„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3654-IIს
სარეგისტრაციო კოდი
010240060.05.001.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 11/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 347) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს კანონი ადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადებსა და საფასურს, განსაზღვრავს საფასურის განაკვეთებს, მისი გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებს, ასევე საფასურის გადახდისგან გათავისუფლების პირობებს.

    მუხლი 2. სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურება

1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ და „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე სააგენტოს მიერ (მათ შორის, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით) განხორციელებული საქმიანობა, რომლის საფასური დადგენილია ამ კანონით.

2. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო/სააგენტოს ტერიტორიული სამსახური მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.

3. ამ კანონის 51 მუხლით განსაზღვრულ მომსახურებას სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საკონსულო თანამდებობის პირი. დელეგირების ფარგლებს განსაზღვრავს ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.

4. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დაჩქარებული წესით მომსახურება არ გაიწევა.

    მუხლი 3. საფასური და მისი გადახდის წესი

1. საფასური არის სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით, გარდა საჯარო დაწესებულებისა, რომელიც უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ.

3. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშსწორების ანგარიშზე.

4. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასური გადაიხდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. უნაღდო და ნაღდი ანგარიშსწორების დროს მომსახურებისთვის გადახდილი საფასურის თანხას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება რიცხავენ სააგენტოს ანგარიშზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ სააგენტოსთვის თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ხარჯები დაიფარება მომსახურების საფასურის სახით გადახდილი თანხებიდან.

6. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის განსხვავებული წესი შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

 7. ამ კანონის 51 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება აშშ დოლარში. იგი გადაიხდება აშშ დოლარში ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში. ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ კონვერტაციის ფიქსირებულ კურსად გამოიყენება წინა საფინანსო წლის 1 დეკემბრამდე აშშ დოლარის მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის საბაზრო მაქსიმალური გაცვლითი კურსი. საქართველოს ეროვნული ბანკი არა უგვიანეს ყოველი საფინანსო წლის 10 დეკემბრისა აწვდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სააგენტოს მომავალი წლისათვის გამოსაყენებელ, ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გაცვლით კურსს.“.

2. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასური

დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 აშშ დოლარია;

ბ) უცხო სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 65 აშშ დოლარია;

გ) უცხო სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 65 აშშ დოლარია;

დ) განქორწინების რეგისტრაციისათვის, შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით, მომსახურების საფასურის განაკვეთი 100 აშშ დოლარია;

ე) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 50 აშშ დოლარია;

ვ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების, დამატებისა და ცვლილების შეტანისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 30 აშშ დოლარია;

ზ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ განმეორებით მოწმობის ან ცნობის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 აშშ დოლარია;

თ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 აშშ დოლარია;

ი) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სხვა ცნობების გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 აშშ დოლარია.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 აშშ დოლარია.

9. აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 20 აშშ დოლარია.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნეს საქართველოში, ანალოგიური მომსახურებისთვის ამ კანონის მე-5 მუხლით დადგენილი საფასურის განაკვეთის შესაბამისად. მომსახურების საფასურის საქართველოში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარედგინება სააგენტოს, რომელიც ამას ატყობინებს საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) პირველი, მე-2, 21 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-8–მე-11 პუნქტებითა და 51 მუხლის „დ–ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით გადაადგილებულად – დევნილად ცნობილი პირი.

2. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 51 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას შეცდომა დაუშვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ ან/და შესასწორებელი სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია ადმინისტრაციული ორგანოს ან სამედიცინო დაწესებულების განცხადების (შეტყობინების, მიმართვის) საფუძველზე და შეცდომა გამოწვეულია განმცხადებლის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.

21. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 51 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 001-ს.

3. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტითა და 51 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, თუ შესაბამისი ცნობა აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში წარსადგენად, პენსიისა და დახმარების დასანიშნად ან გადასაანგარიშებლად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებითა და 51 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 პროცენტით;

დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 პროცენტით;

ე) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია;

ვ) 18 წლამდე პირები – 50 პროცენტით.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ კანონის 51 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საზღვარგარეთ სასჯელაღსრულების ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში, სადეპორტაციო დაწესებულებაში ან სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პირები, რაც დასტურდება ოფიციალური შეტყობინებით.“.

5. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 2010 წლის 15 ოქტომბრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრონ სააგენტოს მიერ საკონსულო თანამდებობის პირებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 15 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 1 ოქტომბერი.

№3654–IIს