საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №274
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ
მუხლი 1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. რეორგანიზებულ იქნეს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად – დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულად მასთან შეერთების გზით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად – დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულად მასთან შეერთების გზით.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის შედეგად:
ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ;
ბ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციასა და კვარტალურ განწერაში.
4. დაევალოთ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დირექტორებს მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებათა ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოცემა.
6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2011 წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური