დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-339-2026 11 ივნისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ნ.ვ.დ–ვა“ (აპელანტი, მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად გადასახდელი
სადაზღვევო თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1/14 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ აიღო ვალდებულება უზრუნველეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება ხელშეკრულებაზე დართული დაზღვევის პირობების - დანართი №1-სა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის - დანართი №2-ის შესაბამისად. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 94008.04 ლარს, ხოლო 2.6. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება ძალაშია მისი გაფორმებიდან 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით. ხელშეკრულების 17.1. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
2. დაზღვევის ზოგადი პირობების პირველი მუხლით განსაზღვრულია სადაზღვევო რისკები, მათ შორის ერთ-ერთი სადაზღვევო რისკია (ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა) და (ვ) სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია მოძრაობის წესები.
3. ამასთან, ამავე დანართის პირობების მე-2 მუხლით გათვალისწინებულია საერთო გამონაკლისები, რომელთა შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზიანი. საერთო გამონაკლისების „გ“ პუნქტით გათვალისწინებულია ზარალი, რომელიც გამოწვეულია დამზღვევის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული განზრახი ქმედებით, მათ შორის ისეთი შემთხვევა, როდესაც დამზღვევი განზრახ გამოიწვევს სადაზღვევო შემთხვევას (გარდა I ნაწილის I მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან რაიმე ხერხით გააყალბებს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებულ რაიმე დოკუმენტაციას; საერთო გამონაკლისების „ვ“ პუნქტით გათვალისწინებულია შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას (გარდა I ნაწილის I მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
4. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, 2021 წლის 18 ნოემბერს, ქ. ბორჯომში, 07:20 საათიდან 07:25 საათამდე პერიოდში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტომანქანა „TOYOTA HILUX“, სახ. №....... დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა გ.გ–ძე.
5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 23 ივნისის დასკვნის თანახმად, მოცემულ საგზაო სიტუაციაში მონაწილე ავტომობილ „ტოიოტა ჰაილუქსის“ სახ. №.......... მძღოლის, გ.გ–ძის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
6. დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განცხადებიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 18 ნოემბერს, ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში, დასახლებულ პუნქტში, დაახლოებით 06:00 საათზე ავტომობილი, „ტოიოტა ჰაილუქსის" სახ. ნომრით ..... მძღოლმა, გ.გ–ძემ, ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა სავალი გზის მარცხენა მხარეს და გვერდულს მიღმა გადავარდა საცხოვრებელი სახლის ეზოში, რის შედეგადაც დააზიანა სახლის ეზოს ღობე და ეზოში მყოფი ავტომობილები.
7. როგორც შემთხვევაში მონაწილე გ.გ–ძის ახსნა განმარტებიდან ირკვევა, იგი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ, თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, დაახლოებით 90 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ქ. ხაშურის მხრიდან ქ. ბორჯომის მიმართულებით, სოფელ ....... მსვლელობისას. ვინაიდან აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი იყო მოყინული, მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე, მოუცურდა თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი, გადავიდა საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს და შევარდა გვერდულის მიღმა, საცხოვრებელი სახლის ეზოში, რის შედეგადაც დაზიანდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი, საცხოვრებელი სახლის ღობე და ღობის შიგნით მდგომი ავტომობილები. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი „ტოიოტა ჰაილუქსის" მძღოლი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის წინ მოძრაობდა 90 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა თანახმად „თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, მიუხედავად ამისა აღნიშნული არ გამორიცხავს, რომ დასაშვები 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის პირობებშიც მომხდარიყო ავტომობილის მოცურება. შესაბამისად, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი „ტოიოტას“ მძღოლს უნდა შეერჩია, როგორც მოცემული მონაკვეთის უსაფრთხოდ გავლისათვის საჭირო სიჩქარე, აგრეთვე უნდა გაეთვალისწინებინა საგზაო პირობები, რათა თავიდან აეცილებინა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმს, კერძოდ იმ გარემოებას, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი „ტოიოტა ჰაილუქსის“ მძღოლმა მოცემული საგზაო პირობების გათვალისწინებით ვერ შეარჩია მოსახვევის უსაფრთხოდ გავლისათვის საჭირო სიჩქარე და მოყინულ გზაზე ვერ დაიმორჩილა საჭე, რის შედეგადაც გადავიდა გზიდან და დააზიანა საცხოვრებელი სახლის ღობე და ავტომობილები, მივდივართ დასკვნამდე, რომ მოცემულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი „ტოიოტა ჰაილუქსის" სან. ნომრით ........ მძღოლის, გ.გ–ძის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 21 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ა/მანქანის „ტოიოტა ჰაილუქსის“ (სახ. №........) დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 54500 ლარს, ხოლო საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენდა 68000 ლარს. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ა/მანქანაზე არსებული დაზიანებების ავარიული ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით მისი აღდგენა მიზანშეუწონელია.
9. სს „ნ.ვ.დ–ვამ“ 2022 წლის 05 ივლისის წერილით, დაზღვევის პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ მძღოლის ქმედება მზღვეველის მხრიდან შეფასდა უხეშ გაუფრთხილებლობად.
10. სასარჩელო მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა მოპასუხის - სს „ნ.ვ.დ–ვას“ მიმართ, სასარჩელო მოთხოვნით: სს „ნ.ვ.დ–ვისთვის“, მოსარჩელისათვის სასარგებლოდ - 54500 ლარის გადახდის დაკისრება.
11. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, (1). მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე სს „ნ.ვ.დ–ვის“ მიმართ დაკმაყოფილდა. (2). მოპასუხე სს „ნ.ვ.დ–ვას“ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 54500 ლარი ოდენობით.
13. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სს „ნ.ვ.დ–ვის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
15. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
15.1. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
15.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განსაზღვრა უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევა და არასწორად გამოიყენა სსკ-ის 829-ემუხლი. კასატორის მითითებით, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მხოლოდ განზრახვის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების გამორიცხვაზე, ხოლო უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევა გამორიცხეს იმ შემთხვევათა რიგიდან, როდესაც მზღვეველს უფლება ექნებოდა უარი ეთქვა დამზღვევისთვის ზიანის ანაზღაურებაზე. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში აზრი დაეკარგება მხარეთა ნებას რომ მხოლოდ განზრახვით შემოეფარგლათ განსახილველი გამონაკლისი.
15.3. დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, მზღვეველი უფლებამოსილი იყო არ გაეცა ანაზღაურება, თუ ზიანი დადგებოდა მოსარჩელის მძღოლის განზრახი ქმედებით. ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე მითითებას უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაზე. შესაძლოა ნების გამომვლენის ნება, მის მიმღებს განსხვავებულად ესმოდეს, რამაც წარმოშვას გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას, რომელიც შესაძლებელია ნების გამოვლენის განმარტებით.
15.4. ხელშეკრულება განიმარტება საერთო ნების შესაბამისად ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების მიხედვით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისგან. თუ კი საერთო ნების დადგენა შეუძლებელია, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა მსგავსი გონივრული შეფასება.
15.5. ხელშეკრულების 3.13 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო რისკი არის შემთხვევა, როდესაც ზიანი მიადგა დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლის მიერ ექსპლუატაციისას, დამზღვევს წარმოეშვა პასუხისმგებლობა მესამე პირის მიმართ. ხელშეკრულების 6.1.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სადაზღვევო მომსახურება გაუწიოს შემსყიდველ ორგანიზაციებს კონსოლიდირებული ტენდერითა და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და ფასით. სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2021 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პირველი ნაწილის, პირველი მუხლის მიხედვით, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული სადაზღვევო რისკებია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ასევე სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, მძღოლი დაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები თუ არა. სადაზღვევო კომპანია ტენდერში მონაწილეობით დაეთანხმა აღნიშნულ მოწესრიგებას.
15.6. მოცემულ შემთხვევაში, განზრახვაზე მითითების სახელშეკრულებო ნორმები არ შეიცავენ ღია დათქმას, ან კანონმდებლობით შევსებაზე მითითებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ აღნიშნული პირობის ერთადერთი ლოგიკური ახსნა იმაშია, რომ მხარეები შეთანხმდნენ მხოლოდ განზრახვის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების გამორიცხვაზე, ხოლო უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევა გამორიცხეს იმ შემთხვევათა რიგიდან, როდესაც მზღვეველს უფლება ექნებოდა უარი ეთქვა დამზღვევისთვის ზიანის ანაზღაურებაზე. შესაბამისად, ცხადია, რომ არსებული სადავო ხელშეკრულება მზღვეველს ავალდებულებდა უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაშიც აენაზღაურებინა ზიანი, თუმცა აღნიშნული დაუსაბუთებლად არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
20. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის მთავარი კვლევის საგანია სადაზღვევო ხელშეკრულების პირობათა განმარტება, არის თუ არა უხეში გაუფრთხილებლობა სადაზღვევო სახელშეკრულებო რისკად განსაზღვრული. კერძოდ, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო მოწესრიგებაში არ არის სადაზღვევო რისკად უხეში გაუფრთხილებლობა მითითებული, შესაბამისად, მისი მოსაზრებით, დასახელებული გამონაკლისი სახელშეკრულებო მოწესრიგების გარეთაა დარჩენილი, რაც გამორიცხავს მის სადაზღვევო შემთხვევად დაკვალიფიცირებას.
22. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.
23. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ Nას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).
24. საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად, მხარეებს დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით მკაფიოდ უნდა ჰქონდეთ რისკის ფარგლები გამიჯნული მაგალითად მარტივ და უხეშ გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მარტივ გაუფრთხილებლობაზე იქნება კომპანია პასუხისმგებელი. ამავე მსჯელობით განმარტებულია თუ რა პრინციპით შეიძლება ჩაითვალოს ესა თუ ის ქმედება მარტივ გაუფრთხილებლობად, კერძოდ აღნიშნული განჩინების მიხედვით - „საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და დამატებით განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ფარგლები, (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. ამ შემთხვევაში, მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუკონკრეტებიათ ეს ფარგლები, ანუ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ის 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ.“ (ას-1306-1226-2015, 1.07.2015); სიჩქარის გადაჭარბებასთან, როგორც გარკვეულ შემთხვევებში უხეში გაუფრთხილებლობის ერთ-ერთ საფუძველთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სსკ-ის 829-ე მუხლის სააპელაციო სასამართლოსეული განმარტება ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (საქმე#ას-745-713-2014, 30.04.2015, #ას-943-901-2013, 17.02.2014, #ას-1217-1146-2012, 22.10.2012 და #ას-1510-1425-1212, 18.02.2013).
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (იხ. სსკ-ის 799.1 მუხლი). ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოვალეობის უმთავრეს პირობას წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა. თუ არ არსებობს სადაზღვევო შემთხვევა, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც არ არსებობს. მეორე პირობა ამ ნორმის მოთხოვნისა ისაა, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ანუ სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას მხარეები თანხმდებიან დაზღვევის ინტერესისა და საგნის შესახებ, განისაზღვრება სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა და სხვა, რის შემდეგაც ფორმდება სადაზღვევო ხელშეკრულება.
26. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა უხეში გაუფრთხილებლობა თუ მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).
27. სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.; №ას-422-2023, 9.11.2023წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ.: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-499-2023, 7.06.2023წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის დაუთმობლობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).
28. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ.
29. აქვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სპეციალური მოწესრიგების მქონე ისეთ ხელშეკრულებებში, როგორიც სადაზღვევო ხელშეკრულებაა და რომლის ერთი მხარე აუცილებლად არის ლიცენზირებას დაქვემდებარებული იურიდიული პირი (სადაზღვევო საქმიანობის უფლებამოსილი პირი), აუცილებლად გულისხმობს სახელშეკრულებო პირობათა ექსპლიციტურად, ფორმალურად განსაზღვრის იმპერატიულობას, რამდენადაც, ხელშეკრულების საგანი რისკის დაზღვევას გულისხმობს, რომელიც საჭიროებს განმარტებებისა და დათქმების კონკრეტულ სახელშეკრულებო მოწესრიგებას. აუცილებელია, რომ სახელშეკრულებო პირობებათა ჩამონათვალი ამომწურავად და გარკვევით მიუთითებდეს სადაზღვევო შემთხვევეზე. რამდენადაც კასატორი მიუთითებს ნების გამოვლენის კუთხით არსებულ სადავო გარემოებებზე, საკასაციო სასამართლო შეაფასებს აღნიშინულ შედავებას დაზღვევის ხელშეკრულების პარალელურად.
30. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1/14 ხელშეკრულების საფუძველზე. კერძოდ, მოპასუხემ აიღო ვალდებულება უზრუნველეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება ხელშეკრულებაზე დართული დაზღვევის პირობების - დანართი №1-სა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის - დანართი №2-ის შესაბამისად.
31. დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1/14 ხელშეკრულებით განსაზღვრულია ის გამონაკლისები, რა შემთხვევაშიც მზღვეველი უფლებამოსილი იყო არ გაეცა ანაზღაურება (თუ ზიანი დადგებოდა მოსარჩელის წარმომადგენლის/უფლებამოსილი მძღოლის განზრახი ქმედებით (ფ/გ 3.1.1.)). აღნიშნული პირობა ხელშეკრულებაში მეორდება და არცერთ შემთხვევაში არ შეიცავს რაიმე მითითებას უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაზე.
32. ამავდროულად დასახელებული პუნქტები უთითებს დაზღვევის პირობების I ნაწილის I მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სადაზღვევო რისკს წარმოადგენს „სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია მოძრაობის წესები“.
33. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც არ არის სახელშეკრულებო ავტონომიით განსაზღვრული კერძო მოწესრიგება, საკითხი ავტომატურად ექვემდებარება სსკ-ის 82-ე მუხლის რეგულირებას, რომლის მიხედვით, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
34. უზენაესი სასამართლო მიუთითებს დადგენილ პრაქტიკაზე და აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის (განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება) ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმდებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ საქმე №ას-1664-2019, 31 მაისი, 2022 წელი).
35. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დამატებით განსაზღვრავს, რომ უხეში გაუფრთხილებლობის დაზღვევა აუცილებლად ექსპლიციტურად უნდა იყოს გამოხატული ხელშეკრულების კონკრეტულ დებულებაში ფორმალური სახით. ამავდროულად, სასარჩელო დასაბუთებაში მოსარჩელე ვალდებული იყო მიეთითებინა არსებობდა თუ არა რომელიმე სახელშეკრულებო პუნქტი უხეში გაუფრთხილებლობის შესახებ, რაზეც მან ვერ მიუთითა, რამდენადაც ასეთი დათქმა ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული. ამ კუთხით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულების ის დებულება, რომლის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა მძღოლის განზრახი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის შემთხვევაში, არ შეიძლება განმარტებულ იქნეს იმგვარად, რომ სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად მიყენებულ ზიანს ანუ ფაქტობრივად უარს აცხადებს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებაზე. ხელშეკრულებით მოუწესრიგებელი ღიად დარჩენილი საკითხი ექვემდებარება სწორედ კანონით განსაზღვრული წესით რეგულირებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც არ არსებობდა კონკრეტული სახელშეკრულებო პირობა უხეში გაუფრთხილებლობის, როგორც სადაზღვევო შემთხვევის დასაკვალიფიცირებლად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეესაბამება როგორც სამოქალაქო კოდექსის, ისე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შესაბამისად, დასაბუთებულია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის პროცესუალური საფუძველი.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, სსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი