„საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაარსებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №508 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№402
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 66, 10/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №402

2010 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაარსებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №508 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაარსებისა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №508 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №133, მუხ. 1167) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დებულება“;

ბ) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) ძირითადი ამოცანებია UNESCO-ს საქმიანობაში საქართველოს აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა, UNESCO-ს მისიის შესაბამისი პროგრამების შედგენა, შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა.

    მუხლი 2

კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ასევე UNESCO-სა და კომისიის დებულებებით.

    მუხლი 3

კომისიას აქვს საბანკო ანგარიში, სატიტულო ბლანკი, ლოგო და ბეჭედი წარწერით „საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია“;

გ) მე-5 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) UNESCO-ს მიზნების, პროგრამებისა და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

ვ) მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებისათვის UNESCO-ს მიერ მიღებული დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა.“;

დ) მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების, UNESCO-სა და კომისიის საქმიანობისა და UNESCO-ში ვაკანტურ თანამდებობათა შესახებ ინფორმაციის გავრცელება.“;

ე) IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„IV. კომისიის უფლებები“;

ვ) მე-7 მუხლის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დამოუკიდებლად ან შესაბამის დაწესებულებებთან ერთად განახორციელოს UNESCO-ს პროექტები;

ზ) UNESCO-ს „მონაწილეობის პროგრამის“ ფარგლებში შეარჩიოს UNESCO-სათვის წარსადგენი პროექტები;

თ) UNESCO-ს მიერ დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში გააფორმოს ხელშეკრულებები იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც UNESCO-ს დაფინანსებით ახორციელებენ „მონაწილეობის პროგრამით“ გათვალისწინებულ და/ან სხვა კონკრეტულ პროექტებს;“;

ზ) V, VI და VII თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

V. კომისიის შემადგენლობა

    მუხლი 11

კომისია შედგება 12 წევრისაგან: კომისიის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და კომისიის სხვა წევრებისაგან.

    მუხლი 12

კომისიის წევრები შესაძლოა იყვნენ საქართველოს სამინისტროების, სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, დამოუკიდებელი ექსპერტები.

    მუხლი 13

კომისიის პრეზიდენტია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 14

კომისიის პრეზიდენტი ნიშნავს კომისიისა და საექსპერტო ჯგუფის წევრებს.

    მუხლი 15

კომისიის ვიცე-პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს ნიშნავს კომისიის პრეზიდენტი კომისიის წევრების თანხმობის საფუძველზე.

    მუხლი 16

კომისიის გენერალური მდივანი უნდა იყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი.

    მუხლი 17

კომისიის სატიტულო ბლანკს ხელს აწერს კომისიის პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი, ან გენერალური მდივანი.

    მუხლი 18

კომისიის წევრები მუშაობენ ანაზღაურების გარეშე.

    მუხლი 19

კომისიის ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი სტატუსით.

    მუხლი 20

კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

    მუხლი 21

კომისიის ნებისმიერ წევრს შეუძლია კომისიის შემადგენლობიდან გასვლა, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობოს კომისიის პრეზიდენტს.

VI. კომისიის სამდივნო

    მუხლი 22

კომისიის ორგანიზაციული და დიპლომატიური საქმიანობის უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო.

    მუხლი 23

კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი.

    მუხლი 24

კომისიის სამდივნოს წევრები არიან კომისიის გენერალური მდივნის წარდგინებით კომისიის პრეზიდენტის – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. კომისიის სამდივნოს ფინანსური დოკუმენტაციის წარმოებაში დახმარებას უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

    მუხლი 25

გენერალური მდივანი:

ა) წარმოადგენს კომისიას UNESCO-სა და UNESCO-ს წევრი სხვა ქვეყნების ეროვნულ კომისიებთან, მათ შორის, ამ წევრი სახელმწიფოების სახელმწიფო დაწესებულებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ბ) აწვდის ინფორმაციას შესაბამის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებს UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ მთავრობათაშორის ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით;

გ) შეისწავლის UNESCO-ს მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებით, შეიმუშავებს იმ დოკუმენტების პროექტებს, რომლებიც განეკუთვნება UNESCO-ს საქმიანობის სფეროს;

დ) შესაბამის სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებით ამზადებს UNESCO-ს კონფერენციებისა და შეხვედრების, ასევე UNESCO-ს პროგრამების განხორციელებაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებულ მოხსენებებსა და მიმოხილვებს;

ე) კომისიას წარუდგენს რეკომენდაციებს პროექტების შემუშავების, შეფასებისა და განხორციელების შესახებ;

ვ) კომისიის პროექტების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სპეციალისტებთან;

ზ) კომისიას წარუდგენს მოხსენებებს შესრულებული სამუშაოს შესახებ;

თ) ხელს აწერს სატიტულო ბლანკს და ფინანსურ დოკუმენტაციას, აფორმებს ხელშეკრულებებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ UNESCO-ს მიერ დაფინანსებულ „მონაწილეობის პროგრამით“ გათვალისწინებულ კონკრეტულ პროექტებს ან, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა პროექტების შემსრულებლებთან.

VII. კომისიის მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 26

კომისიის მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი