„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.014.891
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №603
2010 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2008წ., №187 მუხ. 2014) დამტკიცებულ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დერეფანი – (მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი) საბაჟო კონტროლის ღონისძიება, რომელიც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა უნდა განახორციელოს დეკლარირებული საქონლის შესახებ მონაცემთა რისკის პროფილთან თანხვედრის ან არათანხვედრის შემთხვევაში;
ვ) შეტყობინება – საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლისათვის დამატებით ელექტრონული სახით მიწოდებადი მითითება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიება უნდა განხორციელდეს რისკის პროფილის საფუძველზე დეკლარაციისათვის შესაბამისი დერეფნის განსაზღვრის შემთხვევაში.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რისკის პროფილების შემუშავება ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ კომისიასთან შეთანხმებით.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის შესაბამისად დამტკიცებული რისკის პროფილი „ASYCUDA“-ში ინტეგრირების მიზნით გადაეცემა შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტს.“.
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
1. დეკლარაციისთვის დერეფნის განსაზღვრასთან ერთად, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს თანამშრომელი „ASYCUDA“-ს მეშვეობით ელექტრონულად იღებს შეტყობინებას, რომელშიც მიეთითება საბაჟო კონტროლის დამატებით გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ.
2. „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარაციისთვის დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, სათანადო წერილობითი დასაბუთების საფუძველზე და ზემდგომ თანამდებობის პირთან შეთანხმებით, შეიძლება განხორციელდეს დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმება ან/და საქონლის დათვალიერება.
3. განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის დეკლარაციებისთვის (გარდა იმ დეკლარირებული საქონლისა, რომლის დეკლარაციისთვის რისკის პროფილის საფუძველზე უკვე განისაზღვრა დერეფანი), საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილზე დერეფნები განისაზღვრება შემთხვევითი შერჩევის გამოყენებით. დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევა ხორციელდება „ASYCUDA“-ს მეშვეობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებელი კონფიდენციალურია და მტკიცდება ინსტრუქციის მე-3 მუხლით დადგენილი წესით.
5. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესაბამისად გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა აისახოს ელექტრონულად „ASYCUDA“-ში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგების „ASYCUDA“-ში ასახვის წესი მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი