„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№91/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.014475
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 12/04/2010

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.475

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის

ბრძანება №91/ნ

2010 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის 424/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების (სსმ III, 22.12.2009, №156, მუხლი 1876) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა (დანართი №13)”.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

დანართი№13

სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია უსაფრთხო ორსულობის უზრუნველყოფა, გართულებული მშობიარობის მართვა, პერინატალური სიკვდილობის შემცირება ორსულთა ეფექტური პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა ორსულებისა და მშობიარეებისთვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით პროგრამით გათვალისწინებული დახმარების სრული სპექტრის განხორციელება.

    მუხლი 3. პროგრამის მოსარგებლეები და კომპონენეტები

პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები პროგრამის კომპონენტების შესაბამისად:

 

 

პროგრამის კომპონენტი

 

 

ა)

ანტენატალური მეთვალყურეობა

ყველა ორსული, გარდა „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.

ბ)

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა

მაღალი რისკის ორსულები, მშობიარეები და მელოგინეები გარდა “სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, “სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, “კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, “მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახ-ლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 და „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.

 

2. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

    მუხლი 4. მომსახურების მოცულობა

1. ანტენეტალური მეთვალყურეობა წარმოებს კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციისა (გაიდლაინი) და კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) – „ანტენატალური მეთვალყურეობა ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს“ – შესაბამისად. კომპონენტით იფარება 4 ანტენატალური ვიზიტით (ორსულობის მე-13 კვირამდე, მე-18-20, 30-32-ე და 34-36-38-ე კვირაზე) მომსახურების მოცულობა შემდეგი წესის მიხედვით:

1.

პირველი ვიზიტი 13 კვირის ორსულობის ვადამდე:

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) თერაპევტის კონსულტაცია;

გ) სისხლის საერთო ანალიზი;

დ) შარდის საერთო ანალიზი;

ე) სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით;

ვ) B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/ მარტივი მეთოდით;

ზ) აივ ანტისხეულების განსაზღვრა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;

თ) სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;

ი) საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა

2.

მეორე ვიზიტი ორსულობის მე-18-20 კვირაზე:

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია

(ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად).

3.

მესამე ვიზიტი ორსულობის 30-32–ე კვირაზე:

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;

გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.

4.

მეოთხე ვიზიტი ორსულობის 34–36-38–ე კვირაზე:

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;

გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.

 

2. მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:

ა) მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა (მათ შორის, სეფსისით გართულებული) სტაციონარული მომსახურება;

ბ) გართულებული მშობიარობის მართვა;

გ) გართულებულ ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა კრიტიკული მდგომარეობების მართვა (პირველი 6 დღე).

    მუხლი 5. პროგრამის დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. ანტენატალური მეთვალყურეობის ანაზღაურება ხორციელდება ანტენატალური დახმარების მოცულობის მიხედვით შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ერთი ორსულის მართვის ღირებულება ისაზღვრება 55 ლარის ოდენობით, შემდეგი სქემით:

ა) I ვიზიტი – 32 ლარი;

ბ) II ვიზიტი – 9 ლარი;

გ) III ვიზიტი – 7 ლარი;

დ) IV ვიზიტი – 7 ლარი.

 2. მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტის განმახორციელებელი დაწესებულებები ფინანსდება საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სამედიცინო მომსახუ-რების თითოეული ეპიზოდის მიხედვით. ეპიზოდები დაჯგუფებულია 3 ჯგუფად. თითოეული ჯგუფის ყველა ეპიზოდისათვის დაწესებულია საშუალო ღირებულება

 

 

 

 

 

ჯგუფი

საშუალო ღირებულება

(ლარი)

1.

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სამედიცინო მომსახურება, მძიმე შემთხვევების მართვა მათ შორის 200 ლარი თანაგადახდა პაციენტის მხრიდან

 833

2.

გართულებულ ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა კრიტიკული მდგომარეობების მართვა (პირველი 6 დღე)

2 177

3.

მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა

3 000

 

    მუხლი 6. პროგრამის მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექნიზმები

1. ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით განსაზღვრულ მომსახურებას განახორციელებს შესაბამისი მომსახურების მომწოდებელი ყველა მსურველი სამედიცინო დაწესებულება.

2. მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტის მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. ხელშეკრულების პირობებს, ანგარიშსწორების ფორმებსა და წესს, განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო და ინფორმაციის სახით წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

4. აივ ანტისხეულების განსაზღვრისათვის საჭირო სწრაფი ტესტების შესყიდვას 2010 წლის 1 აპრილიდან უზრუნველყოფს „გლობალური ფონდის მე-2 რაუნდის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მხარდაჭერა და გაფართოება საქართველოში“ პროგრამა.

    მუხლი 7. პროგრამის ბიუჯეტი

„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 541 100 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა

წლიური ბიუჯეტი ( ლარი )

1.

ანტენატალური მეთვალყურეობა

3 000 000

2.

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა

1 541 100

 

 

სულ

4 541 100