს ქმნის მისი რეგისტრაციისთანავე.

5.13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

8. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ № ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

9. ამასთან, სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რა თქმა უნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ საქმე №ას-1423-2019, 28.02.2020). მხოლოდ სიტყვიერი განმარტება საამისოდ ვერ გამოდგება. შეუძლებელია, რომ სასამართლო ამა თუ იმ საკითხის დადგენისას რომელიმე მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნოს, კანონი სასამართლოს ავალდებულებს, მტკიცებულებები შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით და ეს რწმენა უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105.2 მუხლი). ამასთან, მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

10. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

11. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

12. მოცემულ საქმეზე მხარეთა შორის სადავოა, ვის წარმოეშობოდა მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მოპასუხის პირველ მეუღლეს, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მასთან 1996 წლიდან, თუ მეორე მეუღლეს - რომელიც ასევე, რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მოპასუხესთან 2007 წლიდან. მოპასუხე აცხადებს, რომ ვინაიდან სადავო ქონებას იგი ფლობდა 1999 წლიდან, მეუღლეთა თანაზიარი საკუთრების უფლებაც იმ მეუღლეს წარმოეშობოდა, რომელიც ამ დროისთვის იმყოფებოდა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში და არა მეორე მეუღლეს (პირველ მოსარჩელეს), რომელიც მოპასუხეზე 2007 წელს დაქორწინდა. ამასთან, კასატორი (მოპასუხე) სადავოდ ხდის მეორე მეუღლესთან ქორწინების ნამდვილობასაც და აცხადებს, რომ ვინაიდან მეორე მეუღლესთან დაქორწინებისას პირველ მეუღლესთან რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილი არ იყო, აღნიშნული ავტომატურად ქმნიდა მეორე ქორწინების გაბათილების საფუძველს.

13. კასატორის პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და მხარეთა მიერ შეუდავებელ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოპასუხესა და პირველ მეუღლეს შორის ქორწინება შეწყდა 2014 წლის 11 ივნისს და საქმის განხილვის დროისათვის ასევე შეწყვეტილი იყო რეგისტრირებული ქორწინება მეორე მეუღლესთანაც. ასე, რომ მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება აღარ არსებობდა, შესაბამისად, მისი გაბათილება ვერანაირ იურიდიულ შედეგს ვერ მოუტანდა მხარეებს.

14. რაც შეეხება მეუღლეთა თანაზიარი საკუთრების უფლების წარმოშობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საოჯახო კანონმდებლობით, მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი აწესრიგებს მეუღლეთა საერთო საკუთრების წარმოშობის საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

15. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ.

16. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებისადმი ამა თუ იმ ქონების მიკუთვნებისათვის მნიშვნელობა აქვს შემდეგ გარემოებებს: ა) ქონება შეძენილი იყო მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით; ბ) ქონება ორივე მეუღლის საკუთრებაში შევიდა ქორწინების განმავლობაში (უსასყიდლო ხელშეკრულებათა საფუძველზე).

17. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა.

18. ამდენად, მეუღლეთა საერთო საკუთრების დასადასტურებლად, მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრე შემდეგია: ა) მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში უნდა იმყოფებოდნენ ერთმანეთთან; ბ) უნდა არსებობდეს მეუღლეთა საერთო ქონება.

19. წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ, მოპასუხე პირველ მეუღლესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო 1996 წლიდან, თუმცა 2002 წლიდან მეუღლეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ, ხოლო 2004 წლიდან მოპასუხე ფაქტობრივ ქორწინებაში იყო მეორე მეუღლესთან, რომელთანაც ოფიციალურად 2007 წელს იქორწინა (დაარეგისტრირა ქორწინება) და ისინი ერთად ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, ასევე, რომ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება მოპასუხემ დაირეგისტრიდა 2008 წელს.

20. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობდა 1999 წლიდან, სწორედ ამ პერიოდში რეგისტრირებული ქორწინება პირველ მეუღლესთან წარმოუშობდა მას ქონებაზე თანაზიარ საკუთრებას.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სანივთო უფლებები, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული უფლებები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას. რეგისტრაცია კი ხორციელდება საჯარო რეესტრში. სწორედ საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის რეგისტრაცია წარმოშობს მფლობელობის მართლზომიერ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა და საკუთრების რეგისტრაცია მოხდა არა მოპასუხის პირველ მეუღლესთან თანაცხოვრებისა და ქორწინების განმავლობაში, არამედ, მეორე მეუღლესთან რეგისტრირებული ქორწინებისა და მასთან თანაცხოვრებისას (2008 წელს), საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა მოპასუხის მეორე მეუღლე (პირველი მოსარჩელე) სადავო ქონების 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ.

22. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის. სადავო ქონების თანასაკუთრებად პრეზუმირების ფარგლებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის ამ გარემოებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1426-1346-2017, 2 მარტი 2018 წელი), რაც მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაადასტურა.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ემყარება საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებსა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ დავის განხილვისას სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის. კასატორი ვერც ისეთ საპროცესო დარღვევაზე მიუთითებს, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ხ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. გ.ხ–იას (პ.ნ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N186368886; გადახდის თარიღი: 14.05.2026) 2828 ლარის 70% - 1979.6 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი