„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო კომისიის შესახებ“
მიღების თარიღი 18.02.1998
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №1-3/107
სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.191
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 18/02/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.1998 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო კომისიის შესახებ“
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ბრძანება
№
1-3/107
1998 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო კომისიის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ და „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულების შესაბამისად
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო კომისიის შესახებ თანდართული დებულება.
2. დაევალოს სამინისტროს:
ა) იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს (ბ-ნი გ. ნიშნიანიძე) უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო კომისიის თანდართული დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს (ბ-ნი რ. ოქრუაშვილი) სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო კომისიის შესახებ დებულების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ გაზეთ „მესაკუთრეში“ გამოქვეყნება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოთ მინისტრის მოადგილეებს ბატონებს ზ. ბახტაძეს და მ. გაბუნიას.
მინისტრი
ა. სილაგაძე
მოამზადა: საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველომ
საფუძველი: საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ და „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულება.
შეთანხმებულია:
ე. ჯუღელი
მ. გაბუნია
ზ. ბახტაძე
დ. გელაშვილი
გ. ნიშნიანიძე
რ. ოქრუაშვილი
გ. ქოიავა
დაეგზავნოს:
მინისტრის მოადგილეებს, სამინისტროს სამმართველოებს და ტერიტორიულ ორგანოებს. გამოქვეყნდეს გაზეთ „მესაკუთრეში“.
დებულება
სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო კომისიის შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულების მე-6 პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების (შემდგომში ობიექტი) პრივატიზების მიზნით საპრივატიზებო კომისიების (შემდგომში კომისია) შექმნისა და მუშაობის წესს. წინამდებარე დებულება არ ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი აქციების გაყიდვაზე.
2. საპრივატიზებოდ დამტკიცებული ობიექტის მუშაკთა მიერ ამ დებულების გამოქვეყნებიდან, ხოლო დაუმტკიცებელ ობიექტებზე კი, დღიდან მათი საპრივატიზებოდ დამტკიცებისა, კომისიები იქმნება 1 თვის ვადაში, ამასთან, კომისიის მიერ დოკუმენტაციის დამუშავებისა და სახელმწიფო ქონების მართვის შესაბამის ორგანოში წარდგენის ვადა არ აღემატება 1 თვეს, დღიდან ამ კომისიის შექმნისა.
3. თუ არ არის დაცული კომისიის შექმნისა და საპრივატიზებო დოკუმენტაციის მომზადების დადგენილი ვადები, მაშინ ობიექტის საპრივატიზებო კომისიას, აუცილებლობის შემთხვევაში ქმნის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.
მუხლი 2🔗.
ობიექტის საპრივატიზებო კომისიის შექმნა
1. კომისია იქმნება არანაკლებ 3-5 წევრისაგან ობიექტის მუშაკთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, რომელსაც უნდა ესწრებოდეს ამ ობიექტის მუშაკთა ორი მესამედი. თუ ობიექტი წარმოადგენს იურიდიულ პირს საერთო კრების გადაწყვეტილება მტკიცდება ხელმძღვანელის ბრძანებით. თუ ობიექტი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს საერთო კრების გადაწყვეტილება მტკიცდება მისი ზემდგომი ორგანოს მიერ.
2. იმ შემთხვევაში, თუ საპრივატიზებო ობიექტის მუშაკთა რაოდენობა არ აღემატება 5 კაცს, საპრივატიზებო დოკუმენტაციას ამზადებს ამ ობიექტის ხელმძღვანელი.
მუხლი 3🔗.
ობიექტის საპრივატიზებო კომისიის მუშაობის რეგლამენტი
1. კომისიის სხდომები ტარდება საჭიროების მიხედვით და პირველ სხდომაზე ირჩევა თავმჯდომარე, რომელსაც ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა კომისიის საქმიანობაზე.
2. კომისიის წევრებს შორის მოვალეობის განაწილებას და მუშაობის რეჟიმის განსაზღვრას ახდენს თავმჯდომარე.
3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში, თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მისი თავჯდომარე და დამსწრე ყველა წევრი კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
მუხლი 4🔗.
ობიექტის საპრივატიზებო კომისიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები
1. კომისია დადგენილი წესით ატარებს ობიექტის ინვენტარიზაციას, ახდენს ქონების შეფასებას, ადგენს მის საწყის გასაყიდ ფასს და პრივატიზების ფორმას, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ობიექტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში კომისია ამზადებს ობიექტის რეორგანიზებისა და მის ბალანსზე რიცხული სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების გამოყენებაზე წინადადებების პროექტს. საჭიროების შემთხვევაში კომისია იწვევს სპეციალისტებს და ექსპერტებს ცალკეული მიმართულებების მიხედვით.
3. კომისიას და ობიექტის ხელმძღვანელს აკისრია პასუხისმგებლობა სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოზე წარსადგენი საპრივატიზებო დოკუმენტების სისწორეზე.
მუხლი 5🔗.
ობიექტის საპრივატიზებო კომისიის უფლება-მოვალეობა
1. კომისიას ობიექტის პრივატიზებისას უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს საპრივატიზებო ობიექტის ადმინისტრაციისაგან და მისი ზემდგომი მმართველობითი ორგანოებიდან ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები;
ბ) არ დაუშვას ობიექტის პრივატიზებამდე საშტატო განრიგის ცვლილება (მუშაკთა
რიცხოვნობის შემცირება ან გაზრდა); ობიექტის ძირითადი ფონდების გაყიდვა ან გაცვლა, ქირით ან იჯარით გაცემა, გირაოში ჩადება, მათ გამოყენებაზე ადრე დადებული რაიმე ხელშეკრულებების მოქმედების შეცვლა და შეწყვეტა;
2. კომისია ვალდებულია დადგენილ ვადებში უზრუნველყოს:
ა) ობიექტის საპრივატიზებოდ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება;
ბ) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს სახელზე ობიექტის საპრივატიზებო დოკუმენტაციის დასამტკიცებლად წარდგენა.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულება
1. ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
2. ამ დებულების გამოქვეყნების დღიდან გაუქმდეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფო კომიტეტის 1992 წლის 24 აგვისტოს დროებითი დებულება „სახელმწიფო საწარმოს საპრივატიზაციო კომისიის შესახებ“.