დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
25 სექტემბერი 2026 წელი
№ას-1146-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - ი.თ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ა–ი
გასაჩივრებული განჩინებები - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 ივნისის და ამავე სასამართლოს 2026 წლის 05 აგვისტოს განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ა–მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: გ.ც–ძის, გ.ც–ძისა და ი.თ–ძის მიმართ 8000 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თ.ა–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ი.თ–ძეს თ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა 8000 ლარის გადახდა, აგრეთვე, სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფაზე მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 290 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 1000 ლარის ანაზღაურება.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ.ა–მა და ი.თ–ძემ. თ.ა–მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ი.თ–ძემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, ი.თ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თ.ა–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ა–ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. ი.თ–ძეს, გ.ც–ძესა და გ.ც–ძეს თ.ა–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 8000 ლარის გადახდა და ორივე ინსტანციის სასამართლოში გაწეული საპროცესო ხარჯის, 1610 ლარის ანაზღაურება.
5. 2026 წლის 19 ივნისს თ.ა–მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა გ.ც–ძისათვის ქ. ქუთაისში, ........., მე-3 სართულზე მდებარე №9 ბინის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. განმცხადებლის მითითებით, დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრება. მართალია, საქმეზე გამოყენებული იყო უზრუნველყოფის ღონისძიება, თუმცა სადავო ნივთები გასხვისებული აღმოჩნდა, რაც საქმეში წარმოდგენილი აღმასრულებლის ოქმით დასტურდებოდა. მოპასუხეების მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობამ განაპირობა სარჩელის დაზუსტება და ნივთების ნაცვლად მათი ღირებულების დაკისრების მოთხოვნა. შესაბამისად, თუ არ იარსებებდა გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება, ქონება გასხვისდებოდა და მიღებული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდებოდა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 ივნისის განჩინებით, თ.ა–ის განცხადება დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე გ.ც–ძეს აეკრძალა ქ. ქუთაისში, .......... მდებარე, მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, ს/კ №........., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
7. აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა ი.თ–ძემ. საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, გ.ც–ძის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა უკანონო და დაუსაბუთებელი იყო. მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნის დაყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში შეეძლო, თუმცა მას ამ შესაძლებლობით არ უსარგებლია. საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ იყო და იგი მის გასაჩივრებას აპირებდა. მისივე მტკიცებით, სააპელაციო საჩივრის განხილვისას, საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა დაამტკიცა, რომ გ. და გ.ც–ძეები მოპასუხე მხარეებს არ წარმოადგენდნენ.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 05 აგვისტოს განჩინებით, ი.თ–ძის საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი დასაბუთებით:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197¹ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს საჩივარს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს.
8.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრება. თ.ა–ის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობის დასასაბუთებლად მიუთითა, რომ, მართალია, საქმეზე გამოყენებული იყო უზრუნველყოფის ღონისძიება, თუმცა განხილვისას დადგინდა, რომ სადავო ნივთები გასხვისებული იქნა, რაც საქმეში წარმოდგენილი აღმასრულებლის ოქმით დასტურდებოდა. მოპასუხეების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ განაპირობა სარჩელის დაზუსტება და ნივთების ნაცვლად მათი ღირებულების მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნა.
8.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების შეფასების შედეგად, სასამართლოს უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა გამართლებულია და გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების ან შეუძლებლობის საფრთხე არ დასტურდება. სარჩელის ან გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის წინაპირობას კი წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მისი აღსრულება მნიშვნელოვნად გაძნელდება.
8.4. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა და ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დაუსაბუთებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო პალატა საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც თ.ა–ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და გ.ც–ძეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ს/კ №........., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში შეეძლო მოეთხოვა, სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის, ხოლო გ. და გ.ც–ძეები მოპასუხე მხარეებს არ წარმოადგენდნენ.
13. საკასაციო პალატა საჩივრის ავტორის პოზიციას არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
13.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
13.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
13.3. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-587-2019, 20 თებერვალი, 2020წ.).
13.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
13.5. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (შდრ: ს.უ.ს.გ. №ას-1586-2018, 26 ოქტომბერი, 2018წ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნას ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
13.6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობასაც და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-829-775-2017, 26.06.2017წ.; №ას-538-2022, 16.06.2022წ.), რადგან გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხემ შესაძლოა მოგებული მხარისათვის აზრი დაუკარგოს დავას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411).
13.7. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 8000 ლარის გადახდა მხოლოდ ი.თ–ძეს დაეკისრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით კი, თ.ა–ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, ი.თ–ძეს, გ.ც–ძესა და გ.ც–ძეს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 8000 ლარის გადახდა და საპროცესო ხარჯის სახით 1610 ლარის ანაზღაურება.
13.8. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 19 ივნისს მიმართა და მიუთითა, რომ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიუხედავად, სადავო ნივთები გასხვისდა, რასაც საქმეში წარმოდგენილი აღმასრულებლის ოქმი ადასტურებდა. განმცხადებლის განმარტებით, მოპასუხეების მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობამ განაპირობა სარჩელის დაზუსტება და ნივთების ნაცვლად მათი ღირებულების დაკისრების მოთხოვნა. ამასთან, აღსრულების საშუალების არარსებობის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდებოდა.
13.9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ დავაზე წარდგენილი სარჩელი მიკუთვნებითი ხასიათისაა. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზე, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება იძულებით აღსრულებაზე. თუ იძულებითი აღსრულების დროისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზეც აღსრულების მიქცევა იქნება შესაძლებელი, გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი.
13.10. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დაასაბუთა. გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების საფრთხის შესახებ ვარაუდი ემყარება არა მხოლოდ ზოგად ეჭვს, არამედ კონკრეტულ გარემოებას. კერძოდ, საქმეზე მანამდე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიუხედავად, სადავო ნივთები გასხვისდა, რაც, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღმასრულებლის ოქმით დასტურდება. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ ნივთების ნაცვლად მათი ღირებულების დაკისრება მოითხოვა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მისი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებულია მოვალეთა იმ ქონების არსებობაზე, საიდანაც შესაძლებელი იქნება თანხის იძულებით ამოღება. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია გ.ც–ძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მიმართ, ხოლო გ.ც–ძე ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომელთაც 2026 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით თანხის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ. საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს ვარაუდს, რომ ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლოა გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს.
13.11. საჩივრის ავტორის მითითება, რომ მოსარჩელეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში შეეძლო მოეთხოვა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი უშვებს იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული არ არის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მითითებას არ შეიცავს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის განხილვის საპროცესო წინაპირობა და სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, განეხილა მოსარჩელის შესაბამისი განცხადება. ამასთან, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანხის გადახდა მხოლოდ ი.თ–ძეს დაეკისრა, ხოლო გ.ც–ძეს თანხის გადახდის ვალდებულება სოლიდარულად სწორედ სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით განესაზღვრა. მოსარჩელემ ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მისი მიღებიდან ორი დღის შემდგომ, 2026 წლის 19 ივნისს მოითხოვა. ამრიგად, ის გარემოება, რომ მას გ.ც–ძის უძრავ ქონებასთან მიმართებით ასეთი მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებია, აღნიშნული მოთხოვნის სააპელაციო ინსტანციაში დაყენებას არ გამორიცხავს. მით უფრო, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საჭიროების დასადასტურებლად განმცხადებელი მიუთითებდა მანამდე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ფაქტობრივ არაეფექტიანობასა და სადავო ნივთების გასხვისებაზე.
13.12. არც ის გარემოება გამორიცხავს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის და საჩივრის ავტორი მის გასაჩივრებას აპირებს. აღნიშნული ინსტიტუტის მიზანია, დავის საბოლოოდ დასრულებამდე იმ ქონებრივი მდგომარეობის შენარჩუნება, რომელიც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში მის რეალურ აღსრულებას შესაძლებელს გახდის. ამასთან, სარჩელის სააპელაციო ინსტანციაში სრულად დაკმაყოფილება, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, მოთხოვნის სამართლებრივ პერსპექტიულობაზე მიუთითებს. შესაბამისად, გადაწყვეტილების შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობა, სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების დამოუკიდებელ საფუძველს არ წარმოადგენს.
13.13. საჩივრის ავტორის მითითება, რომ გიგლა და გ.ც–ძეები მოპასუხე მხარეებს არ წარმოადგენდნენ, საქმის მასალებს არ შეესაბამება. თ.ა–მა სარჩელი გ.ც–ძის, გ.ც–ძისა და ი.თ–ძის მიმართ აღძრა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით სამივე მათგანს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა სოლიდარულად დაეკისრა. გიგლა და გ.ც–ძეებისათვის თანხის დაკისრების კანონიერება დავის არსებით მხარეს განეკუთვნება და შეიძლება შეფასდეს 2026 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების გასაჩივრების ფარგლებში. აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის ფარგლებში ხელახლა შეფასებას არ ექვემდებარება.
13.14. პალატის განსჯით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა, სარჩელის საგანთან მიმართებით ადეკვატური და თანაზომიერია. აღნიშნული შეზღუდვა მესაკუთრეს ხელს არ უშლის ქონებით სარგებლობასა და შემოსავლის მიღებაში. ამასთან, ღონისძიება ემსახურება იმ ქონებრივი საფუძვლის შენარჩუნებას, რომელზეც გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება იძულებითი აღსრულების მიქცევა. საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული გარემოება, რომელიც გამოყენებული ღონისძიების დასახულ მიზანთან აშკარა შეუსაბამობას ან არათანაზომიერებას დაადასტურებდა.
13.15. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას თ.ა–ის განცხადების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვლინდებოდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი წინამძღვრები.
14. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.თ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 ივნისის და ამავე სასამართლოს 2026 წლის 05 აგვისტოს განჩინებები.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი