საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევისა და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.014.223
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №96
2010 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევისა და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევისა და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულება“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევისა და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში (შემდგომში – სამსახური) სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევისა და სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2
მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და მომზადების, მათი პროფესიული დონის ამაღლების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამსახური უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამსახურში ამ დებულებით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ დებულების შესაბამისად სამსახურში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.
თავი II
სტაჟიორის სტატუსი
მუხლი 4
1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი განათლების მქონე პირი ან აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო წელი.
მუხლი 5
1. სამსახურში სტაჟირების გავლის მსურველმა კანდიდატმა სამსახურის ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) პირადი განცხადება;
ბ) დამამთავრებელი კურსის სტუდენტისათვის – სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის ან შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის დახასიათება-შუამდგომლობა;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) დიპლომის ასლი (უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის);
ე) ორი ფოტოსურათი ზომით 3X4;
ვ) სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.
2. კანდიდატს საბუთების წარდგენის შემდგომ ეძლევა სარეგისტრაციო ბარათი, სადაც მითითებულია გასაუბრების ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი.
3. კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს გასაუბრებაზე სარეგისტრაციო ბარათში მითითებულ დროს. დაგვიანებული კანდიდატები გასაუბრებაზე არ დაიშვებიან, რაც ავტომატურად ნიშნავს მათთვის უარყოფითი შეფასების მიცემას.
მუხლი 6
1. სამსახურის ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში სტაჟიორთა რაოდენობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
2. სამსახურის უფროსი კანდიდატების საბუთების მიღების დაწყებამდე ორი კვირით ადრე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) სამსახურში სტაჟიორთა მიღების შესახებ, სადაც მიუთითებს მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობას, საბუთების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღს, სად ხდება წარსადგენი საბუთების ჩაბარება (მისამართი) და წარსადგენი საბუთების ნუსხას.
3. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება ცხადდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების ინიციატივა მოდის სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის ან შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მხრიდან (დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის სტაჟირების შუამდგომლობის შემთხვევაში), შუამდგომლობის განხილვა ხორციელდება მისი მიღებიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 7
1. სტაჟიორად მიღება ხდება გასაუბრების წესით.
2. გასაუბრებას ატარებს სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შექმნისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ.
3. გასაუბრების დამთავრების შემდგომ კომისია აჯამებს შედეგებს და, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობის ფარაგლებში, ადგენს საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატთა სიას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული სიით გათვალისწინებული კანდიდატი სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ინიშნება სამსახურში სტაჟიორად და განესაზღვრება უშუალო ხელმძღვანელი.
5. დანიშვნის შემდეგ სტაჟიორი გაივლის სავალდებულო ტრეინინგს შესასრულებელი უფლება-მოვალეობების სპეციფიკის გათვალისწინებით.
მუხლი 8
1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება სამ თვემდე ვადით.
2. სამსახურის ადმინისტაციის უფროსი:
ა) პერიოდულად ისმენს და განიხილავს სტაჟიორის ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
ბ) ისმენს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის აზრს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
3. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებასა და შეფასებას ახორციელებენ სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებიც გასაუბრების შედეგებს აწვდიან სამსახურის უფროსს.
4. გასაუბრებაზე განიხილება სტაჟიორის მიერ წარმოდგენილი, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებული რეფერატი იმ ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა სტაჟირებას, აგრეთვე, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის დასკვნა სტაჟიორის მიერ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
6. სტაჟირების შედეგები ცხადდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
7. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის სერტიფიკატი და ირიცხება სამსახურის მონაცემთა ბაზაში.
თავი III
სტაჟიორის უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 9
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს სამსახურში შემოსულ დოკუმენტებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკა, ელექტრონული საშუალებები და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესს;
ბ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამსახურისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ორგანიზებულ და ჩატარებულ ღონისძიებებში და თათბირებში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ წესებს;
გ) გაეცნოს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესასრულებლად.
2. სტაჟიორი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს ამ ქვედანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10
1. სტაჟიორს უფლება აქვს დააყენოს წინადადება სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის წინაშე ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან მეორეში გადაყვანის თაობაზე.
2. სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი უფლებამოსილია სტაჟიორის ცოდნის დონის, აგრეთვე უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვეადნაყოფის ხელმძღვანელის აზრის მოსმენის საფუძველზე მოამზადოს შუამდგომლობა სამსახურის უფროსის წინაშე სტაჟიორის ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის თაობაზე.
მუხლი 11
სტაჟიორი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე სხვა კანონებით და სამართლებრივი აქტებით, იგი ასევე ვალდებულია დაიცვას შრომის შინაგანაწესი და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები;
გ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად;
დ) არ გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი მოვალეობების შესრულებისას.
თავი IV
სამსახურის მოვალეობა
მუხლი 12
სამსახური ვალდებულია სტაჟიორს შეუქმნას სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევების, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად.
მუხლი 13
1. სტაჟიორს ენიშნება უშუალო ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტაჟირების გავლის პროცესს.
2. უშუალო ხელმძღვანელი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და კონკრეტულად განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს ვადა, მიაწოდოს მას აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი მითითებები.
4. სტაჟიორის უშაუალო ხელმძღვანელი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
5. სტაჟირების გავლის საერთო კოორდინაციას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და შევსებას ახორციელებს სამსახურის ადმინისტაცია.
თავი V
სტაჟირების გადავადება/შეჩერება და შეწყვეტა
მუხლი 14
1. სამსახურის უფროსს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორისათვის სტჟირების გადავადების ან შეჩერების შესახებ.
2. სტაჟირების გადავადების ან შეჩერების საფუძველია:
ა) სტაჟიორის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა;
ბ) სტაჟიორის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება – საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
გ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა.
მუხლი 15
1. სტაჟირების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 3 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) სავალდებულო ტრეინინგის გაუვლელობა ან უარყოფითი შეფასების მიღება;
დ) სტაჟიორის პირადი განცხადება.
2. გადაწყვეტილებას სტაჟირების შეწყვეტის თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი.