დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 13.10.2026
საქმის ნომერი
ას-758-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.10.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-758-2026 13 ოქტომბერი 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი.ღ–ი (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“, შპს „თ.ს.ს–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

პროცესუალური საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 30 აპრილის განჩინებით ი.ღ–ის (შემდეგში - მოსარჩელე ან აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2025 წლის 26 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხეთა შუამდგომლობით, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით, არ დააკმაყოფილა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა იმავე სასამართლოს 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ;

2.2. აპელანტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა 1 540 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა დაევალა; ამ განჩინებით დადგენილი ვადა ხარვეზის სრულად შესავსებად აპელანტს, 2026 წლის 13 მარტის განჩინებით 10 დღით გაუგრძელდა და განემარტა რომ ხარვეზის სრულად შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად;

2.3. 2026 წლის 30 მარტს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტმა, რომელმაც განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებებს არ ეთანხმება;

2.4. 2026 წლის 07 აპრილის განჩინებით, აპელანტს, 2026 წლის 18 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის სრულად შესავსებად განსაზღვრული ვადა კიდევ ერთხელ 7 დღით გაუგრძელდა და განემარტა რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. განჩინება აპელანტს კანონით გათვალისწინებული წესით, 2026 წლის 15 აპრილს, პირადად ჩაჰბარდა;

2.5. 2026 წლის 23 აპრილს, სააპელაციო სასამართლოს კვლავ მომართა აპელანტმა და განცხადებაში აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 177-ე მუხლის მოთხოვნის თანახმად სააპელაციო საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი - ნაბეჭდი ფორმით. აპელანტი ვალდებული არაა სააპელაციო საჩივრის (დამატებით) ელექტრონული ვერსია წარადგინოს. სახელმწიფო ბაჟთან მიმართებით აპელანტმა აღნიშნა, რომ სსსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადების განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 150 ლარს შეადგენს. სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება (ბათილად გამოცხადება), შესაბამისად, სსსკ-ის 39.„ზ“ მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების (დაუსწრებელი გადაწყვეტილება) ბათილად გამოცხადებისას სახელმწიფო ბაჟი 150 ლარს შეადგენს და არა - 1540 ლარს.

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, სასარჩელო მოთხოვნებს აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა წარმოადგენს. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. განჩინება და დაუსწრებელ გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა (სსსკ-ის 240.3-ე მუხლი). შესაბამისად, სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილია კანონიერ ძალაში არშესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე ამავე სასამართლოს 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმება.

4. რაც შეეხება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების (მათ შორის დაუსწრებელი გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის საფუძვლებს, ისინი მოცემულია სსსკ-ის 422-ე მუხლში.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის (აპელანტის) პრეტენზია, რომ სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადება და სსსკ-ის 39.„ზ“ მუხლის თანახმად გადაწყვეტილების (დაუსწრებელი გადაწყვეტილება) ბათილად გამოცხადებისას სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 150 ლარს და არა 1540 ლარს.

6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, სსსკ-ის 41.2 მუხლის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით. სსსკ-ის 39.1 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს, ხოლო იმავე კოდექსის 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 41.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა - უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 4%. სადავო უძრავი ქონება, რომლის საკუთრებაში აღრიცხვასაც მოსარჩელე მოითხოვს, აუქციონზე გაიყიდა 38 500 ლარად (ტ.1 ს.ფ. 23), შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება 38 500 ლარს შეადგენს, რომლის 4 პროცენტი 1 540 ლარია.

7. სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენის ნაწილში აპელანტის პრეტენზიას რაც შეეხება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის №1/107 გადაწყვეტილებით ამას რეკომენდაციული ხასიათის მოქმედება აქვს. ამ გადაწყვეტილების თანახმად, სააპელაციო (საკასაციო) საჩივრის (შესაგებლის) შეტანისას, როგორც წესი, წარდგენილი უნდა იქნეს შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიაც (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმა არ არის წარდგენილი ნაბეჭდი სახით). სასამართლო ფორმების მიზანია ძირითადი საპროცესო დოკუმენტების შინაარსის მიმართ სტანდარტული მიდგომის შემუშავება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება (შდრ.: სუსგ №ა-6389-ა-16-2021, 15 აპრილი, 2022 წ.,პ.39.). სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 368-ე მუხლი. სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარუდგენლობა არ წარმოადგენს მისი განუხილველად დატოვების საფუძველს.

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, სსსკ-ის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2026 წლის 22 აპრილის ჩათვლით უნდა შეევსო. ამ ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა გამოესწორებინა ხარვეზი, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად, სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად. აპელანტმა სასამართლოს მომართა ორჯერ განცხადებებით, რომ არ ეთანხმება ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებებს. ხარვეზის შევსების მიზანი მას არ აქვს. შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილვევალად.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.

10. იგი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარზე არასწორად დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 1540 ლარის გადახდა, რამეთუ მისი დავა არაქონებრივი ხასიათისაა.

11. ამასთან, მის მიმართ არსებობდა სსსკ-ის 46-ე მუხლის გავრცელების წინაპირობები, რომლის მიხედვით მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებულ ზიანზე თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელის ქონება გაიყიდა აუქციონზე, იძულებითი აღსრულება მოხდა სასასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისად, მოითხოვს ქონების უკანონო გაყიდვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია. შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

16. სსსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის არსებობისას, სასამართლო განსაზღვრავს, იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

17. დადგენილია, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით 1 540 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა დაევალა (იხ., ამ განჩინების პ.2).

18. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარზე არასწორად განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაპყრობს ამ განჩინების პ.6-ში ასახულ მსჯელობას, კერძოდ, სსსკ-ის 41.2 მუხლის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით. სსსკ-ის 39.1 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს, ხოლო იმავე კოდექსის 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 41.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა - უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 4%. სადავო უძრავი ქონება, რომლის საკუთრებაში აღრიცხვასაც მოსარჩელე მოითხოვს, აუქციონზე გაიყიდა 38 500 ლარად (ტ.1 ს.ფ. 23), შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება 38 500 ლარს შეადგენდა, რომლის 4 პროცენტი 1 540 ლარია.

19. ზემითითებული საკითხი აპელანტს განემარტა სააპელაციო სასამართლოს მიერ მის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზეც, თუმცა, სსსკ-ის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია.

20. სსსკ-ის 46-ე მუხლის აპელანტის მიმართ გავრცელებას რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორის არც მითითებული პრეტენზია არაა საფუძვლიანი. სსსკ-ის 46-ე მუხლი ადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლებს. პრეტენზია რომ მოსარჩელე აპელანტი დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს არაა სწორი, რამდენადაც სარჩელში დავის საგანია აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებელია, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ღ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე