დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-718-2026 28 სექტემბერი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ბ.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - თ.თ–ი (მ.ჭ–ის უფლებამონაცვლე) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „დ–ა“, თავმჯდომარე ვ.რ–ია (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება
დავის საგანი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, შესაბამისი ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, უკანონო მშენებლობის დემონტაჟი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბ.კ–მა (შემდგომ - მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სასამართლოში სარჩელი აღძრა მ.ჭ–ის (შემდგომ - პირველი მოპასუხე) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „დ–ას“ (თავმჯდომარე - ვ.რ–ია) (შემდგომ - მეორე მოპასუხე, ამხანაგობა) მიმართ და მოითხოვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და უკანონო მშენებლობის დემონტაჟი. პირველმა მოპასუხემაც აღძრა შეგებებული სარჩელი ამხანაგობისა და თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2018 წლის 29 ივნისის №11 კრების ოქმის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი მოპასუხეების მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 2018 წლის 9 მარტის №1 კრების ოქმი და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები; პირველ მოპასუხეს დაევალა, თბილისში, ......... ქ. №17-ის პირველ სართულზე, ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში არსებულ ღია დერეფანში (ბაქანზე) მის მიერ 4 კვ.მ ფართობზე განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟის გზით აღედგინა ღია დერეფანი (ბაქანი) პირვანდელი სახით. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა საჩივრით გაასაჩივრეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხეთა საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 თებერვლის საოქმო განჩინებით, პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ.თ–ი (შემდგომ - პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტს განცხადებით მიმართა პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლემ და სასამართლოში წარადგინა მხარეთა მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განჩინებით, მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების შესახებ დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საქმეზე №2ბ/132-22 (2/21809) დამტკიცდა, ერთი მხრივ, პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლესა და ამხანაგობასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს შორის დადებული მორიგება შემდეგი პირობებით:
7.1 აღდგეს პირვანდელი კედელი შემდეგი ფორმით: ამჟამად არსებული კედელი შეიცვალოს ოთხკუთხედი ფორმით. კედლის ერთი მხარე (შესასვლელი კარიდან) შემცირდება 30 სმ-ით, ხოლო იმავე კედლის მეორე მხარე (ბოლო, ბოძიდან) შემცირდება 10 სმ-ით. სამუშაოს შესრულების ვადა 25 ივნისიდან (დაიწყება) 30 აგვისტოს ჩათვლით (დასრულება) დანარჩენი იყოს უცვლელი.
7.2 გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ; სამოქალაქო საქმეზე №2ბ/132-22 (2/21809), მხარეთა შორის მორიგების გამო, საქმისწარმოება შეწყდა.
8. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მხარეთა შორის შედგა მორიგება, რომლის მიხედვით, წინასწარი შეთანხმებით პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლეს უნდა მოეხდინა უკანონოდ აივანზე აშენებული კედ–ის მოშლა შესასვლელი კარიდან - ბოძის ქვემოდან უნდა გადასულიყვნენ 30 სმ. ზეპირი შეთანხმების შემდეგ გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის შედგენას არ ესწრებოდა კერძო საჩივრის ავტორი, ვინაიდან მოპასუხეებს ენდობოდა. მორიგების აქტი წაიკითხა და როგორც ზეპირად შეთანხმდნენ იგივე იყო ტექსტში ასახული. შეთანხმების აქტის ქსეროასლი ან მეორე პირი მისთვის არ მიუციათ. მან მოგვიანებით შეიტყო, როდესაც პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლის ოჯახმა კედელი აღმართა, რომ შეთანხმების აქტი იმ პირობებით არ გაფორმებულა, როგორც მხარეებმა მოილაპარაკეს.
10. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი გაყალბდა, მათ შორის, შესაძლოა, მასში ციფრები შეიცვალა და პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლემ სასამართლოში გაყალბებული მორიგების აქტი წარადგინა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი იმ დროს თბილისში არ იმყოფებოდა და მორიგების აქტის სასამართლოში წარდგენას არ დასწრებია. როდესაც მან აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა მოწინააღმდეგე მხარესთან, ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ცოტა ხანს მოეთმინა და რაიმეს მოახერხებდა, თუმცა ამ გზით დრო გაიწელა და მორიგების აქტიც დამტკიცდა.
11. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარეებმა მოატყუეს როგორც იგი, ისე სასამართლო, რის გამოც მოითხოვს მორიგების საფუძველზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმებასა და საქმისწარმოების განახლებას. ამასთან, მისი მითითებით, ვინაიდან სახლში შუქი არ შედის, შესასვლელი კარი ქვემოთ უნდა გადაიტანონ. მართალია, წინა მორიგების აქტში აღნიშნული პირობა ასახული არ ყოფილა, თუმცა ამჟამად იგი აღნიშნული პირობის შესრულებასაც და შესაბამისი დოკუმენტის სასამართლოს თანდასწრებით ხელმოწერასაც მოითხოვს.
12. კერძო საჩივართან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემაც, რომელმაც უარყო კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები. მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ კერძო საჩივრის ავტორი სასამართლოში მორიგების აქტის წარდგენას არ დასწრებია, არ ნიშნავს, რომ მას მორიგების აქტში მითითებული ფაქტებისა და გარემოებების გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მორიგების აქტი დამტკიცდა სასამართლო სხდომაზე, რომელსაც კერძო საჩივრის ავტორიც ესწრებოდა. ამასთან, მორიგების აქტი მოსამართლის მიერ გარკვევით, ყველა დეტალის დაზუსტებით იქნა წაკითხული და მხარეებს განემარტათ მისი შინაარსი. მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, მორიგების აქტში არავითარი ციფრი გადასწორებული არ არის. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი არც მორიგების აქტის გაყალბების კონკრეტულ გარემოებაზე მიუთითებს, რაც, მისი პოზიციით, კერძო საჩივარში წარმოდგენილი პრეტენზიის უსაფუძვლობაზე მიუთითებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმებას ძირითადად იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული პირობები არ იქნა ასახული სასამართლოში წარდგენილ მორიგების აქტში და, მისი განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს განსხვავებული პირობების შემცველი, შესაძლო გაყალბებული მორიგების აქტი წარუდგინა. ამასთან, იგი მიუთითებს, რომ მორიგების აქტის სასამართლოში წარდგენას არ დასწრებია და შემდგომ შეიტყო, რომ დოკუმენტი მხარეთა შორის შეთანხმებულ პირობებს არ შეესაბამებოდა. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ მის მოტყუებაზე და ითხოვს მორიგების პირობების შეცვლას, კერძოდ, შესასვლელი კარის სხვა ადგილას გადატანას.
15. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს, გამოხატავს თუ არა სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტი კერძო საჩივრის ავტორის ნამდვილ ნებას და არსებობს თუ არა ისეთი გარემოებები, რომლებიც მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს ქმნის.
16. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, 2024 წლის 22 თებერვალს, პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლემ სასამართლოს წარუდგინა 2024 წლის 20 თებერვლით დათარიღებული, მხარეთა მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი, რომლის თანახმადაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღდგენილიყო პირვანდელი კედელი იმგვარად, რომ ოთხკუთხედი ფორმის კედლის ერთი მხარე შემცირებულიყო 30 სმ-ით, ხოლო კედლის ბოლო ნაწილი - 10 სმ-ით; სამუშაოები დაწყებულიყო 25 ივნისიდან და დასრულებულიყო 30 აგვისტოსათვის.
17. აღნიშნული მორიგების აქტის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეთანხმების პირობები სათანადოდ დაკონკრეტებას საჭიროებდა, ვინაიდან კედლის შესაბამისი მონაკვეთების ათვლის წერტილები მკაფიოდ განსაზღვრული არ იყო და მორიგების აქტის აღსრულებადობის უზრუნველსაყოფად საჭირო იყო შესაბამისი ნახაზის ან დაზუსტებული მორიგების აქტის წარმოდგენა. აღნიშნულ საკითხზე მხარეებთან მსჯელობის მიზნით სასამართლომ 2024 წლის 7 მარტს სასამართლო სხდომა გამართა, რომელსაც მოსარჩელე არ დასწრებია და საქმის განხილვა 2024 წლის 21 მარტამდე გადადო. 2024 წლის 19 მარტს, პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლემ სასამართლოს წარუდგინა 2024 წლის 16 მარტით დათარიღებული, მხარეთა მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი, რომელსაც თან ერთვოდა კედლის ცვლილების ამსახველი ნახაზი. აღნიშნული აქტით კვლავ განსაზღვრული იყო კედლის ერთი მხარის, შესასვლელი კარიდან, 30 სმ-ით, ხოლო მეორე მხარის, ბოლოდან - ბოძიდან, 10 სმ-ით შემცირება, ასევე სამუშაოთა შესრულების იგივე ვადა - 25 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით. ამასთან, პირდაპირ იყო მითითებული, რომ სხვა პირობები უცვლელი რჩებოდა.
18. ამდენად, 2024 წლის 16 მარტის მორიგების აქტით არ შეცვლილა მხარეთა მიერ 2024 წლის 20 თებერვლის აქტში გამოხატული შეთანხმების არსებითი შინაარსი. მოგვიანებით წარმოდგენილ აქტში დაზუსტდა მხოლოდ ის, რაც თავდაპირველ დოკუმენტში აღსრულების თვალსაზრისით ბუნდოვანი იყო, კერძოდ, კედლის შემცირების მიმართულება და შესაბამისი ათვლის წერტილები. ამდენად, აღნიშნული გარემოება გამორიცხავს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ 16 მარტის აქტით მხარეთა თავდაპირველი შეთანხმება სხვა, არსებითად განსხვავებული პირობებით შეიცვალა.
19. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2024 წლის 21 მარტის სატელეფონო შეტყობინებით მხარეებს, მათ შორის მოსარჩელეს, ეცნობათ 2024 წლის 19 მარტს სასამართლოში წარმოდგენილი დაზუსტებული მორიგების აქტის ზეპირი მოსმენის გარეშე დამტკიცების შესაძლებლობის შესახებ, რაზეც მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა. შესაბამისად, მორიგების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა იმგვარად, რომ სასამართლომ მხარისათვის უცნობი დოკუმენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამტკიცა, არამედ მას შემდეგ, რაც მხარეს ეცნობა წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ და მიღებულ იქნა მისი თანხმობა ზეპირი მოსმენის გარეშე მის დამტკიცებაზე.
20. ის ფაქტი, რომ კერძო საჩივრის ავტორი მორიგების აქტის სასამართლოში წარდგენას უშუალოდ არ დასწრებია, არ ქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ მისთვის უცნობი იყო მორიგების საბოლოო შინაარსი ან რომ სასამართლომ მისი ნების საწინააღმდეგო მორიგების პირობა დაამტკიცა. მორიგების აქტის სასამართლოში წარდგენის მომენტში არყოფნა განსხვავდება იმ საკითხისაგან, ჰქონდა თუ არა მხარეს შესაძლებლობა, გაცნობოდა მორიგების საბოლოო ტექსტს და გამოეხატა საკუთარი ნება მისი დამტკიცების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2024 წლის 21 მარტს მოსარჩელეს ეცნობა სწორედ 19 მარტს წარმოდგენილი დაზუსტებული მორიგების აქტის ზეპირი მოსმენის გარეშე დამტკიცების საკითხი და მან აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა.
21. ამასთან, ორივე მორიგების აქტი (2024 წლის 20 თებერვლითა და 2024 წლის 16 მარტით დათარიღებული) ხელმოწერილია მხარეთა მიერ. კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია არც მის მიერ მორიგების აქტზე ხელმოწერის ნამდვილობა. ამდენად, მისი პრეტენზია არ არის მიმართული თავად ხელმოწერის ნამდვილობის მიმართ; იგი ამტკიცებს, რომ ხელმოწერილ დოკუმენტში არ აისახა ის, რაზეც მხარეები მანამდე იყვნენ შეთანხმებული. თუმცა, ასეთი მითითება, თავისთავად, ვერ გააქარწყლებს ხელმოწერილი მორიგების აქტით გამოხატულ ნებას. იმისათვის, რომ დადგინდეს - ხელმოწერილი დოკუმენტი არ შეესაბამებოდა მხარის ნამდვილ ნებას, აუცილებელია კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც დაადასტურებდა, თუ რა შეთანხმება არსებობდა რეალურად, რით განსხვავდებოდა იგი ხელმოწერილი დოკუმენტისაგან და რა ვითარებაში მოხდა ამ განსხვავებული პირობების დოკუმენტში ასახვა.
22. მოცემულ შემთხვევაში, გარდა ზოგადი მითითებისა, კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია კონკრეტულად რომელი პირობა შეიცვალა ან გაყალბდა, რა შინაარსის პირობა იყო მხარეთა რეალური შეთანხმების საგანი და და ა.შ. მით უფრო, საქმის მასალებით არ დასტურდება რაიმე ჩასწორება, გადაკეთება ან დოკუმენტის შინაარსის შემდგომი ცვლილების რაიმე ნიშანი. მეტიც, თავად კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული თავდაპირველი შეთანხმების არსებითი პარამეტრი - კედლის 30 სმ-ით შემცირება ასახულია როგორც 2024 წლის 20 თებერვლის, ისე 2024 წლის 16 მარტის მორიგების აქტში. მეორე აქტით დამატებით დაზუსტდა მხოლოდ ის, თუ კედლის რომელი მხრიდან უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი შემცირება.
23. კერძო საჩივრის ავტორის მითითება მოწინააღმდეგე მხარის მიერ მის მოტყუებაზე ასევე ვერ იქნება გაზიარებული. კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს კონკრეტულ ქმედებაზე, რომლითაც იგი უშუალოდ მორიგების აქტზე ხელმოწერისას იქნა შეცდომაში შეყვანილი; არ ამტკიცებს, რომ ხელი მოაწერა სხვა შინაარსის დოკუმენტს, ან რომ მისთვის წარდგენილი ტექსტი განსხვავდებოდა იმ დოკუმენტისაგან, რომელსაც ხელი მოაწერა. ამიტომ, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მხარეებს მანამდე ზეპირად სხვა პირობებზე ჰქონდათ საუბარი, საკმარისი არ არის ხელმოწერილი მორიგების აქტით გამოვლენილი ნების გასაქარწყლებლად.
24. ამასთან, მორიგების აქტის გაყალბების შესახებ ზოგადი მითითება, კონკრეტული გარემოებებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე, ვერ გახდება მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს ეკისრება იმ გარემოებების დამტკიცება, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში კი კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტის შემდგომ შეცვლას, სასამართლოში განსხვავებული შინაარსის დოკუმენტის წარდგენას ან სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც მორიგების აქტში გამოვლენილი ნების ნამდვილობას ეჭვქვეშ დააყენებდა.
25. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტი არ გამოხატავდა მის ნამდვილ ნებას ან რომ იგი სასამართლოს წარედგინა გაყალბებული ან მისი ხელმოწერის შემდგომ შეცვლილი სახით. პირიქით, საქმის მასალები მიუთითებს, რომ სასამართლომ თავად გამოავლინა თავდაპირველი მორიგების აქტის ბუნდოვანება, მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დაეზუსტებინათ შეთანხმების პირობები, შემდგომ წარმოდგენილ იქნა დაზუსტებული მორიგების აქტი და შესაბამისი ნახაზი, ხოლო მისი ზეპირი მოსმენის გარეშე დამტკიცების საკითხზე მოსარჩელის თანხმობაც იქნა მიღებული (იხ. სატელეფონო აქტი).
26. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას მორიგების პირობების შეცვლის შესახებ. კერძოდ, ის გარემოება, რომ ამჟამად მას სურს შესასვლელი კარის სხვა ადგილას გადატანა, რადგან არსებული მდგომარეობა, მისი განმარტებით, საცხოვრებელში სინათლის შეღწევას აფერხებს, ვერ დააყენებს ეჭვქვეშ უკვე შეთანხმებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების ნამდვილობას. მორიგების პირობების შემდგომი შეცვლის სურვილი არ წარმოადგენს მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების გაუქმების დამოუკიდებელ საფუძველს.
27. ამასთან, თუ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია უკავშირდება უკვე დამტკიცებული მორიგების პირობების შესრულებას, აღნიშნული საკითხი უნდა გაიმიჯნოს თავად მორიგების ნამდვილობისა და მისი დამტკიცების კანონიერებისაგან. მორიგებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, თავისთავად, არ მიუთითებს, რომ მორიგება თავიდანვე არ გამოხატავდა მხარის ნებას და ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
28. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება არც მორიგების აქტის გაყალბება, არც მისი ხელმოწერის შემდგომ შინაარსის შეცვლა, არც კერძო საჩივრის ავტორის ნების საწინააღმდეგოდ მორიგების დამტკიცება და არც ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმება შეიძლება მოჰყვეს შედეგად.
29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
30. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი – დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია