კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისა და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მოზიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №234

1999 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისა და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მოზიდვის შესახებ

საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალის რეგიონის გავლით კონტრაბანდული ტვირთების შემოსვლის აღკვეთის, ამ რეგი­ონში კონტრაბანდასთან ბრძოლის  ღონისძიებათა გაძლიერებისა და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მოზიდვის მიზნით:

1. საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. მაღლა­კელიძე) უზრუნველყოს საბაჟო კოდექსის 1-ლიმე-2, მე-7, მე-10, 77-ე და 83-ე მუხლების მოთხოვნათა განუხრელი დაცვა.  ამ მიზნით:

ა) ცხინვალის რეგიონის გავლით რუსეთის ფედერაციიდან შემო­სული ტვირთებისათვის  განბაჟების ადგილად, როგორც დროებითი ღონისძიება, დაფიქსირდეს  ქ. გორი;

ბ) ცხინვალის რეგიონის გავლით რუსეთის ფედერაციიდან შემო­სუ­ლი ტვირთების განბაჟება განხორციელდეს  საბაჟო გორის მიერ.       

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან (ვ. ქუთათელაძე), საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტთან (თ. მაღლაკელიძე) და საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტთან (მ. ჩიკვილაძე) ერთად შეიმუშაოს და აამოქმედოს ერთობლივი გეგმა ცხინვალის რეგიონიდან შემოვლითი გზებით ტვირთების შემოტანისა და გადაადგილების აღკვეთის მიზნით განსაკუთრებული ზომების მისაღებად.

3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვ. ლორთქიფანიძემ საგა­რეო საქმეთა სამინისტროსთან (ი. მენაღარიშვილი), იუსტიციის სამინის­ტროსთან (ლ. ჭანტურია), საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტთან (თ. მაღლაკელიძე) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან (ვ. ჩხეიძე) ერთად დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციის შესაბამის სტრუქტურებთან რუსეთიდან შემოსული და საქართველოდან რუსეთის მიმართულებით მიმავალი ტვირთების ბურონი-როკის უღელტეხილით გატარების მოწესრიგების შესახებ.

4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ  (ი. ჩხარტიშვილი) იუსტიციის სამინისტროსთან (ლ. ჭანტურია) და საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტთან (თ. მაღლაკელიძე) ერთად გააგრძელოს მუშაობა ოსურ მხარესთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებისა და შესაბამისი საბაჟო რეჟიმისათვის საკანონმდებლო ბაზის მოსამზადებლად  და ამ მიზნით ოსურ მხარესთან  ინტენსიური მოლაპარაკების გასაგრძელებლად.

5. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ (ი. ბოჭორიძე)  საგა­დასახადო სახელმწიფო დეპარტამენტთან (მ. ჩიკვილაძე) ერთად თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დეტალურად შეამოწმოს გორის რაიონის სოფელ ერგნეთში მოქმედი ბაზრობის ფუნქციონირებისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერების საკითხი და შედეგების მიხედვით მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები; უზრუნველყონ იქ განლაგებული სავაჭრო ორგანიზაციებისა და მოვაჭრეთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა და მათი საშემოსავლო დაბეგვრის სრული კონტროლი.

6. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ (ჯ. ბაბილაშვილი) გააძლიეროს საპროკურორო ზედამხედველობა საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით განხორციელებულ სამძებრო-ოპერატიულ ღონისძიებებსა და მოკვლევის კანონიერებაზე. გაააქტიუროს პროცესუალური ხელ­მძღვანელობა ასეთ დანაშაულთა საქმეების წინასწარ გამოძიებაზე. ამასთან, არ დაუშვას მოქალაქეებისა და მეწარმე სუბიექტების კანონიერი უფლებების დარღვევა.

ე. შევარდნაძე