მასობრივი პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კაპიტალური შემოსავლების გაზრდის მიზნით აქციათა ნულოვანი საწყისი ფასის სპეციალიზებული აუქციონის მოწყობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №594
1998 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მასობრივი პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კაპიტალური შემოსავლების გაზრდის მიზნით აქციათა ნულოვანი საწყისი ფასით პეციალიზებული აუქციონის მოწყობის შესახებ
იმ სააქციო საზოგადოებებში, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილია აქციათა 50 პროცენტზე ნაკლები, აგრეთვე პურპროდუქტებით მომარაგების სფეროში საჭიროა დაჩქარდეს აქციათა გაყიდვის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არაერთხელ იქნა გატანილი სპეციალიზებულ აუქციონებზე, მათ შორის საწყისი ფასის 50 პროცენტის ფასდაკლებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ნება დაერთოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს:
ა) კიდევ ერთხელ გაანახევროს და ნომინალური ღირებულების 25 პროცენტი საწყისი ფასით სპეციალიზებულ აუქციონზე გასაყიდად გაიტანოს იმ სააქციო საზოგადოებების აქციათა პაკეტები, რომლებიც არ გაიყიდა ნომინალური ღირებულების 50 პროცენტის ფასდაკლებით და სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილია აქციათა 50 პროცენტზე ნაკლები
ბ) ნომინალური ღირებულების 25 პროცენტი საწყისი ფასით სპეციალიზებულ აუქციონზე განახორციელოს პურპროდუქტებით მომარაგების სისტემის საწარმოთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ აქციათა პაკეტების გაყიდვა, რომლებიც უკვე გატანილ იქნა სპეციალიზებულ აუქციონზე ნომინალური ღირებულების 50 პროცენტით, მაგრამ მათი რეალიზაცია ვერ განხორციელდა
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გატარებული ღონისძიების შედეგად გაუყიდავად დარჩენილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტების გაყიდვა განხორციელდეს სპეციალიზებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით.
3. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით დაუშვას შესაბამისი მითითება საბანკო დაწესებულებებისადმი ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებული აუქციონის ორგანიზების უზრუნველსაყოფად.
4. ეთხოვოთ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციას, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას“ და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს სისტემატურად გააშუქონ ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა მიმდინარეობა.
ე. შევარდნაძე