დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-602-2026 2 ივლისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „G&A G“ (აპელანტი მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, საააღსრულებო
ფურცლის გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2019 წლის 16 დეკემბერს, შპს „G&A G“-ს და ვ.კ–ძეს შორის გაფორმდა №1021-138 შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხემ ვ.კ–ძე დაასაქმა გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე, რა პოზიციაზეც მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა შემდეგი სამუშაოს განხორციელება: დამსაქმებლის საწყობიდან (საკუთრებაში მყოფი ან/და იჯარით აღებული) კვების პროდუქტების მყიდველების ადგილსამყოფელამდე მიწოდება-მიტანა დამსაქმებლის ავტოტრანსპორტით; დასაქმებული პროდუქციის მყიდველზე მიწოდებისას მოქმედებს დამსაქმებლის სახელით, ხელს აწერს პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს - ზედნადებებს და სხვა; ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში იღებს ფულს და ყოველი დღის ბოლოს დამსაქმებელს გადასცემს ფულს ან შეაქვს დამსაქმებლის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე, ასევე აბრუნებს დამსაქმებელთან პროდუქციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და აბრუნებს პროდუქციის ნაშთს. დამსაქმებელი დასაქმებულს ხელფასის სახით ყოველთვიურად უხდის შრომის ანაზღაურებას 487.50 ლარის ოდენობით. დასაქმებული უფლებამოსილია დასაქმებულს გაუზარდოს ხელფასი, დაუწესოს ბონუსი, პრემია, დამატებითი შეღავათები დასაქმებულის სამუშაო ხარისხის კვალობაზე. ხსენებული ხელშეკრულება დაიდო გამოსაცდელი ვადით, 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის 16 ივლისის ჩათვლით, ხოლო 2020 წლის 16 ივლისიდან ხელშეკრულება გაგრძელდა უვადოდ, გამოსაცდელი ვადის დაწესების გარეშე.
2. 2019 წლის 30 დეკემბერს, შპს „G&A G“-ს და ვ.კ–ძეს შორის გაფორმდა №191575715 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვ.კ–ძის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ვ.კ–ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ფართი 55.32 კვ.მ., საკადასტრო კოდი ...... იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრა 80 000 ლარით.
3. მოპასუხემ მოსარჩელეს უკანასკნელად 2023 წლის 08 სექტემბერს ჩაურიცხა აგვისტოს ბონუსი, ხოლო 2023 წლის 15 სექტემბერს - სექტემბრის ხელფასი.
4. მოსარჩელემ 2023 წლის 22 სექტემბრიდან დატოვა სამუშაო ადგილი და აღნიშნული თარიღის შემდეგ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები აღარ განუხორციელებია.
5. 2023 წლის 20 სექტემბრის №2009/23-1 ბრძანებით დამსაქმებელმა ვ.კ–ძესთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ამ უკანასკნელის მხრიდან მასზე შრომითი ხელშეკრულებით, ანდა შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო.
6. 2023 წლის 12 ოქტომბერს ნოტარიუს დ.მ–ის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა №231430050 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელის აღსასრულებელ ვალდებულებად განისაზღვრა: ძირითადი ვალი - 80 000 ლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 194.08 ლარი. დადგინდა, რომ აღსრულება 80000 ლარის ფარგლებში განხორციელდეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .............., ს/კ: .......... იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
7. სასარჩელო მოთხოვნა
ვ.კ–ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „G A G“-ის მიმართ, იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნით.
8. მოპასუხის შესაგებელი
სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით: (1). ვ.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. (2). გაუქმდა ვ.კ–ძესა და შპს „G A G“-ს შორის ნოტარიუს დ.მ–თან გაფორმებული 2019 წლის 30 დეკემბერს დადებული იპოთეკის №191575715 ხელშეკრულება. (3). გაუქმდა ნოტარიუს დ.მ–ის მიერ 2023 წლის 12 ოქტომბერს გაცემული №231430050 სააღსრულებო ფურცელი.
10. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მოპასუხემ გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
12.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12.2. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელემ 2023 წლის სექტემბერში სამუშაო ადგილი დატოვა და მოითხოვა იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, თუმცა მოპასუხემ გაუგზავნა წერილი-გაფრთხილება, სადაც უარი განაცხადა იპოთეკის გაუქმებაზე, ასევე მიუთითა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო კომპანიას წარმოეშვა დანაკლისი. სწორედ აღნიშნული დანაკლისის უზრუნველსაყოფად გაიცა სააღსრულებო ფურცელი ნოტარიუსის მიერ რათა იძულებით აუქციონზე გასულიყო მოსარჩელის ქონება და 80 000 ლარის ფარგლებში მოპასუხეს დაეკმაყოფილებინა ინტერესი. სასამართლომ კი დაუსაბუთებლად დაადგინა, რომ თითქოს მოსარჩელეს არ ჰქონდა კომპანიის მიმართ რაიმე სახის დავალიანება.
12.3. საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებითაც დგინდება მოსარჩელის მიერ მოპასუხის 29 787,65 ლარის ღირებულების ქონების მითვისების ფაქტები, ამის ფონზე სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულება უნდა გაუქმებულიყო.
12.4. სასამართლოს შეფასება არ უნდა გაზიარდეს, რამდენადაც იპოთეკის ხელშეკრულების აქცესორული ხასიათი ძირითადი მოთხოვნის არსებობაზეა დამოკიდებული და არა იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობასა და ზიანს შორის შეფარდებაზე.
12.5. ასევე დაუსაბუთებელია სისხლის სამართლის კოდექსზე დაფუძნებით ზიანის ანაზღაურებაზე მითითება, რამდენადაც სამართლის სხვა დარგით გათვალისწინებული უფლების დაცვის მექანიზმი არ შეიძლება გამოყენებული იყოს არსებულ მექანიზმზე პირის წვდომის უფლების შეზღუდვად. ასევე, იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება გამოიწვევს მოვალის საკუთრებიდან ქონების გასვლას, რის გამოც მოპასუხის მოთხოვნა დარჩება შეუსრულებელი.
12.6. ასევე, სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ მოსარჩელე პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ იმ პროდუქციაზე, რომელიც უშუალოდ მან გაიტანა საწყობიდან. თუმცა, პალატამ არ გაითვალისწინა ა.ა–ის, გ.მ–ისა და დ.მ–ას მიერ მიცემული ჩვენებები, რომლებიც გამორიცხავს აპელაციის მსჯელობას, რომ თითქოს არ არსებობს მოსარჩელის პასუხისმგებლობა მის მიერ გაკეთებული შეკვეთის საფუძველზე მისსავე დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის ღირებულებასთან დაკავშირებით.
12.7. სასამართლო ასევე უგულებელყოფს სხვა გამოკითხულთა ჩვენებებსაც, სადაც ყველა დაკითხული ადასტურებს, რომ ერთი მხრივ მათთან კასატორის სახელით ურთიერთობდა ვ.კ–ძესთან, რომელიც იღებდა შეკვეთებს, ხოლო მეორე მხრივ, ადასტურებენ, რომ გამოკითხვის ოქმებში მოხსენიებული ზედნადებებით გათვალისწინებული საქონელი მათ არასდროს მიუღიათ. აქედან გამომდინარე, დგინდება, რომ ზიანი, რომელიც მოსარჩელემ მოპასუხეს მიაყენა ინდივიდუალურად მისი პასუხისმგებლობაა, რაც წარმოადგენს უზრუნველყოფილ ქონებაზე გაცილებით მეტ ღირებულებას.
12.8. რაც შეეხება სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას, მისი მართლზომიერება დამოკიდებულია იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარღვეული ვალდებულების არსებობასა და მოცულობაზე. შესაბამისად, რამდენადაც დგინდება, რომ ზიანი სახეზეა, რომელიც უშუალოდ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობითაა გამოწვეული, ცალსახაა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაუქმება საფუძველსმოკლებულია. სხვაგვარად, კასატორს ერთმევა დარღვეულ უფლებაში აღდგენის შესაძლებლობა და ზიანის კომპენსირება.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო შედავების მთავარი საკითხია ის, თუ რამდენად მართლზომიერია სააპელაციო პალატის მიერ იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებისა და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ბათილობის შესახებ დაკმაყოფილებული მოთხოვნების უცვლელად დატოვების დასაბუთება.
19. რამდენადაც იპოთეკის ხელშეკრულება აქცესორული ხასიათის მოთხოვნაა და დამოკიდებულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე, პირველ რიგში, აუცილებელია შეფასდეს რამდენად იყო სახეზე უზრუნველყოფის ძალაში დატოვების ან გაუქმების საფუძველი. აღნიშნული კი თავისთავად დამოკიდებულია იმაზე, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
20. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
21. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
22. სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 30 დეკემბერს, შპს „G&A G“-ს და ვ.კ–ძეს შორის გაფორმდა №191575715 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვ.კ–ძის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ვ.კ–ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ............, ფართი 55.32 კვ.მ., საკადასტრო კოდი ........ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრა 80 000 ლარით.
24. 2023 წლის 20 სექტემბრის №2009/23-1 ბრძანებით დამსაქმებელმა ვ.კ–ძესთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ამ უკანასკნელის მხრიდან მასზე შრომითი ხელშეკრულებით, ანდა შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო.
25. სსკ-ის 286.1 მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უძრავი ნივთების გამოყენებას კრედიტის უზრუნველყოფის საშუალებად დიდი მნიშვნელობა აქვს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. უძრავი ნივთი ის ქონებრივი ფასეულობაა, რომელსაც კრედიტორები ყველაზე მეტად ენდობიან. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ დიდი კრედიტები ბანკების მიერ სწორედ უძრავი ნივთების დაგირავების პირობით გაიცემა. უძრავი ნივთების დაგირავებას სამოქალაქო სამართალში იპოთეკა ეწოდება“ (იხ. ჭანტურია, ლ. - საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება; რედაქტორი; ზოიძე, ბ.; გვ.53; გამომცემლობა “სამართალი“; 1999წ.). კანონმდებელი, თავის მხრივ, იპოთეკის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების მესაკუთრის დაცვის სამართლებრივ მექანიზმს ადგენს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების შეფასება სახელშეკრულებო პირობების შემოწმებას და საკანონმდებლო მოწესრიგებას ეფუძნება, რათა დაცული იქნეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესთა ბალანსი.
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
28. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ იპოთეკა აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს ძირითადი უფლების გარეშე და ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია იპოთეკის რეალიზაცია ძირითადი მოთხოვნის გარეშე. აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. იპოთეკით ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ ვერც იპოთეკის, როგორც უფლების რეალიზაცია იქნება საფუძვლიანი.
29. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება მხარეებს შორის გამოყენებული იყო შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დაზღვევის მიზნით. მიუხედავად ამისა, თავად ხელშეკრულება მხარეთა შორის შეწყვეტილია, ასევე არ დასტურდება შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტიც. მოპასუხემ ვერ წარადგინა შესაბამისი სახის მტკიცებულებები იმისთვის, რომ დაესაბუთებინა მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი მოთხოვნა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ზედნადებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებში დადგინდა, რომ უშუალოდ ვ.კ–ძის მხრიდან, მყიდველებისთვის მისაწოდებლად გატანილ იქნა: 2023 წლის 28 აგვისტოს 2144.07 ლარის ღირებულების პროდუქცია (მიმღები (მყიდველი) - რამინ გამგებელი), 2023 წლის 31 აგვისტოს 11157 ლარის ღირებულების პროდუქცია (მიმღები (მყიდველი) - შპს „დ.ფ.“), 2023 წლის 01 სექტემბერს 5391 ლარის ღირებულების პროდუქცია (მიმღები (მყიდველი) - შპს „დ.ფ.“). საქმეში წარმოდგენილი სხვა ზედნადებებით მოსარჩელის მხრიდან მყიდველებისთვის მისაწოდებლად მოპასუხის საწყობიდან პროდუქციის გატანის ფაქტი არ დასტურდება.
30. შესაბამისად, აღნიშნულმა წინაპირობებმა ავტომატურად გააქარწყლა აქცესორული უფლების არსებობის სამართლებრივი საფუძველი, ამიტომ, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტიდანვე იპოთეკის უზრუნველყოფითი ხასიათიც შეწყდა. ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მტკიცება, რომ თითქოს მოსარჩელე პასუხსიმგებელია სხვა მძღოლების მიერ გატანილი პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებაზეც, რამდენადაც როგორც დადგინდა, არ დასტურდება მსგავსი სახელშეკრულებო ვალდებულება. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ზედნადებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ვ.კ–ძემ მყიდველებისთვის მისაწოდებლად მოპასუხის საწყობიდან 2023 წლის 28 აგვისტოს, 31 აგვისტოს და 01 სექტემბერს გაიტანა მთლიანობაში 18692.07 ლარის ღირებულების პროდუქცია. საქმეში წარმოდგენილი სს „ს.ბ–ის“ 2024 წლის 17 თებერვის ცნობით კი დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2023 წლის 28 აგვისტოდან 2023 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით ჩაურიცხა 18692.07 ლარზე ბევრად მეტი თანხა.
31. რაც შეეხება დაზარალებულად ცნობის ნაწილში წარდგენილ პრეტენზიას, კასატორმა სააპელაციო განხილვის ეტაპზე წარადგინა დადგენილება, რომლითაც მოსარჩელეს წარდგენილი აქვს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ შპს G&A G-ის კუთვნილი ქონების მითვისების გამო. ამავე დავაში მოპასუხე დაზარალებულადაა ცნობილი.
32. 2024 წლის 15 ნოემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებულია: “შპს G&A G-ს გაყიდვების აგენტმა ვ.კ–ძემ, 2023 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „G&A G-ს“ კუთვნილი საქონელი, კერძოდ, ვ.კ–ძემ თავისი სამუშაო ელექტრონული პორტალიდან ი/მ „ბ.ჯ–ზე“ და შპს „რ–ზე“ მისაწოდებლად მოახდინა საქონლის შეკვეთა, რომლის საფუძველზე კომპანიის საწყობიდან გაიცა საქონელი, თუმცა აღნიშნული საქონელი ვალერ კუპრაძეს დასახელებული მეწარმე სუბიექტებისთვის არ მიუწოდებია და არც საქონლის ღირებულება აუსახავს კომპანიის ანგარიშზე, აღნიშნული ქმედების შედეგად შპს G&A G“-ს მიადგა დიდი ოდენობით, 29 787,65 ლარის ზიანი.“ თანხის იგივე ოდენობაა აღნიშნული 2024 წლის 18 ნოემბრის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაშიც, სადაც მითითებულია, რომ „ვ.კ–ძის მიერ ჩადენილი ქმედებით შპს G&A G“-ს მიადგა დიდი ოდენობით 29 787,65 ლარის ზიანი.“
33. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე კასატორი ცდილობს დაასაბუთოს, რომ ვ.კ–ძემ დანაშაულებრივი სქემის შედგენით და მის სამსახურეობრივ უფლებამოსილებაში არსებული დაშვებით კომპანიის კუთვნილი საწყობიდან ფარულად გაიტანა 102 000 ლარის პროდუქცია, მოახდინა მათი რეალიზაცია და მიღებული თანხა მიითვისა. აღნიშნული კი გახდა საფუძველი მისი ქონების აღსასრულებლად მიქცევის.
34. ზემოაღნიშნული პოზიცია ვერ გაზიარდება, რამდენადაც საალაციო განხილვის ეტაპზე სასამართლომ ვერ დაადგინა მოსარჩელის პასუხისმგებლობის საფუძველი. ასეთი შესაგებლის დადასტურებისთვის აუცილებელია, რომ მხარემ არამხოლოდ დაზარალებულად ცნობის სტატუსი და ბრალდების შინაარსი დაასაბუთოს, არამედ წარადგინოს გამამტყუვნებელი განაჩენი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის. ასევე, წარმოდგენილი ბრალის დადგენისა და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებშიც ზიანის ოდენობად მითითებულია 29 787,65 ლარი და არა 80 000 ან/და 102 000 ლარი, ანუ გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე სამოქალაქო წესით ედავება კასატორი მოწინააღმდეგე მხარეს. ამდენად, იმ პირობებშიც, რომც დადგინდეს მოწინააღმდეგე მხარის ბრალეულობა და დანაშაულებრივი მოქმედება, კასატორისთვის დამდგარი ზიანი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე - 29 787,65 ლარს შეადგენს, რაც სამჯერ ნაკლებია, ვიდრე წინამდებარე საქმეში კასატორის მტკიცებით, კომპანიისათვის განცდილი ზიანის ოდენობა.
35. რაც შეეხება სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ არსებული დასაბუთების უარყოფას, პალატა ვერც აღნიშნულ შედავებას გაიზიარებს. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ.
36. რამდენადაც დადგინდა, რომ მოსარჩელეს მატერიალური ზიანი მოპასუხისთვის არ მიუყენებია, გამოირიცხება ძირითადი მოთხოვნის არსებობის საფუძვლები, შესაბამისად, უქმდება აქცესორული უფლებაც. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის პირობებში, იპოთეკის, როგორც სახელშეკრულებო უზრუნველყოფის საშუალების ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, სწორედ ამიტომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი უსაფუძვლოა და არსებობს მისი გაუქმების წინაპირობა.
37. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.
38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „G&A G“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „G&A G“-ს (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N518; გადახდის თარიღი: 28.05.2026) 4000 ლარის 70% - 2800 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი