"სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2010 წლის 22 სექტემბერი
ქ.სიღნაღი
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №13 დადგენილების №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საკრებულოს უფლებამოსილება
1. საკრებულოს უფლებამოსილება განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით (რეგლამენტით).
2. საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა, გადარჩევა, წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, აგრეთვე საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა;
ბ) კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა;
დ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა;
ე) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია; „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდება;
ვ) თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის ნებართვით, სესხის ან გრანტის აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი ხელშეკრულების დამტკიცება;
თ) მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა;
ი) ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;
კ) გადაწყვეტილების მიღება იმ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის განვითარებას;
ლ) განათლების, კულტურის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
მ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;
ნ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონით თვითმმართველ ერთეულზე დელეგირებული უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ო) მოსახლეობის დასაქმების ხელშემწყობ მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
პ) კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური მომსახურების დამატებითი დაფინანსების შესახებ;
ჟ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების დადგენა;
რ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;
ს) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;
ტ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;
უ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა დამტკიცება;
ფ) ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
ქ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;
ღ) თვითმმართველი ერთეულის ინფორმატიზაციის კონცეფციისა და პროგრამის დამტკიცება;
ყ) თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულების დამტკიცება;
შ) ადგილობრივი ქონების და თვითმმართველი ერთეულის დოკუმენტების და მათთან დაკავშირებული უფლებების აღრიცხვის წესების დადგენა;
ჩ) თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დამტკიცება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;
ც) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს;
ბ) უძღვება საკრებულოს მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს აპარატისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა საქმიანობას;
გ) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და დასრულებულად აცხადებს საკრებულოს მორიგ და რიგგარეშე სხდომებს;
დ) უძღვება სხდომებზე საკითხების განხილვას;
ე) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი სხდომის ჩატარების პროცედურების დაცვას;
ვ) ადგენს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანმიმდევრობის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
ზ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
თ) ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიას;
ი) იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;
კ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის განვითარების პრიორიტეტების, მ უ ნიციპალური პროგრამების და ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა (ბიუჯეტის) შესრულების მიმდინარეობას;
ლ) საერთო კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების მუშაობას;
მ) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს წევრთა უფლებების დაცვას;
ნ) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი მოვალეობების შესრულებას;
ო) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეთა წარდგინებით საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; დებს და აუქმებს მათთან ხელშეკრულებებს; საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიებში მოწვეულ პირთა საქმიანობას;
პ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიათა დებულებებს; გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს; ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას;
ჟ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას;
რ) ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით მიკუთვნებულ უფლება-მოვალეობებს;
ს) საერთო კორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობებისა და ინვენტარის მიზნობრივ ექსპლუატაციას, აკონტროლებს მათ ვარგისიანობას; ამ მიზნით ქმნის სამუშაო-სარევიზიო ჯგუფებს, საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტ-სპეციალისტებს, მათი მეშვეობით ადგენს ქონების ვარგიასიანობის ხარისხს და ექსპლოატაციის მიზნობრიობას; მნიშვნელოვანი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;
ტ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ზედელაშვილი