,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№85
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 26/10/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №85

2004 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2004 წლის 29 მაისი, №54, ნაწილი III) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ1“, „ტ1“ და „უ1“ შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:

„გ1) ახორციელებს სახელმწიფო ენობრივ პოლიტიკას, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის სწავლებას, თვალყურს ადევნებს მის სწორ გამოყენებას;

ტ1) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, ქმნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდებს და ამტკიცებს ამ ფონდების დებულებებს, საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე აფინანსებს და ამუშავებს სამეცნიერო კვლევებს;

უ1) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო პრიორიტეტების შესაბამისად გასცემს სტიპენდიებს, სახელმწიფო გრანტებსა და პრემიებს“.

2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ა.ო“, „ა.პ“ ქვეპუნქტები:

„ა.ო) სახელმწიფო ენის პალატა;

ა.პ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი“.

3. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;

4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები:

„15. სახელმწიფო ენის პალატა:

ა) მონაწილეობს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;

ბ) იღებს ზომებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სახელმწიფო ორგანოს, უწყების, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებისა და ორგანიზაციის, აგრეთვე, საქართველოს იურისდიქციაში მყოფი არასახელმწიფო დაწესებულებების (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) საქმიანობაში ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსისა და სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვის უზრუნველსაყოფად;

გ) მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო ენის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებში;

დ) ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე კომპაქტურად მცხოვრები არაქართულენოვანი მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ენის შესწავლას, ასევე მათი მშობლიური ენების შენარჩუნების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

16. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი:

ა) მონაწილეობს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში;

ბ) ამზადებს წინადადებებს სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებათა და მათ განსახორციელებლად სახელმწიფო პრიორიტეტებისა და სამეცნიერო ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) მეცნიერული დასაბუთებულობისა და მათი სახელმწიფო ფინანსური რესურსებით ორგანიზაციულად განხორციელების თაობაზე;

გ) ხელს უწყობს კერძო ინოვაციურ საქმიანობას, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო რესურსების თავმოყრასა და რაციონალურ განაწილებას სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითა-რების სახელმწიფო პრიორიტეტების შესაბამისად;

დ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო მნიშვნელობის საწარმოო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ტექნიკური გადაიარაღების პროექტების ტექნოლოგიური ნაწილის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარებას, სახელმწიფო-მიზნობრივი პროგრამების სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მომსახურებას;

ე) ამზადებს და ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისების ღონისძიებებს, გასცემს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო პრიორიტეტების შესაბამისად სტიპენდიებს, სახელმწიფო გრანტებსა და პრემიებს;

ვ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი სამეცნიერო და მეცნიერების მომსახურების დაწესებულებათა საქმიანობას“.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია