„აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №226 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№184
სარეგისტრაციო კოდი
070030000.22.027.016011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 132, 13/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №184

2010 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №226 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №226 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008 წ., №143, მუხ. 1422) დამტკიცებულ აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის“, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებების, შრომის დისციპლინის დარღვევის ან სხვა სამსახურებრივი გადაცდომისათვის;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ზოგად ზნეობრივი ნორმების დარღვევისათვის, ასევე აღმასრულებლის და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი სათვის (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.“.

2. მე-4 – მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი

აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საჩივარი ან განცხადება;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) თანამშრომლის ან სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოხსენებითი ბარათი აღმასრულებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;

გ) აღმასრულებლის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები;

დ) სხვა დოკუმენტი ან ცნობა (ინფორმაცია) ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

    მუხლი 5. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოები

ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელების უფლებამოსილებით სარგებლობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

    მუხლი 6. დისციპლინური წარმოება

1. დისციპლინური წარმოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია დისციპლინური წარმოების ვადა გააგრძელოს 3 თვემდე.

2. შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი ახსნა-განმარტებას ართმევს აღმასრულებელს და განცხადების (საჩივრის) ავტორს. დისციპლინური წარმოებისას აღმასრულებლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა სავალდებულოა. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, შეამოწმოს სააღსრულებო საქმის მასალები, მოიწვიოს სხვა პირები და მოისმინოს მათი ინფორმაცია.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აღსრულების ეროვნული ბიუროს დისციპლინური წა რ მოების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის დასკვნა“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღსრულების ეროვნული ბიუროს დისციპლინური წა რ მოების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სახელზე ამზადებს წერილობით დასკვნას დისციპლინური გადაცდომის დადასტურების შესახებ. დასკვნას ხელს აწერს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა დისციპლინური საქმის გამოკვლევას.

2. დასკვნა უნდა შეიცავდეს რეკომენდაციას აღმასრულებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დისციპლინური გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქმის წარმოებას წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს დისციპლინური წა რ მოების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული.”.

4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასკვნის განხილვის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას დისციპლინური წარმოების შეწყვეტის ან აღმასრულებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ.“.

5. 91 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ დისციპლინური წარმოების საქმეზე დასკვნით დადასტურდება აღმასრულებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, მაგრამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ გადაცდომის გამო აღმასრულებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას, მას უფლება აქვს შეწყვიტოს დისციპლინური წარმოება და აღმასრულებელს მიმართოს სარეკომენდაციო ბარათით, რაც არ წამოადგენს დისციპლინურ სახდელს.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                       ზ. ადეიშვილი