„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის №746 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №306
2008 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის №746 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 სექტემბრის №746 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) ბრძანებულებით დამტკიცებულ მე-7 პლანშეტს დაემატოს მე-4 პუნქტი და საიუბილეო მედლის თანდართული ესკიზი:
„საიუბილეო მედალი „სანაპირო დაცვა 10 წლისაა“
4. ავერსი – საიუბილეო მედალი „სანაპირო დაცვა 10 წლისაა“ არის მრგვალი ოქროსფერი ლითონის მედალიონი ზომით 35 მმ, რომლის ცენტრში გადაჯვარედინებულ ორ საზღვაო ღუზაზე გამოსახულია სასაზღვრო პოლიციის ემბლემა; მედალიონის გარშემო განლაგებულია წარწერა: „სასაზღვრო პოლიცია“ და „სანაპირო დაცვა“, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოიყოფა ორი შვიდქიმიანი ვარსკვლავით; მედალიონი ქართული ვაზის წნულის ორნამენტის დეტალით უკავშირდება ბაფთას.
ბაფთა ლივლივა ლაჟვარდის (ლურჯი) ფერისაა, ცენტრში ფართო თეთრი არშიით, კიდეებზე ორი მწვანე კანტით, სიგანით 32 მმ.
მედლის თამასა ლივლივა ლაჟვარდის (ლურჯი) ფერისაა, ცენტრში ფართო თეთრი არშიით, კიდეებზე ორი მწვანე კანტით.
რევერსზე ამოტვიფრულია წარწერა: „სანაპირო დაცვა 10 წლისაა“ და სასაზღვრო პოლიციის ემბლემის მთავარი სიმბოლო – თამარ მეფის ხელრთვა.“;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებულ მე-8 პლანშეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი სამკერდე ნიშნის თანდართულ ესკიზთან ერთად:
„სამკერდე ნიშანი „სანაპირო დაცვა 1998-2008“
ავერსი – სამკერდე ნიშანი „სანაპირო დაცვა 1998-2008“ არის ჰერალდიკური ფარი, რომლის ლურჯ (ლაჟვარდისფერი) ველზე გამოსახულია ირიბი ვერცხლის ჯვარი, სანაპირო დაცვის დროშისა და ემბლემის სიმბოლო. ცენტრში ზევიდან ქვევით დაშვებულ ოქროს ღუზაზე განლაგებულია მრგვალი ოქროსფერი ლითონის მედალიონი – სასაზღვრო პოლიციის ემბლემა, რომლის გარშემო ლურჯ (ლაჟვარდისფერი) არშიაზე ამოტვიფრულია წარწერა: „სანაპირო დაცვა“ და „1998-2008“, სამკერდე ნიშნის ზომაა 40 მმ.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი