„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №207
2010 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1623) დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14.
ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
ე) სამინისტროში და საქართველოს მთავარ პროკურატურაში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
ვ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა;
ზ) სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
თ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ი) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 8 აპრილიდან.
მ. სააკაშვილი