,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №36 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 128, 09/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №105

2004 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის  21 მაისის №36 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ 2004 წლის 21 მაისის საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წლის 25 მაისი, №54, მუხლი 459) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ“, ,,ს“ და ,,ტ“ ქვეპუნქტები:

,,რ) ქვეყანაში ქვანახშირის დარგის მდგრადი განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;

ს) ქვანახშირის მრეწველობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის თაობაზე წინადადებების შემუშავება, შესაბამისი პროექტების მომზადება და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების კოორდინაციის ხელშეწყობა დადგენილი წესით;

ტ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქვანახშირის დარგში მეთოდური რეკომენდაციების, ტექნიკური ექსპლუატაციის წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება“.

2. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. სამინისტროს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) ენერგეტიკის დეპარტამენტი;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობისა და სატრანზიტო პოლიტიკის დეპარტამენტი;

გ) მომპოვებელ დარგთა დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) ენერგეტიკული პროექტების საფინანსო დეპარტამენტი;

ვ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტი.

2. სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა ,,ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი“.

3. ენერგეტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ელექტროენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ელექტროენერგეტიკის დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების ტექნიკური პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკაში პრიორიტეტული დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) ელექტროენერგეტიკის განვითარების მოკლე, საშუალო  და გრძელვადიანი პრიორიტეტული პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ე) ელექტროენერგეტიკის დარგის რესტრუქტურიზაციისა და რეფორმების პოლიტიკის შემუშავება;

ვ) ენერგოდაზოგვის პერიოდული პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული დაპროექტების ფარგლებში ნავთობგადამმუშავებელი ობიექტების ენერგეტიკულ სისტემაში მოქცევის, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვის განხორციელება, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, ელექტროენერგიითა და სათბობით სარგებლობის უმთავრესი პრინციპების განსაზღვრა;

თ) ელექტროენერგეტიკის სექტორში სამეცნიერო – ტექნიკურ საკითხთა შესწავლა-გადაწყვეტის კოორდინაცია;

ი) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სექტორში გარემოს დაცვითი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გეგმაზომიერი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის საპროექტო-საკონსტრუქტორო პირობების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა; ელექტროენერგეტიკულ პრობლემებთან დაკავშირებული საძიებო, საპროექტო, სამშენებლო და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა კოორდინაცია;

ლ) ელექტროენერგეტიკის დარგში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებისა და გამოყენების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და მისი განვითარების ხელშეწყობა;

მ) განახლებადი ენერგიის წყაროების (მზის, ქარის, ბიომასა და სხვ.) ძიების გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი.

4. საერთაშორისო ურთიერთობისა და სატრანზიტო პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქართველოში არსებული და მომავალში დაგეგმილი სატრანზიტო ენერგოდერეფნების პროექტების ქვეყნის საერთო ენერგეტიკულ პოლიტიკასთან შესაბამისობის ანალიზი;

ბ) საქართველოში არსებული და მომავალში დაგეგმილი სატრანზიტო ენერგოდერეფნების პროექტებში საფინანსო და დონორი ორგანიზაციების მონაწილეობის კოორდინაციის ხელშეწყობა;

გ) საქართველოში არსებული მაგისტრალური სატრანსპორტო და სატრანზიტო მილსადენებისა და მათი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების ანალიზი;

დ) ბუნებრივი გაზის სექტორში სატრანზიტო და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობათა ხელშეწყობა;

ე) ენერგეტიკის სექტორში ლიცენზია ნ ტებსა და უცხო ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარებისა და ამ სექტორში სატრანზიტო და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობათა ხელშეწყობა.

5. მომპოვებელ დარგთა დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მომპოვებელ ორგანიზაციებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მოთხოვნის შესაბამისად, ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის სექტორში სახელმწიფოს უპირატესი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და რეფორმების პროცესებში მონაწილეობა;

გ) ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოპოვების მომცველ საკითხთა გადაწყვეტის კოორდინაცია;

დ) ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის კომპანიების პერსპექტიული განვითარების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის სექტორში დამტკიცებული გეგმებისა და პროექტების განხორციელებაში შექმნილი მდგომარეობის ანალიზი;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ქვანახშირის მოძიების, ბალანსის დადგენის, მოპოვების, მისი რაციონალური და ხანგრძლივი გამოყენების ხელშემწყობ წინადადებათა შემუშავება;

ზ) დარგის საწარმოო და სამეურნეო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების, არსებული სიმძლავრეების მაქსიმალური ამოქმედების, წარმოებაში მოწინავე ტექნიკისა და პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე ქვანახშირის მრეწველობის სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური, საპროექტო და საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების შესახებ წინადადებათა შემუშავება;

თ) ენერგეტიკულ ბალანსში ქვანახშირის მოპოვების გადიდებისა და ამ გზით ექსპორტ-იმპორტის ბალანსში დეფიციტის შემცირების ხელშეწყობის შესახებ წინადადებათა მომზადება;

ი) ქვეყანაში ქვანახშირის მოპოვების ინდიკატორული გეგმების შემუშავების შესახებ რეკომენდაციათა და წინადადებათა მომზადება.

6. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ენერგეტიკული სექტორის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი;

ბ) სამინისტროს ფუნქციონირებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა;

გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

დ) სამინისტროში პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-მოწესრიგება;

თ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;

ი) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ლ) სამინისტროს საინფორმაციო ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება;

მ) სამინისტროს ელექტრონული ვებგვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს ნორმატიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა სახის სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსება;

ნ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ო) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

პ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მინისტრის მიერ კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ჟ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

რ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურება, სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა;

ს) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროში გამართული თათბირების ოქმების შედგენის უზრუნველყოფა.

7. ენერგეტიკული პროექტების საფინანსო დეპარტამენტის ამოცანებია:    

ა) ენერგეტიკის სექტორში რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების და შესაბამისად საქართველოს ენერგორესურსების ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სექტორში პრივატიზების გეგმის შემუშავებასა და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სექტორში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღება და დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების ფინანსური მონიტორინგი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სექტორში განსახორციელებელი სახელმწიფო და სხვა შესყიდვების მონიტორინგი.

8. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ენერგეტიკულ სექტორში საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება; სამინისტროს სისტემაში ძირითად მიმართულებათა მიხედვით საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) ფინანსური და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმართვა და ანალიზი; დაფინანსების ხარჯთა ნუსხის შედგენა, საგადასახადო, საბიუჯეტო და საფინანსო პოლიტიკის შესახებ წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;

გ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

დ) ენერგეტიკაში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებისა და ინდიკატორული გეგმის საპროგნოზო მონაცემების შემუშავება;

ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაფინანსების საპროგნოზო პარამეტრების შედგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორში პრიორიტეტული დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ზ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მონიტორინგი და ამ საკითხებზე პერიოდული (წლიური, კვარტალური) ინფორმაციის მომზადება.

9. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ენერგეტიკის სექტორის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარების სამართლებრივი ბაზის შემუშავება;

ბ) საქართველოს პარლამენტთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობის კოორდინაცია;

გ) ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება-ექსპერტიზა და დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი;

დ) სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იურიდიული სამსახურების მუშაობის კოორდი ნირება;

ე) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უცხო ქვეყნებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო ინვესტორებთან სამართლებრივი თანამშრომლობა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში“.

პრემიერ-მინისტრი             ზ. ჟვანია