დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 24.09.2026
საქმის ნომერი
ას-705-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე Nას-705-2026

24 სექტემბერი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი),მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.ლ–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ც–ძე, მ.ც–ძე

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 31 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება –კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ც–ძემ და მ.ც–ძემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი.ლ–ძის მიმართ და მოითხოვეს: მოპასუხე ი.ლ–ძისათვის მოსარჩელეების მ.ც–ძის და მ.ც–ძის სასარგებლოდ 200 000 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურების დაკისრება; მოპასუხე ი.ლ–ძისათვის მოსარჩელეების მ.ც–ძის და მ.ც–ძის სასარგებლოდ 340 623 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურების დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მ.ც–ძის და მ.ც–ძის სარჩელი მოპასუხე ი.ლ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ც–ძისა და მ.ც–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.ც–ძისა და მ.ც–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - ი.ლ–ძეს მოსარჩელეების - მ.ც–ძისა და მ.ც–ძის სასარგებლოდ დაეკისრა - 340 623 აშშ დოლარის ანაზღაურება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ი.ლ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო; მ.ც–ძის და მ.ც–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო;

5. 2025 წლის 12 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ი.ლ–ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 31 მარტის განჩინებით განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი.ლ–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, რაც ნიშნავს, რომ საქმის განხილვა დასრულდა არა 2024 წლის 5 ივლისს არამედ 2025 წლის 19 ნოემბერს. ამდენად წარმოდგენილი მტკიცებულებები 2024 წლის 15 ივლისს გაცემული სანოტარო აქტები არ არის შექმნილი გადაწყვეტილების გამოტანამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე. მათი წარდგენა შესაძლებელი იქნებოდა საკასაციო განხილვის ეტაპზე, თუ ი.ლ–ძეს ეცოდინებოდა მათი არსებობის თაობაზე.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ნოტარიუსის მიერ შეტყობინება იმის თაობაზე, რომ კრედიტორებმა მიიღეს დეპონირებული თანხა, ანუ მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულება მიღებულ იქნა კრედიტორის მხრიდან, წარამოდგენს სრულიად ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც ძირეულად ცვლის მხარეთა შორის წარმოებული დავის სურათს, რადგანაც აღმოჩნდა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხის მიერ უკვე დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, სარჩელის თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილება გამოიწვევს ი.ლ–ძისთვის ერთი და იგივე თანხის გადახდის ორჯერ დაკისრებას და მოსარჩელეთა უსაფუძვლოდ გამდიდრებას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელი.

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლო, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნებისთვის განმარტავს, რომ სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. Nას-1455-2019, 15.11.2019 წ.).

15. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ასახულია სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას).

16. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, რაც უკავშირდება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკითხს.

17. კანონის დასახელებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).

18. საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო, თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ ქმნის საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX).

20. სასამართლო გადაწყვეტილების „საბოლოობის“, მისი შეუქცევადობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია და მისი შედეგები შეუქცევადია. ხსენებულ პრინციპს მრავალი მიზანი აქვს. მისი საჯაროსამართლებრივი ინტერესი გამოიხატება, მაგალითად: სამართლებრივ განსაზღვრულობაში, სამართლებრივ უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და მართლმსაჯულობისადმი სანდოობაში. გადაწყვეტილების „საბოლოობის“ პრინციპი კერძო პირის უფლებასა და ინტერესსაც ემსახურება, რადგან ის ამით განმეორებითი სამართალწარმოებისგან დაცული იქნება.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, უპირველესად, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილებას (მთლიანად ან ნაწილობრივ). კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს (იხ. სუსგ №ა-4083-ა-11-2021, 24.12.2021 წ.; №ას-7-2021, 18.03.2021 წ.).

23. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად, კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდინეს თუ არა გავლენას გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებში იგულისხმება მხარეთა სადავო ურთიერთობისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტები; გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ამ ფაქტების გაუთვალისწინებლად; თუ ეს ფაქტები ცნობილი იქნებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, მაშინ მათი გათვალისწინებით, საქმეზე გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი, ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც ცნობილი იყო მხარისათვის გადაწყვეტილების გამოტანამდე ან რომლებზე მითითების შესაძლებლობაც გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.

25. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ მტკიცებულებას უკავშირდება, კერძოდ იგი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მოიაზრებს ნოტარიუსის მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს გაცემულ წერილს, რომლითაც ეცნობა, რომ ი.ლ–ძის მიერ სადეპოზიტო ანგარიშზე მ.ც–ძის სასარგებლოდ 359 885 ლარის ოდენობით და მ.ც–ძის სასარგებლოდ - 372 620 ლარის ოდენობით განთავსებული თანხები გადაეცათ მხარეებს, რაც დასტურდება შესაბამისი სანოტარო აქტებით. განმცხადებლის განმარტებით, მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა წინაშე არსებული ვალდებულება უკვე სრულად შესრულებულია.

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხე - ი.ლ–ძეს, მოსარჩელეების - მ.ც–ძისა და მ.ც–ძის სასარგებლოდ დაეკისრა - 340 623 აშშ დოლარის ანაზღაურება. 2025 წლის 5 დეკემბრის წერილით დასტურდება, რომ ი.ლ–ძის მიერ სადეპოზიტო ანგარიშზე მ.ც–ძის სასარგებლოდ 359 885 ლარის ოდენობით და მ.ც–ძის სასარგებლოდ - 372 620 ლარის ოდენობით განთავსებული თანხები გადაეცათ მხარეებს, რაც დასტურდება 2024 წლის 15 ივლისის სანოტარო აქტებით.

27. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ი.ლ–ძის მიერ მითითებული გარემოება ვერ გახდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სანოტარო აქტები რომლებზეც კერძო საჩივრის ავტორი ამყარებს თავის პრეტენზიას გაცემულია 2024 წლის 15 ივლისს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია 2024 წლის 5 ივლისს. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებები/სანოტარო აქტები შექმნილია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. როგორც ზემოთ აღინიშნა „ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად, კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდენს თუ არა გავლენას გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე“. განსახილველ შემთხვევაში კი, ეს მოცემულობა სახეზე არ არის, კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია შესაბამის ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რომელიც შეიძლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო.

29. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საფუძველი, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობა შეიძლება იყოს. შესაბამისად, ი.ლ–ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული.

30. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ განმცხადებლის/კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ნოტარიუსის წერილი და სანოტარო აქტები, რომლის თანახმადაც ი.ლ–ძის მიერ სადეპოზიტო ანგარიშზე მ.ც–ძის სასარგებლოდ 359 885 ლარის ოდენობით და მ.ც–ძის სასარგებლოდ - 372 620 ლარის ოდენობით განთავსებული თანხები გადაეცათ მხარეებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე შესაფასებელ გარემოებებს წარმოადგენს.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამატებით აღარ იმსჯელებს კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელიც არსებით გავლენას ვერ მოახდენს წინამდებარე საქმის გადაწყვეტასა თუ გასაჩივრებული განჩინების შეცვლაზე და მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ლ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 31 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე