დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-827-2026 24 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა ა.კ–ის წინააღმდეგ, მოითხოვა მოპასუხისთვის 18 000 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1.მოპასუხემ სარჩელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო 5 000 ლარის ნაწილში. მოპასუხის განმარტებით, შპს „ა–ის“ შეფასებით, დაზიანებული ავტომანქანის რეალური ღირებულება 2022 წლის მაისი-ოქტომბრის მდგომარეობით, დაზიანებამდე შეადგენდა 15 000 ლარს, ხოლო ავტომობილის ნარჩენი ღირებულებაა 5 000 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობა აღემატება რეალურ ზიანს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ა.კ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 400 ლარის გადახდა.
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2.2022 წლის 24 აპრილს დაახლოებით 22:00 საათზე შსს მოსამსახურე პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ა.კ–ი ტოიოტა ქამრის მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით სახ N ....... მოძრაობდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 216-ე კილომეტრზე ქ. სამტრედიაში, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის დამცავ პარაპეტს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღეს ა.კ–ის მგზავრებმა და ასევე დაზიანდა ზემოხსენებული სამსახურებრივი ავტომანქანა.
5.3.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით. გამოძიების პროცესში მოპასუხის მიმართ გამოყენებულ იქნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული ღონისძიება- განრიდება. რომლის ფარგლებში, მას დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 000 ლარის გადახდა. თანხის გადახდის შემდეგ, მოპასუხის მიმართ უარი ითქვა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება;
5.4.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 5 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი, სედანის ტიპის ავტომობილი „TOYOTA CAMRY“ სახელმწიფო ნომრით ....... ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია. ავტომობილის აღდგენა, შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ძარის წინა ნაწილზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის;
5.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 21 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი, ექსპლუატაციაში ნამყოფი 2010 წელს დამზადებული სედანის ტიპის ავტომობილის „TOYOTA CAMRY“ სახელმწიფო ნომრით ...... საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ განისაზღვრა 18 000 ლარით;
5.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 21 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი, ექსპლუატაციაში ნამყოფი 2010 წელს დამზადებული სედანის ტიპის ავტომობილის „TOYOTA CAMRY“ სახელმწიფო ნომრით ...... ნარჩენი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 3600 ლარს;
5.7. შპს „ა–ის“ 2025 წლის 27 მარტის შეფასებით, შესაფასებელი ავტომობილის, „TOYOTA CAMRY“ სახელმწიფო ნომრით ...... რეალური საბაზრო ღირებულება 2022 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდის მონაცემებით, დაზიანებამდე შეადგენდა 15 000 ლარს, ხოლო ნარჩენი ღირებულება იმავე პერიოდისთვის შეადგენს - 5 000 ლარს.
5.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგად, დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება. მოპასუხე სადავოდ არ ხდის მის ბრალეულობას და ფაქტს, რომ ავტომანქანას მართავდა არასამუშაო დროს, ნებართვის გარეშე. ამდენად, სახეზეა არასახელშეკრულებო ზიანის შემთხვევა.
5.9.სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში ბრალი მიუძღვის მოპასუხე მხარეს. სახეზეა ზიანი და დადგენილია მიზეზობრივი კავშირი, რომ არა შეჯახება, არ დადგებოდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ამდენად, საქმეზე დადგენილია ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მოცემული გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 14 400 ლარს.
6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით უტყუარად დგინდებოდა მოპასუხის ბრალეულობა, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გასაჩივრებული განჩინებით, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასების პირობებში, დამდგარი ზიანი სრულად უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს რაც შეადგენს 18 000 ლარს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო სასამართლო, მიუთითებს ქვემდგომი ინსტანციის მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ იზიარებს მათ სამართლებრივ შეფასებას.
13. განსახილველ შემთხვევაში იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების დაკისრება, სსკ-ის 992-ე „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი 6 მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“ და 408.1 „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლებიდან გამომდინარეობს. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018 № ას-809-776-2016, 04.04.2017).
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, იმ დასკვნას, რომ მოპასუხემ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანის, რომლის ანაზღაურებაც სრულად მოპასუხეს ეკისრება, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე (კასატორი) სადავოდ ხდის დაკისრებული თანხის, როგორც ზიანის ანაზღაურების ოდენობას.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან (causa principalis sine qua non) ანუ, დამდგარი ზიანი დარღვეული ვალდებულების რეალური და მოსალოდნელი შედეგია და მისი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასთან ობიექტური გადმოსახედიდან დასტურდება. სავარაუდობა სახეზეა, თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო (შდრ. ჰ. ბიოილინგი, პ. ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ. 48). პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია. სკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი ეკისრება დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც განსახილველ დავაში წარმოადგენს მოსარჩელეს.
16. საქმეზე წარმოდგენილი დასკვნებით, და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ განისაზღვრა 18 000 ლარით. ასევე დადგენილია, რომ ავტომობილის ნარჩენი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 3 600 ლარს. შესაბამისად დგინდება, რომ 3 600 ლარის ღირებულება დაზიანებულ ავტომობილს შენარჩუნებული აქვს და აღნიშნული ავტომობილი იმყოფება მოსარჩელის საკუთრებასა და მფლობელობაში. შესაბამისად მოპასუხის მართლსაწინააღმედო ქმედებით უშუალოდ დამდგარ ზიანს წარმოადგენს 14 400 ლარი (18 000 - 3 600).
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის შიდა რეგულაციებით დადგენილი პროცედურები და მათ განსახორციელებლად საჭირო ხარჯები, გამოუსადეგარი ავტომობილის ჩამოწერის კუთხით, ვერ განიხილება ზიანის მიმყენებელი პირის პასუხისმგებლობად და იმ ზიანად რაც მოვალისთვის წინასწარ სავარაუდო უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, მოსარჩელეს საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში კონკრეტულად არც მიუთითებია და არც მტკიცებულება წარმოუდგენია, თუ რა ოდენობით დამატებით ხარჯებია სადავო. ამ მოცემულობაში კი, მოპასუხისთვის ზიანის სახით ავტომობილის ნარჩენი ღირებულების დაკისრებაც, რაც რეალურად მოსარჩელის საკუთრებაშია, დაუშვებელია და გამოიწვევს დაზარალებული პირის უსაფუძვლოდ გამდიდრებას მოპასუხის ხარჯზე.
18. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე