კასპის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
კონსოლიდირებული რედაქციები (5)
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (22.09.2010 → 15.10.2010)
🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.
ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2010 წლის 9 სექტემბერი
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 თებერვლის №13 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . მესროფაშვილი
დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
მუხლი 1. კასპის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
1. კასპის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;
ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;
გ) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;
დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
ზ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;
თ) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;
ი) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;
კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
ლ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;
მ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ნ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
ო) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
პ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
ჟ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
რ) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას;
ს) საბუღალტრო აღრიცხვას;
ტ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას;
უ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;
ფ) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავებას;
ქ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად;
ღ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადებას, მათი შესრულების კონტროლს;
ყ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას.