„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.014.624
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №378
2010 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.08, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.“.
2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. შიდა აუდიტის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ინსპექტირების სამმართველო;
ბ) მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველო;
გ) რისკების შესწავლის სამმართველო.“.
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის XV თავი და 53-56 მუხლები:
„თავი XV
შიდა აუდიტის დეპარტამენტი
მუხლი 53. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 54. ინსპექტირების სამმართველო
ინსპექტირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და დაწესებულების ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
გ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
დ) სამინისტროსა და მისი სისტემის ორგანოებში გეგმური ან არაგემური აუდიტის ჩატარება, დისციპლინური და სხვა სამსახურებრივი გადაცდომის კუთხით;
ე) სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტის სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციათა განხორციელება.
მუხლი 55. მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველო
მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) კონტროლის განხორციელება სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და კანონმდებლობის განუხრელ შესრულებაზე;
ბ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
დ) სამინისტროს მოსამსახურეთა საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და გადაცდომების, სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობაში მოსალოდნელი ხარვეზების პრევენცია, ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
ე) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ვ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
ზ) სათანადო რეკომენდაციების მომზადების გზით სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის სტიმულირება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა საქმიანობები და მიზნები, რომლებიც გამომდინარეობს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მუხლი 56. რისკების შესწავლის სამმართველო
რისკების შესწავლის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტურობის შეფასება;
გ) სამინისტროს ფუნქციონირების და მის საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზებისა და რისკების შესახებ წერილობითი მოსაზრებების განხილვა;
დ) სამინისტროსა და მისი სისტემის ორგანოების ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის რისკების დადგენა, შეფასება და მონიტორინგი;
ე) დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში შიდა აუდიტის სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქცათა განხორციელება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 11 მაისიდან.
კ. ბაინდურაშვილი