დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.10.2026
საქმის ნომერი
ას-735-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.10.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-735-2026 06 ოქტომბერი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ა...“

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება (სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ა...“-ის (შემდეგში - მიმწოდებელი ან მოსარჩელე ან კასატორი) მიერ სარჩელი აღიძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდეგში - შემსყიდველი ან მოპასუხე ან შეგებებული სარჩელის ავტორი) მოთხოვნით, შემცირდეს მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლო და განისაზღვროს დროულად შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამურად 659.93 ლარია.

2. შემსყიდველმა, შეგებებული სარჩელი აღძრა მიმწოდებლის მიმართ, რომლითაც ვალდებულების შესრულების 102 დღით გადაცილების გამო, მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს - 25 651.64 ლარის დაკისრება მოითხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ 25 651.64 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 დეკემბრის განჩინებით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

3.1.2023 წლის 18 მაისს მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N319 ხელშეკრულება გაფორმდა საწყობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე (შემდეგში - ხელშეკრულება);

3.2.სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 120 კალენდარული დღე;

3.3.ხელშეკრულების 9.3 მუხლის თანახმად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%;

3.4. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე N319/3 შეთანხმებით ხელშეკრულების ღირებულება შემცირდა და განისაზღვრა 251 486.68 ლარით;

3.5. სამუშაოს შესრულებისთვის 120 დღის ვადა ამოიწურა 2023 წლის 15 სექტემბერს - სამუშაოები შესრულდა 102 დღის დაგვიანებით;

3.6. 2024 წლის 17 იანვრის წერილით მიმწოდებელ ეცნობა, რომ დაარღვია ხელშეკრულების 3.1. მუხლი, რომლის მიხედვით, სამუშაო უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში. სამუშაოები დასრულდა 26 დეკემბერს - 102 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების 9.3 მუხლის მიხედვით პირგასამტეხლომ ერთ დღეზე 251.486 ლარი შეადგინა. შესაბამისად, მიმწოდებელს პირგასამტეხლო 25 651.64 ლარი დაერიცხა.

4. მხარეთა ურთიერთდაპირისპირებული ინტერესებისა და პოზიციების ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობების არსებობაზე. შემსყიდველი განმარტავდა, რომ მას მთლიანი სამუშაოს შესრულების მიმართ ჰქონდა ინტერესი, ამიტომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება მთლიან სახელშეკრულებო ღირებულებას მიემართებოდა. პირგასამტეხლოს მხოლოდ ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაანგარიშება კი, არასწორი იქნებოდა. რაკი, საწყობის მშენებლობა არ გულისხმობს მხოლოდ ცალკეული მასალების ან მზა ნივთების მარტივ მიწოდებას, არამედ ეს ერთიანი და რთული ტექნიკური ობიექტის შექმნის პროცესია, შენობის ცალკეულ ნაწილს (მაგ., მხოლოდ საძირკველს ან კედლების ნაწილს) დამკვეთისთვის დამოუკიდებელი ეკონომიკური დანიშნულება არ გააჩნია. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ობიექტი დასრულებულია და აკმაყოფილებს უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭიროო სტანდარტებს. სამშენებლო ხელშეკრულებისას დამკვეთის მთავარი, ნამდვილი ინტერესია არა თავად სამუშაო პროცესის მიმდინარეობა, არამედ საბოლოო შედეგი - დასრულებული და ექსპლუატაციისთვის ვარგისი ობიექტი. თუკი ობიექტი სრულად არ არის დასრულებული, დამკვეთი მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს სარგებელი. სწორედ მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტი ადასტურებს, რომ ობიექტი მზადაა დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის. შუალედურ ეტაპებზე ხელმოწერილი აქტები შეიძლება ადასტურებდეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს და არა ობიექტის მთლიანად ჩაბარებას. ამიტომ, ვადაგადაცილების ათვლა და პასუხისმგებლობის დაკისრება ლოგიკურია მხოლოდ იმ ვადის მიმართ, რომელიც საბოლოო მიღება-ჩაბარებას უკავშირდება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა, რომ შემსყიდველის ინტერესს შეთანხმებულ ვადაში ობიექტის დასრულებული სახით მიღება წარმოადგენდა, რომლის დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვისთვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი იყო მნიშვნელოვანი.

5. უარყოფილი იქნა აპელანტის მითითება მიმწოდებელი კომპანიის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, როგორც პირგასამტეხლოს შემცირების ერთ-ერთ საფუძველზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურის პორტალზე განთავსებული შედარების აქტები, რამდენადაც პალატის მოსაზრებით, ცალკე აღებული აღნიშნული აქტები არ ადასტურებს მოსარჩელის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას. შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი ასახავს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებს, ზედმეტობებს ან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობას კონკრეტულ მომენტში. იგი არ წარმოადგენს კომპანიის სრულ ფინანსურ ანგარიშგებას. შედარების აქტში არსებული მონაცემები შეიძლება მიუთითებდეს მხოლოდ დროებით ფინანსურ შეფერხებაზე ან საგადასახადო პროცედურებზე და არა იმაზე, რომ საწარმოს არ გააჩნია ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების ან ვალდებულებების შესრულების რესურსი.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების საგნის (საწყობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა), ხელშეკრულების დარღვევის მასშტაბის (102 დღიანი ვადაგადაცილება) და კრედიტორის ნაგულისხმევი და ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესის გათვალისწინებით, არ არსებობდა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელე აპელანტმა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა შემცირდეს მასზე დარიცხული პირგასამტეხლო და განისაზღვროს დროულად შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე რაც ჯამურად 1318.52 ლარს შეადგენს.

8. კასატორი აცხადებს, რომ შემსყიდველი ვერ ასახელებს რა სახის ზიანი მიადგა მიმწოდებელის მიერ შესრულების ვადის გადაცილებით. შესაბამისად, იგულისხმება, რომ შემსყიდველს ზიანი არ მისდგომია.

9. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან ხელშეკრულების საგანს საწყობის საშენებლო სამუშაოების შესყიდვა წარმოადგენდა, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით შესრულებული და მიწოდებული სამშენებელო სამუშაოების (ჯამური თანხით 159 179.47 ლარი) არ ქმნის სარგებელს შემსყიდველისათვის და ამას არ გააჩნია ეკონომიკური დანიშნულება. კასატორი აღნიშნავს, რომ ასეთი მსჯელობა მართებული არაა, რამდენადაც მთლიანი ხელშეკრულების ღირებულებიდან - 251 486.68 ლარიდან მიმწოდებელმა დროულად შეასრულა 159 179.47 ლარის სამუშაო - ანუ ჯამური სამუშაოს 63%-64%. სწორედ ეს თანხა წარმოადგენს შემსყიდველის ეკონომიკურ სარგებელს, რამდენადაც ამ თანხის ფარგლებში მას არ მოუწევს შესრულებული სამუშაოების ხელახალი დაფინანსება. კასატორი აღნიშნავს, რომ თავდაპირველი სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სწორედ იმ გარემოებას ეფუძნებოდა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამუშაოების ეტაპობრივად შესრულებას და შემსყიდველისათვის გადაცემას, ამ არგუმენტით ითხოვდა მიმწოდებელი პირგასამტეხლოს დაანგარიშებას სარჩელით. სარჩელის ეს მოთხოვნა თავისთავად უარყოფს და გამორიცხავს შემსყიდველის ინტერესს ერთიანი შესრულების მიმართ. პირგასამტეხლოს შეუსაბამობაზე ისიც მეტყველებს, რომ ხელშეკრულების მიხედვით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი დაჯარიმდებოდა ხელშეკრულების ღირებულების 1%-ით, ხოლო სადავო შემთხვევაში ხელშეკრულება შესრულდა, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, ამის მიუხედავად შემსყიდველი 10 ჯერ მეტ პირგასამტეხლოს ითხოვს ვიდრე ხელშეკრულების შეუსრულებლობის დროს მიიღებდა.

10. კასატორი მიუთითებს, რომ მის კომპანია მძიმე ფინანასურ მდგომარეობაშია, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრებისას.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

15. კასატორი იმ საფუძვლით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც უცვლელადაა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი ოდენობის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ, რომ მიმწოდებელმა დროულად შეასრულა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან - 251 486.68 ლარი, 159 179.47 ლარის სამუშაო. შესაბამისად, კასატორს ამ თანხის ფარგლებში უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო და ისიც შემცირებული განაკვეთით - ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.10%-ისა, უნდა განისაზღვროს 0,02%-ით.

16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ზემომითითებულ არგუმენტს საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასატეხლოს შემცირების საფუძვლად, გამომდინარე იქედან, რომ როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 251 486.68 ლარით განისაზღვრა, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადად - 120 კალენდარული დღე, რომლის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით. სამუშაოები შესრულდა 102 დღის დაგვიანებით, რის გამოც, შემსყიდველმა მიმწოდებელს დაგვიანებისთვის პირგასამტეხლოს სახით, 25 651.64 ლარი დაარიცხა.

17. კასატორი საქმის განხილვის ყველა ეტაპზე დავობს დარიცხული პირგასამტეხლოს შეუსაბამობაზე, რასაც ხელშეკრულების საგნის თავისებურების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

18. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.).

19. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ. გვ. 590).

20. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.; №ას-89-2024, 12.04.2024წ.; №ას-65-2024, 15.04.2024წ.).

21. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

22. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორი - შემსყიდველი აცხადებს, რომ რაკი, საწყობის მშენებლობა არ გულისხმობს მხოლოდ ცალკეული მასალების ან მზა ნივთების მარტივ მიწოდებას, არამედ ეს ერთიანი და რთული ტექნიკური ობიექტის შექმნის პროცესია, შენობის ცალკეულ ნაწილს (მაგ., მხოლოდ საძირკველს ან კედლების ნაწილს) დამკვეთისთვის დამოუკიდებელი ეკონომიკური დანიშნულება არ გააჩნია. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ობიექტი დასრულებულია და აკმაყოფილებს უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭიროო სტანდარტებს. შესაბამისად, მას სამუშაოს მთლიანი შესრულების მიმართ ჰქონდა ინტერესი, ამიტომ პირგასამტეხლო მთლიან სახელშეკრულებო ღირებულებას დაარიცხა.

23. შემსყიდველის ზემომითითებული განმარტება სრულიად საკმარისია საკასაციო პალატისათვის რწმენის შესაქმნელად, რომ პირგასამტეხლოს წინასწარ შეთანხმებული განაკვეთი არაა ვალდებულების დარღვევის არათანაბარზომიერი და კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას არ ემსახურება.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად გადაწყდება.

25. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება მთლიანი შესრულების ღირებულებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთიანი შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იკვეთება, როდესაც ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა საფუძველს აცლის ძირითად შესრულებას, ე.ი, როდესაც, ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა, თავისი არსით, მთლიანი ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება. ხსენებულ საქმეში საკასაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები წარმოადგენდა ერთიან, კომპლექსურ ვალდებულებას, რომელიც ითვალისწინებდა არა ცალკეული სამუშაოების ეტაპობრივ შესრულებასა და მიღებას, არამედ - შენობა-ნაგებობის აშენებასა და დასრულებულ მდგომარეობაში ჩაბარებას. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის დარიცხვა მხოლოდ შეუსრულებელი ნაწილის ღირებულებიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლებრივად უსაფუძვლოა, ვინაიდან ხელშეკრულების ობიექტი იყო დასრულებული სამშენებლო სამუშაოს - ახალი სასაწყობე შენობის სრულად ჩაბარება (იხ. სუსგ №ას-254-2025, 15 ივლისი 2025 წელი, პ.17.2; 17.3).

27. მოცემულ შემთხვევაშიც, იკვეთება იმ ტიპის ვალდებულება, რომლის ნაწილის შეუსრულებლობაც მთლიანი ვალდებულების შესრულებას უკარგავს აზრს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მთლიანი თანხიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება გამართლებულია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას. ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხზე დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდგება.

28. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა...“-ის საკასაციო საჩივარი, როგორ დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ა...“-ს (ს.კ: ......) დაუბრუნდეს გ.ჯ–ვას მიერ 18.06.2026წ. №9695 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1217 ლარის 70% – 851.9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე