„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 17 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
190040000.19.012.014679
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 01/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.014.679

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

  უფროსის ბრძანება №7

2010 წლის 27 მაისი

  ქ. თბილისი

„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 17 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2009 წლის 17 თებერვლის №1 ბრძანებით (სსმ III, 19.02.2009, №19, მუხ. 233) დამტკიცებულ „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ – „ს“ ქვეპუნქტები:

„ნ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;

ო) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;

პ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;

ჟ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;

რ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;

ს) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.“.

2. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით განსაზღვროს ფულადი გზავნილის განხორციელების ოპერაციის საეჭვოდ და/ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევისა და სამსახურისთვის ანგარიშგების სპეციალური ფორმის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე ანგარიშგების ფორმების შევსების (ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმის შემთხვევაში მისი ხელმოწერის) უფლებამოსილების მინიჭების საკითხები;“.

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გზავნილების შესრულებისას სავალდებულოა თანხის გამგზავნი პირის შესახებ შემდეგი ინფორმაციის ასახვა:

ა) დასახელება;

ბ) ანგარიშის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან პირის უნიკალური კოდი;

გ) მისამართი (მისამართი შეიძლება შეიცვალოს პირადი ნომრით პირადობის მოწმობის/პასპორტის მიხედვით ან დაბადების თარიღითა და ადგილით, გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდით).“.

4. მე-6 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის კლიენტის და/ან მისი წარმომადგენლის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;

ბ) თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის კლიენტი (მისი წარმომადგენელი) შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში.

გ) ამ დებულების 61 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას.

9. თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე, ეს უკანასკნელი ვალდებულია ანგარიშგების შესაბამისი ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი ეჭვის გაჩენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევაში ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაუყონებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, შედგენილი ამ ბრძანების დანართის №2 მიხედვით და მასთან ერთად მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია (დოკუმენტი).“.

5. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.“

6. მე–6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირის მსგავსი საიდენტიფიკაციო პროცედურები.“.

7. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

     „მუხლი 61. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით

1. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.

2. თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;

ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის, აგრეთვე ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად;

გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.

3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.“.

8. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტების ასლები) დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-6 მუხლის 111 პუნქტით გათვალისწინებული წესით), ასევე ინფორმაცია (დოკუმენტები) განხორციელებული ფულადი გზავნილის შესახებ შეინახოს შესაბამისი ოპერაციის შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხდეველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისთვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება როგორც ელექტრონული საშუალებებით დაფიქსირებული ინფორმაცია (მაგალითად, მონაცემთა ელექტრონული ბაზის სახით), ასევე ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან დოკუმენტების (მათი ასლების) სახით არსებული ინფორმაცია. ასლები უნდა იყოს დამოწმებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ (თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს ამ ფუნქციის შესრულება). ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი, რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-6 მუხლის 111 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ პირადობის მოწმობის (პასპორტის) საფუძველზე ვერიფიცირებული მონეცემები.“.

9. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს (შეივსოს და გაიგზავნოს) სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში.“.

10. მე-9 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გადაწყვეტილებას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ის თანამშრომელი, რომელსაც ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება. ანგარიშგების ფორმების შევსების (ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმების შემთხვევაში, მათი შევსებისა და ხელმოწერის) უფლება აქვს მხოლოდ იმ თანამშრომელს, რომლებსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით (თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს ამ ფუნქციის შესრულება). ანგარიშგების ელექტრონული ფორმის შესაბამის გრაფაში ხელმოწერის ნაცვლად მიეთითება მის შევსებაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

10. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში ანგარიშგების ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.“.

11. მე-9 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ელექტრონული ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი და გვარი. ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმის თითოეული დამატებითი ფურცელი უნდა იყოს დამოწმებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით.“.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. როინიშვილი