ფოთის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობის ინვესტირების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №642

1996 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

ფოთის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობის ინვესტირების შესახებ

ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარებისათვის, დერეფანში ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდისა და ტრანსპორტის მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესაბამისად:

1. მოწონებულ იქნეს აშშ "კორპორაცია სი-ლენდ სერვისისა" და საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს წინადადება საქართველოში საკონტეინერო ტერმინალების ქსელისა და მათ შორის ფოთის საზღვაო ნავსადგურის ახალი საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობის შესახებ.

2. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს მთავრობის წინადადებებით და აშშ ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი 3610 ათასი დოლარის ოდენობის გრანტის გამოყენებით შესრულდა წინასაპროექტო სამუშაოები.

3. ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ნავსადგურის განვითარების გენერალური გეგმის თანახმად, ახალი საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობისათვის მიზანშეწონილად ჩაითვალოს შესაბამისი პირსის იჯარით გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად შექმნილი ქონება საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ რჩება საქართველოს სახელმწიფო საკუთრებად.

4. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე) და ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი):

– ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციასთან ერთად ერთ თვეში შეადგინონ იჯარით გადასაცემი ობიექტების ნუსხა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეაფასონ ისინი; განსაზღვრონ ქონების იჯარით გაცემის პირობები;

– მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გააფორმონ საიჯარო ხელშეკრულება.

5. დაინტერესებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი პროექტის განხორციელებას.

ე. შევარდნაძე