„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3503
სარეგისტრაციო კოდი
210.020.010.05.001.002.379
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 03/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №№21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება

ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებული ოდენობა, გადახდის პერიოდულობა და ვადა დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.

6. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.“;

დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება.“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

     „მუხლი 121. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლებას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.

2. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

3. მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით ორგანოს.

4. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 1,5 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.

5. მოსაკრებლის ოდენობა შეიძლება დიფერენცირებული იყოს ნარჩენების წარმომქმნელის მიერ, დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

6. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 24 ივლისი.

№3503–რს