„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №502
2010 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში (სსმ III, 1999 წ., №69 (76), მუხ. 1064) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21
1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის, წყალზე მოწყობილი ობიექტებით სარგებლობის წესები განისაზღვრება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესები განისაზღვრება დანართი №5-ის შესაბამისად.“;
ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №5:
„დანართი №5
საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესები
საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების (შემდეგში – წესები) მიზანია საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების, ადამიანთა გადარჩენისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმი
1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმი (შემდეგში – სასაზღვრო რეჟიმი) მოიცავს:
ა) ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების მოწყობის, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემებით სარგებლობისა და ცურვის წესებს;
ბ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელების წესებს.
2. ეს წესები ვრცელდება:
ა) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში, გარდა საქართველოს ნავსადგურების აკვატორიის ტერიტორიისა, მცურავ (მყოფ) ზომამცირე გემებზე, განურჩევლად გემის დროშის სახელმწიფოსა და კუთვნილების ფორმისა;
ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან, ცურავენ ან ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში, აგრეთვე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების მფლობელებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ზომამცირე გემი:
ა.ა) თვითმავალი გემი 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობით და მთავარი ძრავის 55 კილოვატზე (75 ცხენის ძალაზე) ნაკლები სიმძლავრით ან კიდული ძრავების მქონე გემი, მიუხედავად ძრავის სიმძლავრისა, აგრეთვე წყალზე გადაადგილების ძრავიანი სხვა საშუალება;
ა.ბ) არათვითმავალი აფრიანი გემი 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობით, აგრეთვე სხვა არათვითმავალი გემი (ნიჩბიანი ნავი 100 კილოგრამი ან მეტი ტვირთამწეობით, ბაიდარი 150 კილოგრამისა და მეტი ტვირთამწეობით, გასაბერი ნავი, რომლის ტვირთამწეობაა 225 კილოგრამი ან მეტი);
ბ) ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტი (შემდეგში – ბაზირების პუნქტი) – ზომამცირე გემებისათვის განკუთვნილი ნავმისადგომი, რომელიც განთავსებულია საზღვაო ნავსადგურების ფარგლებს გარეთ, შედგება მისთვის განსაზღვრული აკვატორიისაგან, სახმელეთო ტერიტორიისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობებისაგან.
თავი II
ბაზირების პუნქტების მოწყობა
მუხლი 3. ბაზირების პუნქტების მოწყობის წესები
1. ბაზირების პუნქტების ტერიტორია აღიჭურვება განათებით, საჭიროების შემთხვევაში, შეძლებისამებრ შემოიფარგლება არანაკლებ 2მ სიმაღლის ღობით, მათ შორის, ზღვის მხრიდანაც.
2. ბაზირების პუნქტი აღინიშნება თეთრი ფარით, რომლის ზომაა 100X60 სმ, მასზე აღინიშნება მონაცემები სადგომად დასაშვები ზომამცირე გემების სახეობებისა და რაოდენობის შესახებ.
3. ბაზირების პუნქტის ტერიტორიაზე განლაგდება გასაბერი ნავების, ნიჩბების, აფრების, კიდული ძრავების, სამაშველო-ავარიული აღჭურვილობის შესანახი სათავსი საკეტით.
4. ბაზირების პუნქტი აღიჭურვება:
ა) ზომამცირე გემების დასამაგრებელი ბოძებით (არანაკლებ 15 სმ დიამეტრისა და 60 სმ სიმაღლისა) ლითონის რგოლებით, საკეტებითა და 2 მ სიგრძის ბაგირებით (ჯაჭვებით);
ბ) ნავმისაბმელი მოწყობილობით;
გ) საშტორმო გაფრთხილების სასიგნალო ანძით;
დ) საინფორმაციო სტენდით, რომელზეც აღინიშნება ინფორმაცია ბაზირების პუნქტის მუშაობის რეჟიმის, სასაზღვრო რეჟიმის, მათ შორის, ზომამცირე გემებით სარგებლობისა და ცურვის წესების შესახებ.
5. ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტიდან გასვლისა და შემოსვლისას სავალდებულოა მათი რეგისტრაცია სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც აღინიშნება ზომამცირე გემების:
ა) სარეგისტრაციო ნომერი ან/და სახელწოდება;
ბ) მოსარგებლის სახელი და გვარი (მიეთითება პირი, რომელიც მართავს ზომამცირე გემს);
გ) ბაზირების პუნქტიდან გასვლის დრო;
დ) ბაზირების პუნქტიდან გასვლის მიზანი და მარშრუტი;
ე) დანიშნულების ადგილი;
ვ) ნაოსნობის ფაქტობრივი დრო.
6. აკრძალულია ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტიდან გასვლა, თუ:
ა) ზომამცირე გემს არ აქვს ნაოსნობის ვარგისიანობის მოწმობა;
ბ) ზომამცირე გემი ტექნიკურად გაუმართავია;
გ) პროგნოზირებული და/ან ფაქტობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები სახიფათოა შესაბამისი კატეგორიის ზომამცირე გემის უსაფრთხო ნაოსნობისათვის.
7. ბაზირების პუნქტის მფლობელი ვალდებულია დანიშნოს ბაზირების პუნქტის მოვლასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირი.
8. ფიზიკური პირის კუთვნილი ბაზირების პუნქტი, რომელსაც იგი არაკომერციული მიზნით იყენებს თავის მფლობელობაში არსებული ზომამცირე გემის სადგომად, აღჭურვილი უნდა იყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მუხლი 4. ბაზირების პუნქტებში ზომამცირე გემების შენახვის წესი
1. ბაზირების პუნქტებში ზომამცირე გემები ინახება ბაგირების (ჯაჭვების) საშუალებით ლითონის რგოლების მქონე ბოძებზე დამაგრებულ და საკეტით ჩაკეტილ მდგომარეობაში ან საკეტიან სათავსში, რომლის გასაღები ინახება ზომამცირე გემის მფლობელთან.
2. გასაბერი ნავები ინახება საკეტიან სათავსში, რომლის გასაღები ინახება ბაზირების პუნქტის ექსპლუა-ტაციაზე პასუხისმგებელ პირთან ან მფლობელთან.
3. დასაშვებია იმ ზომამცირე გემების წყალზე შენახვა და ღუზაზე გაჩერება, რომელთა წონის, ზომისა და სხვა დამახასიათებელი ნიშნების გამო შეუძლებელია მათი ნაპირზე ატანა ან ბაზირების პუნქტთან მიბმა.
მუხლი 5. რეკრეაციულ ადგილებში ბაზირების პუნქტების მოწყობა
1. ბაზირების პუნქტი შეიძლება მოეწყოს პლაჟზე, როგორც მარტივი ტიპის მსუბუქი კონსტრუქციის ნავსადგომი, მათ შორის, ზომამცირე გემების გამქირავებელი პუნქტის სახით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და წესით.
2. ბაზირების პუნქტის პლაჟზე მოწყობის დროს მასზე არ ვრცელდება ამ წესების მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. რეკრეაციულ (პლაჟებისა და ბანაობის) ადგილებში ზომამცირე გემების გასაქირავებელი პუნქტი აღჭურვილი უნდა იყოს სამაშველო ინვენტარით (სამაშველო რგოლი, ჟილეტი, თოკი) და უნდა ჰყავდეს წყალზე უსაფრთხო ნაოსნობის ინსტრუქტორი.
4. ძრავიანი და იალქნიანი ზომამცირე გემების პლაჟების ნაპირიდან გასვლა-შემოსვლა უნდა წარმოებდეს მხოლოდ სპეციალური ტივტივებით შემოღობილი დერეფნებიდან, რომელთა სიგრძე ნაპირიდან არანაკლებ 100 მეტრია, ხოლო სიგანე არანაკლებ – 25 მეტრი. მათი შემდგომი ნაოსნობა ხორციელდება ნაპირის გასწვრივ 100 მეტრის დაშორებით.
თავი III
ზომამცირე გემებით სარგებლობა და ცურვა
მუხლი 6. ზომამცირე გემებით სარგებლობის წესი
1. ზომამცირე გემებით სარგებლობის წესი განსაზღვრავს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების გამოყენების პირობებს.
2. აკრძალულია ზომამცირე გემების გამოყენება:
ა) სარეგისტრაციო ნომრის ან/და სახელწოდების თვალსაჩინო ადგილზე აღნიშვნის გარეშე;
ბ) ნაოსნობის ვარგისიანობის მოწმობის გარეშე;
გ) მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობისა და ტვირთამწეობის დადგენილი ნორმების დაცვის გარეშე;
დ) ძრავის მაქსიმალური სიმძლავრის და რაოდენობის, აფრების დაშვებული ფართობის დადგენილი პირობების დარღვევით;
ე) აუცილებელი სამაშველო, სახანძრო, სასიგნალო, სანავიგაციო და სხვა საშუალებებით აღჭურვილობის გარეშე.
მუხლი 7. ზომამცირე გემის მფლობელისა და იმ პირის ვალდებულებები, რომელიც მართავს ზომამცირე გემს
ზომამცირე გემის მფლობელი ან პირი, რომელიც მართავს ზომამცირე გემს, ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ წესებით დადგენილი მოთხოვნები, მგზავრთა უსაფრთხოება, ზღვის გარემო, უზრუნველყოს ზომამცირე გემის უსაფრთხო ექსპლუატაცია;
ბ) გამოყენებამდე შეამოწმოს ზომამცირე გემის ტექნიკური გამართულობა, მათ შორის, სამაშველო აღჭურვილობა;
გ) გააცნოს მგზავრებს ზომამცირე გემზე ასვლის, ყოფნის და გადმოსვლის წესები, აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობის მოთხოვნები;
დ) განახორციელოს ზომამცირე გემის ნაოსნობა (მართვა) მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს დასაშვებია შესაბამისი კატეგორიის ზომამცირე გემისათვის;
ე) გაუწიოს დახმარება ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ შველას წყალზე. უბედური შემთხვევების, გარემოს დაბინძურებისა და ავარიული სიტუაციების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს;
ვ) შეასრულოს ბაზირების პუნქტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები;
ზ) ზომამცირე გემების საწვავით გამართვისას დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები;
თ) დაიცვას ზომამცირე გემის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მუხლი 8. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების ცურვის წესი
1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების ცურვის პირობები განისაზღვრება ამ წესით.
2. აკრძალულია:
ა) ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების მდგომარეობაში ზომამცირე გემის მართვა;
ბ) ზომამცირე გემის სამართავად გადაცემა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების მდგომარეობაში მყოფი პირისათვის;
გ) მცურავი საშუალებების სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე პირისათვის, თუ მართვის უფლების აუცილებლობა დადგენილია კანონმდებლობით;
დ) ძრავის მქონე ზომამცირე გემების ნაოსნობა ბაზირების პუნქტების აკვატორიაში 6 კვანძზე (11 კმ/სთ-ზე) მეტი სიჩქარით;
ე) ზომამცირე გემებით მოძრაობა ნისლში ან სხვა ისეთ არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, როცა შეზღუდული ხილვადობის გამო შეუძლებელია ორიენტირება;
ვ) სხვა გემებისათვის ნაოსნობის შეფერხება;
ზ) ნაპირიდან და ბაზირების პუნქტიდან დაშორების დადგენილი მაქსიმალური მანძილის უგულვებელყოფა;
თ) ბუქსირების მიზნით სატრანსპორტო, ტექნიკურ და დამხმარე გემებზე მიბმა, მათი კურსის გადაჭრა ან მათ ახლოს მოძრაობა;
ი) აფრის ან ძრავის დაყენება ნიჩბიან ნავებსა ან გემებზე, რომლებიც არ გამოყენება აღნიშნული მიზნით;
კ) ზღვაში გასვლა დღე-ღამის ბნელ დროს არათვითმავალი ზომამცირე გემებით, აგრეთვე აფრიანი და ძრავიანი ზომამცირე გემებით სასიგნალო შუქების გარეშე;
ლ) მოტივტივე სანავიგაციო ნიშნებთან ან უსაფრთხოების ზონებში არსებულ ობიექტებთან მისვლა და ზომამცირე გემის მათზე მიბმა;
მ) ზომამცირე გემიდან ნავთობპროდუქტების ჩაღვრა, მავნე ნივთიერებებისა და დამაბინძურებელი ნარჩენების, აგრეთვე მასალების ჩაყრა ან ჩამარხვა;
ნ) გემის სვლაგეზზე დგომა;
ო) მოძრაობის დროს ერთი ზომამცირე გემიდან მეორეზე გადასხდომა;
პ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებისა და ტერიტორიული ზღვის დროებით შეზღუდულ ან აკრძალულ რაიონებსა და აკვატორიაში ცურვა;
ჟ) ორი ან მეტი კიდული ძრავის გამოყენება, თუ ეს არ არის გემის კონსტრუქციით გათვალისწინებული;
რ) თვითმავალი ან იალქნიანი ზომამცირე გემით პლაჟისა და სხვა საბანაო/საცურაო აკვატორიაში შესვლა და მანევრირება;
ს) ჰიდროციკლით 100 მეტრის მანძილით მიახლოება პლაჟის აკვატორიის საზღვართან ან მოცურავესთან, გარდა ამ წესების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ტ) გამცილებლის გარეშე სკოლამდელი ასაკის ბავშვების გადაყვანა;
უ) ზღვაში გასვლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულე-ბის – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის (შემდეგში – სანაპირო დაცვის დეპარტამენტი) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის შეტყობინების გარეშე, გარდა ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
3. პირები, რომლებიც მართავენ ზომამცირე გემს, ვალდებული არიან შეასრულონ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, ზღვაში გემების შეჯახების პრევენციის საერთაშორისო წესები, უზრუნველყონ ზომამცირე გემების უავარიო ნაოსნობა, თავიდან აიცილონ ადამიანთა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება და დაიცვან თევზჭერის წესები და გარემო.
მუხლი 9. ზომამცირე გემების საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შეტყობინება
1. ბაზირების პუნქტებიდან საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების გასვლა, გარდა ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებული ნიჩბიანი და გასაბერი (ძრავის გარეშე) ნავებისა, ბაიდარებისა და ჰიდროციკლებისა, ხორციელდება სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წინასწარი შეტყობინებით.
2. ზომამცირე გემების ზღვაში გასვლის შესახებ შეტყობინების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.
თავი IV
საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელება
მუხლი 10. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელების წესები
1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის (შემდეგში – საქმიანობა) განხორციელებაზე ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საქმიანობა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის შეტყობინების საფუძველზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საქმიანობის განხორციელების შეჩერება ან აკრძალვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოყენებული გემების მფლობელები და ის პირები, რომლებიც მართავენ ამ გემებს, ვალდებული არიან დაიცვან ამ წესებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და ადამიანთა გადარჩენის მიზნით.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 11. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დაცვის კონტროლი
1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დაცვის კონტროლს ახორციელებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისთვის ზომამცირე გემების საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, აგრეთვე მონაცემთა ელექტრონული ბაზის ხელმისაწვდომობას.
მუხლი 12. პასუხისმგებლობა წესების დარღვევისათვის
ამ წესების დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მ. სააკაშვილი