ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
კონსოლიდირებული რედაქციები (3)
ცვლილებები (2)
📝 ცვლილებები წინა რედაქციასთან შედარებით (04.10.2010 → 30.07.2014)
🔍 ტექსტში ცვლილებები ვერ მოიძებნა.
ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ფორმატირებას ან მეტამონაცემებს, რაც ტექსტის შედარებისას არ ჩანს.
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2010 წლის 6 სექტემბერი
დ. ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულება წარმოდგენილი რედაქციით დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა
დანართი №1
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულება
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 1. კომისიის სტატუსი
1. სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია (შემდგომ – კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. კომისია იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.
3. კომისია იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.
4. კომისიის საქმიანობის წესი, განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).
მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება
1. სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს:
ა) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მოთხოვნათა დაცვას;
ბ) ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და უფლებამოსილებათა ცნობის შესახებ;
გ) შეისწავლის საკრებულოს წევრის სტატუსთან საკრებულოს წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;
დ) განსაზღვრავს საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას;
ე) შეისწავლის ფრაქციის რეგისტრაციისთვის საჭირო მასალებს და საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნას;
ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა და საკრებულოს წევრის სტატუსის დაცვას;
ზ) საკრებულოს უახლოეს სხდომას აცნობებს ფრაქციის გაუქმებისა და ფრაქციის შემადგენლობიდან წევრის გასვლის ფაქტს; ცნობად იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ ინფორმაციას, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს უახლოეს სხდომას;
თ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და მათ შესრულებაზე კონტროლს. ამასთან ადგენს იურიდიულ დასკვნებს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე და ახორციელებს მათ სამართლებრივ ექსპერტიზას;
ი) საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენის შესახებ;
კ) შეიმუშავებს წინადადებებს თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, სამსახურებრივი ეთიკის, ადამიანური რესურსების მართვის, თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის ატესტაციებისა და კონკურსების ჩატარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხებზე; კონტროლს უწევს აღნიშნულ სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას და გატარებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ლ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საშტატო ნუსხის განსაზღვრის, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის, თანამდებობრივი ინსტრუქციების, სამუშაოთა აღწერილობებისა და ანგარიშგების შედგენის შესახებ; აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვას და შესრულებას;
მ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებათა პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებზე;
ნ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.
მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.
3. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;
ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;
გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;
ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;
ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს;
თ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ი) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.
მუხლი 4. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები
1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;
ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;
დ) განახორციელოს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.
3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;
ბ) კომისიის წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შემთხვევაში;
გ) კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.
4. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 5 წევრით.
5. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.
მუხლი 5. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
მუხლი 6. კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. კომისიის დებულებას ამტკიცებს საკრებულო.
2. კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს მიერ.