„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დეკემბრის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.014.677
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსის ბრძანება №5
2010 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დეკემბრის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დეკემბრის №10 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 18.12.2008, №180, მუხ. 1845) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:
„ს) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
ტ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
უ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.“.
3. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ დებულების მიზნებისთვის მონიტორინგს ექვემდებარება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის განსაზღვრული საქმიანობიდან გამომდინარე პირის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებული გარიგებათა ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:
ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში;
ბ) გარიგება არის საეჭვო ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა, მიუხედავად თანხის ოდენობისა, მონიტორინგს ექვემდებარება საყურადღებო ან საეჭვო ზონაში მოქმედი ან რეგისტრირებული პირის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დადებული ან შესრულებული ნებისმიერი გარიგება, რომელიც გამომდინარეობს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის განსაზღვრული საქმიანობიდან.“.
4. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სისტემის გამოყენებით სხვა პირის (მაგალითად, მისი აგენტის) მიერ, იმ შემთხვევაში თუ ეს პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით არ დგას აღრიცხვაზე სამსახურში, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული (მათ შორის, ფულადი გზავნილებით) მომსახურებისას განხორციელებულ ოპერაციებზე (გარიგებებზე) ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.“.
5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული ყველა პირის (კლიენტის), მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის იდენტიფიკაცია. პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;“.
6. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ინფორმაციის (მათ შორის, პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების, გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაციის) გაანალიზება, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენა, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) თაობაზე ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსების (ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის) და სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული წესით, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) სისტემატიზაცია და შენახვა, გარიგების (ოპერაციის) ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის და სამსახურისთვის შესაბამისი ანგარიშგების ფორმის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება შიდა ინსტრუქციით შეიძლება მიენიჭოს როგორც მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს), აგრეთვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იმ ხელმძღვანელს, რომელიც შიდა ინსტრუქციის თანახმად კურირებს მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს;“.
7. მე-6 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ოპერაციის (გარიგების) საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და ოპერაციის (გარიგების) თანხის ოდენობის მიუხედავად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ აჩერებს ოპერაციის (გარიგების) შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ან კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების 61 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე). თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ანგარიშგების შესაბამისი ფორმა სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი ეჭვის გაჩენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ ოპერაციის (გარიგების) და მისი მონაწილე პირების შესახებ.“.
8. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:
„131 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.“.
9. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის, აგრეთვე ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.
3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.
4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამისი მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.“.
10. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გზავნილების შესრულებისას სავალდებულოა თანხის გამგზავნი პირის შესახებ შემდეგი ინფორმაციის ასახვა:
ა) დასახელება;
ბ) ანგარიშის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან პირის უნიკალური კოდი;
გ) მისამართი (მისამართი შეიძლება შეიცვალოს: ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომრით პირადობის მოწმობის/პასპორტის მიხედვით ან დაბადების თარიღითა და ადგილით, გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდით).“.
11. მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-6 მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული წესით) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ასევე ოპერაციის (გარიგების) შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები) – ოპერაციის (გარიგების) შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში როგორც ელექტრონული ფორმით დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვ.), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).
2. ოპერაციის (გარიგების) შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შიდა ინსტრუქციით ან სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-6 მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ პირადობის მოწმობის (პასპორტის) საფუძველზე ვერიფიცირებული მონაცემები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები (ნაბეჭდი და ელექტრონული სახით). ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით. ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბეჭდითაც.“.
12. მე-10 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს ცნობები ზემოაღნიშნული კანონის მე-5 და ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა (ოპერაციების) შესახებ, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.
2. სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შედგენილი „მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციის (გარიგების) ანგარიშგების ფორმის“ (შემდგომში „ანგარიშგების ფორმა“) სახით (დანართი №2).
3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს (შეივსოს და გაიგზავნოს) სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში.“.
13. მე-10 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ამ დებულების მე-9 მუხლით განსაზღვრული ვადით. ანგარიშგების ელექტრონული ფორმის შესაბამის გრაფაში ხელმოწერის ნაცვლად მიეთითება მის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული თანამშრომლის (მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის, სპეციალური სტრუქტურული ერთეულის არსებობისას – მისი ხელმძღვანელის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იმ ხელმძღვანელის, რომელიც კურირებს მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს) ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-9 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.“.
14. მე-10 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ელექტრონული ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეულ დამატებით ფურცელზე მიეთითება იმ თანამშრომლის სახელი და გვარი, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება აქვს მინიჭებული შიდა ინსტრუქციით. (ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, ანგარიშგება უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შიდა ინსტრუქციით).“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი