„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№705
2010 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1623) დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16.
ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის (დაგეგმვის) ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა, პროკურორთათვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება, საჭიროების შესაბამისად, სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის განახლებისა და დახვეწის მიზნით წინადადებების მომზადება;
ბ) დანაშაულის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა, საერთაშორისო პრაქტიკისა და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს განვითარების მიზნით კონკრეტული წინადადებებისა და პროექტების შემუშავება და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა;
გ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების განხორციელება, საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა და ანტიკორუფციულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და მათთვის წარსადგენი ანგარიშების მომზადება;
დ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ინტეგრირებული სისტემის დანერგვისა და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, სისტემის დახვეწა და განვითარება, სისხლის სამართლის სტატისტიკური მეთოდოლოგიის პერიოდული გადახედვა და დახვეწა, ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა;
ე) სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და მისი შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და კვლევითი პროექტების მართვა;
ვ) სამართლებრივი კვლევების მომზადება, საერთაშორისო სამართლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროში ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების კვლევა, უცხო სახელმწიფოთა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის კვლევა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის გაცნობა;
ზ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი