„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.014.861
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №577
2010 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.08, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი (დეპარტამენტის უფროსი/სამინისტროს ბიუროს უფროსი/სამსახურის უფროსი).“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/სამინისტროს ბიუროს უფროსის მოადგილე/სამსახურის უფროსის მოადგილე). სამინისტროს ბიუროს უფროსის მოადგილე იმავდროულად ხელმძღვანელობს სამინისტროს ბიუროს საორგანიზაციო სამმართველოს. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.
3. მე-9 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამინისტროს ბიურო;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შეიძლება შედიოდნენ სტრუქტურული ერთეულები – სამმართველოები.“;
ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სამინისტროს ბიუროს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საორგანიზაციო სამმართველო;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.“.
5. თავი VII და 26-ე-271 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VII
სამინისტროს ბიურო
მუხლი 26. სამინისტროს ბიუროს ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება
სამინისტროს ბიუროს ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ სამინისტროს ბიუროში შემავალი სამმართველოები.
მუხლი 27. საორგანიზაციო სამმართველო
საორგანიზაციო სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან, მისიებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის ურთიერთობების და საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია და საპროტოკოლო ღონისძიებათა წარმოება;
ბ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის უზრუნველყოფა;
გ) მინისტრის საჯარო გამოსვლების უზრუნველყოფა;
დ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მინისტრის სახელზე, მათ შორის, სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველოს სარეგისტრაციო ნომრის გარეშე შემოსული სამთავრობო, საერთო და უცხოური კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება. უცხოურ კორესპონდენციაზე სამინისტროს ბიუროს ნომრის მინიჭება და შემსრულებლამდე დაყვანა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით;
ვ) მინისტრის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების აღწერა და რედაქციული თვალსაზრისით სრულყოფილად მომზადებაზე კონტროლი;
ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სხვა უწყებებთან საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;
თ) მინისტრის დავალებათა, მათ შორის სპეციალურ და ოპერატიულ დავალებათა (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი სახით, მათ შორის მინისტრის ბრძანებებით გათვალისწინებული დავალებების) უშუალოდ შესრულება ან შესრულების კონტროლის განხორციელება და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება არანაკლებ თვეში ერთხელ მაინც;
ი) არასამუშაო საათებში სასწრაფო წესით გასაგზავნი და დასარიგებელი კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველოს სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
კ) მინისტრის მიერ პირადად ხელმოსაწერი და სარეზოლუციო ბლანკების შენახვა და დაცვა, აგრეთვე კონტროლი მათ გამოყენებაზე;
ლ) საქართველოს მთავრობის სხდომის, სახელმწიფო, სამთავრობო და სხვა კომისიებისა და საბჭოების სხდომათა მასალების მიღება, არსებული წესით დამუშავება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
მ) საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე სახელმწიფო, სამთავრობო და სხვა კომისიებისა და საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით სამინისტროზე/სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირზე დავალებული საკითხების შესრულების კონტროლი;
ნ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული, მინისტრისათვის დასმულ შეკითხვაზე პასუხის დროულად მომზადების უზრუნველყოფა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მინისტრს შეკითხვაზე პასუხის გაცემა უწევს უშუალოდ სხდომაზე);
ო) მინისტრის მიერ კონტროლზე აყვანილი საკითხების დროულად შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციის მომზადება და მინისტრისათვის მიწოდება;
პ) სამინისტროში შექმნილი საბჭოებისა და კომისიების მუშაობის ორგანიზება და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი;
ჟ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან მიღებულ სამინისტროს ბიუროს კომპეტენციაში შემავალ დავალებებზე დასკვნების დროულად მომზადება;
რ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ, საფინანსო, საბიუჯეტო, საგადასახადო, საბაჟო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ს) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.
მუხლი 271. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზება;
ბ) სამინისტროს ვებ-გვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზება;
დ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე მათი შეხვედრის მომზადება ხელმძღვანელობასთან;
ე) სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალური პრობლემების კვლევა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სამინისტროს და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზების განხორციელება;
ვ) გეგმების შემუშავება მინისტრის, სამინისტროს ხელმძღვანელების დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის;
ზ) მინისტრის, სამინისტროს რეიტინგის კვლევა;
თ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულად ინფორმირება სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ;
ი) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება;
კ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ლ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან გასავრცელებლად მომზადება;
მ) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზება;
ნ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება;
ო) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
პ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.“.
6. თავი IX და 32-ე-34-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 15 ივლისიდან.
კ. ბაინდურაშვილი