„კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №62
2010 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ :
1. „კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 14.02.2006, №20, მუხ. 242) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №50 ბრძანებით დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმის 2.2.4.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.2.4.1. სოციალურ - ეკონომიკური პოტენციალი რესურსები
კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა გამოკითხვის შედეგად გამოირკვა, რომ ეროვნული პარკის რესურსებით უმეტეს წილად სარგებლობს მასთან მიმდებარე სოფლების მოსახლეობა. ამასთანავე, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაზე ანთროპოგენური ფაქტორის ზეწოლა შედარებით ნაკლებია.
ეროვნული პარკის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები განსაზღვრავს ბუნებრივი განახლებადი რესურსების საკმაო მრავალფეროვნებას. მათ შორის,აღსანიშნავია: ტყეები, ნადირ-ფრინველი, თევზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები (საძოვრები, სათიბები).
ტრადიციულად, ადგილობრივი მოსახლეობა რესურსებს გარკვეული კონტროლირებადი რეჟიმით მოიხმარდა, რაც ითვალისწინებდა ეკოსისტემის ბუნებრივ პოტენციურ პროდუქტიულობასა და მდგრადობას. მერქანს იყენებდნენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიზნით, ნადირობდნენ (ხოხობზე, გარეულ ბატზე, იხვზე, ტახზე, შველზე და სხვა); ზღვაში, მდინარეებში, ტბებში იჭერდნენ სხვადასხვა სახის თევზს (ზუთხი, ორაგული, კეფალი და სხვა); მოჰყავდათ კოლხური სელი, აგროვებდნენ სამკურნალო მცენარეებს, გამოჰყავდათ შინაური ცხოველების ადგილობრივი ჯიშები („კვარაცხელიას ძროხა“, მეგრული ღორი და სხვა). ეს მიდგომა ძირფესვიანად შეიცვალა წინა საუკუნის ბოლოს განვითარებული სწრაფი ეკონომიკური კრიზისის გამო.
სადღეისოდ საკმაოდ შემცირებულია ეროვნული პარკის ბუნებრივი განახლებადი რესურსები; რიგი სანადირო და სარეწაო სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშეა; მათი მოპოვების ტრადიციული ხერხები და ჩვევები ნაწილობრივ მივიწყებულია. თუმცა,ეროვნული პარკის წარმატებული ფუნქციონირების შემთხვევაში,არსებობს მათი აღდგენის კარგი შესაძლებლობა.
ძოვება
ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაჭაობებული და ტენიანი მურყნარების ცალკეულ მასივებს, მეორად ტყე-ბუჩქნარებსა და მდელოებს, აგრეთვე ტორფიანი ჭაობების გასწვრივ მდებარე ტერიტორიას მოსახლეობა იყენებს საძოვრად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის (კამეჩი, ძროხა). მდინარეების– ჭურიის, ცივას, ციას და ფიჩორის გასწვრივ ადრე არსებული საკოლმეურნეო ფერმები ამჟამად კერძო პირების მფლობელობაშია. არ არსებობს რამდენადმე ზუსტი მონაცემები საქონლის რაოდენობასა და, შესაბამისად, პარკის ტერიტორიაზე ძოვების ინტენსიობაზე. ამ საძოვრებს მოსახლეობა იყენებს მთელი წლის განმავლობაში. ვინაიდან მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე არსებული სოფლების–პატარა ფოთი, საღვამიჩაო, საგვიჩიო, ზემო ჭალადიდი და სხვ მიმდებარე ტერიტორიები გამოყენებულია ძირითადად სახნავ-სათესად. მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე არსებული სოფლების (შავი ღელე, სირიაჩკონი, საქორქიო და სხვა) მოსახლეობა საძოვრებად იყენებს რიონის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ მდებარე ეროვნული პარკის ტერიტორიებს.
ძოვება ტენიან მურყნარებში
საშეშე მერქნის მოპოვება
როგორც ზემოთ აღინიშნა, კოლხეთის ეროვნული პარკის ტყეები ძირითადად მურყნარითაა წარმოდგენილი. მურყნის მერქანი შედარებით დაბალი ხარისხისაა როგორც სამასალე, ისე შეშად გამოყენების თვალსაზრისით. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ჭარბტენიან ტყეებში მერქნის დამზადება მძიმე ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული. მერქნიან მცენარეთა ის სახეობები (მუხა, ცაცხვი, ნეკერჩხალი, იფანი, რცხილა წიფელი, ბზა, ლაფანი და სხვა), რომელთაც მეტი ეკონომიკური ღირებულება აქვთ, აღნიშნულ ტყეებში გადაშენების პირასაა, ზოგიერთი მათგანი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი (ჰართვისის მუხა, ბზა, ლაფანი) და მათი ჭრა აკრძალულია. აღნიშნული სახეობები ეროვნული პარკის ტერიოტრიაზე ერთეულ ხეებად, ან მცირე ზომის კორომებად არის შემორჩენილი და მათ დაცვას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
კოლხეთის ეროვნული პარკის შექმნის მიზნებიდან გამომდინარე,ხე-ტყის ჭრა შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეშის მოპოვების მიზნით. ამისათვის მიზანშეწონილია ნებადართული იქნეს სოციალური ჭრა. მაგალითად, 2001 წელს კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნებადართული იქნა 10 000 მ³ საშეშე მერქნის დამზადება. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ რეალურად დამზადდა მხოლოდ 3 000 მ³. დანარჩენი გამოყოფილი ტყე-კაფი მოხმარებული იქნა 2002 წელს.
კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია აგრეთვე „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს№132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.
მეთევზეობა
თევზებიდან სარეწაო მნიშვნელობა აქვს ძირითადად კეფალს (Mugil auratus) და ფარგას (Stizostedion lucioperca). ეროვნულ პარკთან მოსაზღვრე ტერიტორიის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს თევზჭერა წარმოადგენს. თევზჭერა მიმდინარეობს პალიასტომის ტბაზე, მდინარეებზე ფიჩორზე, ჭურიაზე და მათ შენაკადებზე, აგრეთვე შავი ზღვის აკვატორიაში. ამ რესურსის მდგრადი გამოყენება შესაძლებელია ბუნების მნიშვნელოვანი ფუნქციების, როგორიცაა სასიცოცხლო პროცესების რეგულირება და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, შენარჩუნებით, რისთვისაც საჭიროა დადგინდეს თევზჭერის კვოტები თევზების პოპულაციების სახეობრივი შემადგენლობისა და ასაკობრივი სტრუქტურის გათვალისწინებით.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე