„განრიდებისა და მედიაციის შესახებ მედიატორებისთვის სახელმძღვანელო მითითებების დამტკიცების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის
ბრძანება №94
2010 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
განრიდებისა და მედიაციის შესახებ მედიატორებისთვის სახელმძღვანელო მითითებების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის საყურადღებო და მნიშვნელოვანია არასრულწლოვანი სამართალდამრღვევი მოქალაქეების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი რესოციალიზაციის საკითხში შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა და ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული საკითხი პირდაპირ კავშირშია საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ჯანსაღი და სწორი განვითარების მხარდაჭერასთან. სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მხარს უჭერს არასრულწლოვანთა დამნაშავეობის პრევენციას, არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვასა და ფართო გამოყენებას.
განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ახალი მექ ა ნიზმია. ეს მექანიზმი საქართველოში ეტაპობრივად დაინერგება. პროგრამის მიზანია იმ არასრულწლოვნის გათავისუფლება სისხლისსამ ა რთლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. თუ ამ დრომდე არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება შეეძლო მხოლოდ სასამართლოს, ახლა უკვე პროკურორს აქვს უფლებამოსილება განარიდოს არასრულწლოვანი სისხლის სამართალწარმოებას და მის შედეგებს.
პროგრამის მიზანია არასრულწლოვანს მიეცეს ერთი შანსი. იმედს ვიტოვებთ, რომ არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი გამოიყენებს ამ შანსს და გადადგამს ნაბიჯს წარმატებული და კანონმორჩილი ცხოვრებისკენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ა და „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ”ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული განრიდებისა და მედიაციის შესახებ სახელმძღვანელო მითითებები მედიატორებისთვის.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 15 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მინისტრი ვლ. ვარძელაშვილი
დანართი
განრიდებისა და მედიაციის შესახებ სახელმძღვანელო მითითებები მედიატორებისთვის
I. ზოგადი დებულებანი
განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ახალი მექანიზმია. პროგრამის მიზანია იმ არასრულწლოვნის გათავისუფლება სისხლისსამ ა რთლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. ახალი პროგრამა, ერთი მხრივ, განარიდებს არასრულწლოვანს სისხლის სამართლის სისტემისა და ნასამართლეობისგან, მეორე მხრივ, ხელს უწყობს სამართლიანობის აღდგენას, განმეორებითი დანაშაულის (რეციდივის) თავიდან აცილებას, არასრულწლოვნის გამოსწორებასა და მის კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბებას.
მედიაციის მიზანია არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შერიგება, დანაშაულით გამოწვეული ემოციური თუ მატერიალური შედეგების გამოსწორება და სამართლიანობის აღდგენა. მედიაციაში ცენტრალურ როლს ასრულებს მედიატორი, სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც წარმართავს მთელ პროცესს.
მედიაციის პროცესი ორი ძირითადი ეტაპისაგან შედგება, წინასაკონფერენციო ეტაპი და მედიაციის კონფერენცია. პირველ, წინასაკონფერენციო ეტაპზე მედიატორის ფუნქციაა სპეციალური უნარ-ჩვევების გამოყენებით ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას. ამ ეტაპზე მედიატორი ცალ-ცალკე უკავშირდება არასრულწლოვანსა და დაზარალებულს, ესაუბრება მათ მედიაციის არსის, მიზნებისა და წესების შესახებ, აწვდის დეტალურ ინფორმაციას ხელშეკრულების სავარაუდო პირობების თაობაზე, აგრეთვე ათანხმებს ამ პირობებს. მოლაპარაკებებს მედიატორი როგორც დაზარალებულთან, ისე არასრულწლოვანთან ინდივიდუალურად აწარმოებს. ამ ეტაპზე მისი მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს მხარეთა ნებაყოფლობითი და ინფორმირებული მონაწილეობა მედიაციის პროცესში და მიაღწიოს მხარეთა შორის კონსესუსს მედიაციის ხელშეკრულების სავარაუდო პირობებთან დაკავშირებით.
მეორე, დასკვნით ეტაპზე მედიატორი წარმართავს კონფერენციას, რომლის მიზანია არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და მისი შედეგების გაცნობიერება. კონფერენციაზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოთქვან საკუთარი მოსაზრება ჩადენილი ქმედებისა და მისი შედეგების შესახებ. ამ ეტაპზე მედიატორის როლი მგდომარეობს კონფერენციის წარმართვაში.
კონფერენციის, ისე როგორც ზოგადად მედიაციის, პროცესის მსვლელობისას მედიატორი ვალდებულია იყოს მაქსიმალურად მიუკერძოებელი, ობიექტური და დამოუკიდებელი, არ მიანიჭოს რაიმე უპირატესობა რომელიმე მხარეს. ამასთან, უმნიშვნელოვანესია მედაიტორის უნარი შექმნას მხარეთათვის უსაფრთხო გარემო, გაამხნეოს მხარეები და ხელი შეუწყოს მათ საკუთარი აზრისა და პოზიციის გამოხატვასა და პირდაპირი დიალოგის წარმოებაში.
წარმატებული მედიაციის დასასრულია მედიაციის ხელშეკრულება, რომელშიც აისახება მიყენებული ზიანის ანაზღაურების შეთანხმებული გეგმა და მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობები.
II. ტერმინთა განმარტება
ა) განრიდება: არასრულწლოვნის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომელსაც იყენებს პროკურორი;
ბ) მედიაცია: არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის დიალოგის პროცესი, რომელსაც უძღვება მედიატორი და რომლის მიზანია არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შერიგება. მედიაციის პროცესში აგრეთვე მონაწილეობენ არასრულწლოვნის მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი), პროკურორი, სოციალური მუშაკი და განსაკუთრებულ შემთხვევაში სხვა პირები;
გ) მედიატორი: სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მესამე მხარე, რომელიც ასრულებს შუამავლის როლს არასრუწლოვანსა და დაზარალებულს შორის, წარმართავს და კოორდინაციას უწევს მედიაციის პროცესს;
დ) მედიაციის კონფერენცია: შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ არასრულწლოვანი, მისი მშობელი (ან კანონიერი წარმომადგენელი), დაზარალებული, პროკურორი, სოციალური მუშაკი და განსაკუთრებულ შემთხვევაში სხვა პირები. კონფერენციას უძღვება მედიატორი. კონფერენციაზე ხელი ეწერება სამოქალაქო ხელშეკრულებას განრიდებისა და მედიაციის შესახებ;
ე) განრიდების ხელშეკრულება: სამოქალაქო ხელშეკრულება, რომლის მხარეებიც არიან არასრულწლოვანი, მისი მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი), პროკურორი და სოციალური მუშაკი, რომელიც ითვალისწინებს არასრულწლოვნის ქცევის შეზღუდვასა და სხვა უფლება-მოვალეობებს;
ვ) განრიდების და მედიაციის ხელშეკრულება: განრიდების ხელშეკრულება, რომელშიც დამატებით მონაწილეობს დაზარალებული და მედიატორი, რომელიც ითვალისწინებს არასრულწლოვნის ქცევის შეზღუდვასა და სხვა უფლება-მოვალეობებს. განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულება იდება იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული თანახმაა მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე.
III. მედიატორის მიერ შესასრულებელი მოქმედებები
1. მედიატორის შერჩევა
1.1. მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნება წინასწარი გადაწყვეტილება განრიდების შესახებ, პროკურორი და სოციალური მუშაკი ჩამოაყალიბებენ მედიაციის ხელშეკრულებით განსასაზღვრ სავარაუდო პირობებს, რ ომელშიც აისახება მხარეთა ძირითადი უფლება-მოვალეობები. ეს პირობები შეიძლება შეიცვალოს მედიაციის პროცესში მედიატორის მხარეებთან კონსულტაციების შედეგად. ცვლილებები წინასწარ პირობებში უნდა შეთანხმდეს პროკურორთან და სოციალურ მუშაკთან.
1.2. მედიატორის შერჩევის სპეციალური პროცედურის გათვალისწინებით, მხარეებს შესაძლებლობა მიეცემათ თავად აირჩიონ მათთვის ყველაზე მისაღები მედიატორი.
1.3. მედიატორის შერჩევისას სოციალური მუშაკი მხარეებს განუმარტავს, რომ მედიატორსა და მხარეებს შორის არ უნდა არსებობდეს ნათესაური, მეგობრული და/ან პროფესიული კავშირი. მედიატორი, ისევე როგორც მედიაციის მხარეები, მედიაციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ვალდებულნი არიან პირდაპირ განაცხადონ ამგვარი კავშირის შესახებ. აღნიშნული კავშირის არსებობის შემთხვევაში ხდება მედიატორის აცილება და იმავე წესით შერჩეული ახალი მედიატორით შეცვლა.
2. საქმის გარემოებების გაცნობა და საქმის დაწერა მედიატორისთვის
2.1. პროკურორი და სოციალური მუშაკი ხვდებიან შერჩეულ მედიატორს, გააცნობენ მედიატორს საქმის გარემოებებს და დეტალურად განუმარტავენ (და გადასცემენ) ხელშეკრულების პირობებს. პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი ხელს აწერენ ფორმას სამ ეგზემპლარად, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე ოფიციალურად დაეწერა მედიატორს საწარმოებლად.
2.2. მედიატორი წინასწარ ემზადება მედიაციის პროცესის დასაწყებად. მომზადება გულისხმობს საქმის გარემოებების გაცნობას, მედიაციის თითოეული ეტაპის დაგეგმვასა და შესაბამისი ღია კითხვების მომზადებას. მომზადების დასრულების შემდგომ იწყება წინასაკონფერენციო ეტაპი.
3. წინასაკონფერენციო ეტაპი
3.1. წინასაკონფერენციო ეტაპზე მედიატორი ინდივიდუალურად უკავშირდება ჯერ არასრულწლოვანს, შემდგომ კი დაზარალებულს, გააცნობს მხარეს საკუთარ თავს და შეთანხმებით დანიშნავს წინასაკონფერენციო შეხვედრის დროსა და ადგილს. შეხვედრისას, მედიატორი მხარეს აწვდის ზოგად ინფორმაციას მედიაციის არსის და დანიშნულების შესახებ, განუმარტავს მედიაციის (მათ შორის, კონფერენციის) წესს და პროცედურას, გააცნობს და გადასცემს შესაბამის აღწერილობას.
3.2. პირველადი კომუნიკაციისას მედიატორის მიზანია განუმარტოს მხარეს პროგრამაში მონაწილოების უპირატესობები და რისკები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულთან კომუნიკაციისას. დაზარალებულის ჩართულობა მედიაციაში უზრუნველყოფს მის აქტიურ მონაწილეობას ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების განსაზღვრაში, ხოლო კონფერენციის მსვლელობისას დაზარალებულს ექნება შესაძლებლობა გაესაუბროს არასრულწლოვანს, დაუსვას შეკითხვები და გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ჩადენილი ქმედების მიმართ. დაზარალებულს უნდა განემარტოს, რომ მისი უარი მედიაციაში მონაწილეობაზე არ აბრკოლებს განრიდების პროცესს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მედიატორმა მხარეებს განუმარტოს მედიაციაში მონაწილეობის ნებაყოფლობითი ხასიათი.
3.3. მედიატორი მხარეებს გააცნობს ხელშეკრულების სავარაუდო პირობებს, დეტალურად განუმარტავს მათ ამ პირობების შინაარსს, პირობების დარღვევის შედეგებს და ა. შ.. მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, დასვან შეკითხვები და მიიღონ კონკრეტული განმარტებები ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. მათ ასევე უფლება აქვთ არ დაეთანხმონ პირობას და/ან წამოაყენონ ალტერნატიული პირობა. ამ პროცედურის დაცვა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ორივე მხარის მხრიდან მიღებულ იქნეს გაცნობიერებული თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე. ამასთან, მედიატორმა უნდა გაითვალისწინოს არასრულწლოვნის ასაკი და მენტალური მდგომარეობა და არასრულწლოვნისთვის მარტივად აღსაქმელ ენაზე განუმარტოს მას ხელშეკრულების პირობები.
3.4. ამის შემდეგ მედიატორი მხარეს გააცნობს მედიაციის პროცესში მომდევნო ნაბიჯებს, რაც გულისხმობს მედიატორის მეორე მხარესთან შეხვედრას, ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებას და კონფერენციის სავარაუდო დროისა და ადგილის შერჩევას.
3.5. თუ წინასაკონფერენციო ეტაპზე მხარეები ვერ შეთანხმდებიან ხელშეკრულების წარმოდგენილ პირობებზე, მაშინ მედიატორი ცდილობს თითოეულ მხარესთან განმეორებითი კომუნიკაციის გზით მოახდინოს შეთანხმების მიღწევა, კომუნიკაცია შესაძლოა განხოერციელდეს პირადად, ტელეფონის, ელ-ფოსტის და/ან მხარეთათვის მისაღები სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. თუ რომელიმე ან ორივე მხარე არ ეთანხმება პროკურორის და/ან სოციალური მუშაკის მიერ ხელშეკრულების შემოთავაზებულ პირობებს, მაშინ მედიატორი შეატყობინებს პროკურორს და სოციალურ მუშაკს მხარის კომენტარის და/ან ალტერნატიული პირობის შესახებ. პროკურორს და სოციალურ მუშაკს უფლება აქვთ შეცვალონ/განაახლონ ხელშეკრულების სავარაუდო პირობები, არსებული შენიშვნებისა და კომენტარების გათვალისწინებით.
3.6. თუ წინასაკონფერენციო პროცესში რომელიმე მხარემ უარი განაცხადა მედიაციაში (მათ შორის, კონფერენციაში) მონაწილეობაზე, მაშინ მედიატორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს პროკურორს.
3.7. მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ მედიატორი შეუთანხმებს პროკურორს და სოციალურ მუშაკს კონფერენციის სავარაუდო თარიღს და ადგილს. შემდეგ მედიატორი კონფერენციაში მონაწილე ყველა პირს ატყობინებს კონფერენციის დროსა და ადგილს.
3.8. თუ მხარეებს სურთ დამატებითი მონაწილეების (მაგრამ არა უმეტეს ერთი პირისა თითო მხარეზე) მოწვევა კონფერენციაზე, მაშინ ამ ადამიანის მონაცემებს (სახელს და გვარს, კავშირს საქმესთან ან მხარესთან და საკონტაქტო ინფორმაციას) ჩაიწერს მედიატორი და შეუთანხმებს მეორე მხარეს, პროკურორს და სოციალურ მუშაკს. თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მაშინ დამატებითი პირი არ დაესწრება კონფერენციას.
3.9. კონფერენციისათვის ყველა საჭირო პროცედურის მოგვარების შემდგომ მედიატორი მოამზადებს წინასაკონფერენციო ანგარიშს, რომელშიც ასახავს მედიაციის პროცესში განხორციელებულ ყველა ქმედებას კონფერენციამდე. მედიატორი ხელს მოაწერს დოკუმენტს და ჩადებს მას საქმეში.
3.10. კონფერენციის დაწყებამდე მედიატორი უნდა დარწმუნდეს, რომ არასრულწლოვანმა პროკურორს გადასცა დანაშაულის ჩადენის აღიარების შესახებ წერილი, და რომ ხელშეკრულების განახლებული პირობების გაცნობის შემდეგ პროკურორი თანახმაა რომ კონფერენცია დაიწყოს.
4. კონფერენციის მომზადება
4.1. კონფერენციის დათქმულ დღემდე გონივრული ვადით ადრე, მედიატორი დაუკავშირდება კონფერენციაში მონაწილე ყველა პირს და შეახსენებს კონფერენციის თარიღს, დროს და ადგილს.
4.2. კონფერენციისათვის მედიატორი ემზადება წინასწარ, კერძოდ, ამზადებს კონფერენციის ოთახს და განსაზღვრავს თითოეული მხარის ადგილს ისე, რომ არასრულწლოვანი და დაზარალებული (მათი წარმომადგნლები/მხადამჭერები) ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ, მედიატორის მარჯვენა და მარცხენა მხარეს.
5. კონფერენცია
5.1. მედიატორი წარმართავს კონფერენციას. იგი გახსნის კონფერენციას და შეახსენებს დამსწრეებს მედიაციის არსსა და მიზანს, ასევე განუმარტავს მათ კონფერენციის მსვლელობის ეტაპებს, მის წესსა და შეხვედრის სავარაუდო შედეგს. ის ასევე წარადგენს კონფერენციის თითოეულ მონაწილეს.
კონფერენციის გახსნის მაგალითი:
| – „მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, მე მქვია (თქვენი სახელი) და მე ამ კონფერენციის ფასილიტატორი (ან შეიძლება ,ორგანიზატორი’) ვიქნები.” – შემდეგ წარადგინეთ კონფერენციის თითოეული მონაწილე და განმარტეთ მისი ურთიერთობა საქმესთან. მხარეებს მივმართავთ სახელებით და არა სტატუსით. – „ყველას დიდ მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის. ვიცი, რომ ეს ყველა თქვენთაგანისთვის რთულია, მაგრამ თქვენი დასწრება დაგვეხმარება განვიხილოთ ის საკითხი, რის გამოც აქ შევიკრიბეთ. ამით ყველა თქვენთაგანი მიყენებული ზიანის გამოსწორებას შეძლებს.“ – „ამ კონფერენციის მთავარი განსახილველი თემა ის ინციდენტი იქნება, რომელიც მოხდა (დაასახელეთ თარიღი, ადგილი და დანაშაულის ტიპი დამატებითი დეტალების გარეშე). მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ რა ქმედება განახორციელა (არასრულწლოვნის სახელი) და თუ რა გავლენა იქონია ამ საქციელმა სხვებზე. ჩვენ აქ იმისთვის არ შევკრებილვართ, რომ გადავწყვიტოთ (არასრულწლოვნის სახელი) კარგი პიროვნებაა თუ ცუდი. ჩვენ გვინდა გამოვარკვიოთ, თუ როგორ დაზარალდნენ ადამიანები და, იმედი გვაქვს, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მიყენებული ზიანი შემცირდეს. – განუმარტეთ ორივე მხარეს: „უნდა გითხრათ, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუ აღარ მოისურვებთ მონაწილეობას, შეგიძლიათ ნებისმიერ მომენტში განაცხადოთ ამის შესახებ. – „ახლა კი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კონფერენციის წესებს. ...“
|
5.2. შემდგომ მედიატორი მიმართავს არასრულწლოვანს და თხოვს მას ისაუბროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
არასრულწლოვნისადმი დასასმელი კითხვების მაგალითი:
| – „დავიწყებთ (არასრულწლოვნის სახელით)“. თუ ერთზე მეტი არასრულწლოვანია, მაშინ ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს ყველამ სათითაოდ უნდა უპასუხოს: – „რა მოხდა? / იმ დროს რაზე ფიქრობდით? / რას გრძნობდით? – ამ შემთხვევის მერე რაზე ფიქრობდით? / რას გრძნობდით? – რას ფიქრობთ, ვინ დაზარალდა შენი / თქვენი საქციელით? / როგორ დაზარალდნენ ისინი? – რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს ოჯახს და მეგობრებს, როცა ამ შემთხვევის შესახებ შეიტყვეს? – რა / როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ინციდენტის შემდეგ?“ (ამ კითხვის დასმის საკითხი უნდა გადაწყვიტოს თავად ფასილიტატორმა კონფერენციის მიმდინარეობის მიხედვით).
|
5.3. არასრულწ ლ ოვნის შემდეგ მედიატორი მიმართავს დაზარალებულს და ს თხოვს მას ისაუბროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
დაზარალებულისადმი დასასმელი კითხვების მაგალითი:
| – „შემთხვევის დროს როგორი იყო თქვენი რეაქცია? – რას გრძნობთ მომხდართან დაკავშირებით? – თქვენთვის ყველაზე მძიმე რა იყო? – რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს ოჯახს და მეგობრებს, როცა ამ შემთხვევის შესახებ შეიტყვეს? - რა / როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ამ შემთხვევის შემდეგ? მაგალითი: სთხოვეთ, რომ ქვემოთ მოცემულ ყველა შეკითხვას უპასუხოს: – „რა გაიფიქრეთ, როცა ამ შემთხვევის შესახებ შეიტყვეთ? –ახლა რა გრძნობა გაქვთ მომხდარის მიმართ? –თქვენთვის ყველაზე მძიმე რა იყო? შენიშვნა: თუ ერთზე მეტი დაზარალებულია, მაშინ შეკითხვებს შეიძ ლ ება ყველამ სათითაოდ უპასუხოს.
|
5.4. შემდეგ მედიატორი სიტყვას გადასცემს ჯერ დაზარალებულის, შემდეგ კი არასრულწლოვნის მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) ან მხარდამჭერს, თუ ისინი ესწრებიან შეხვედრას.
მშობლისადმი (კანონიერი წარმომადგენლისადმი) კითხვების მაგალითები:
| მშობელს მედიატორი ეკითხება: „ეს თქვენთვის რთული იყო, არა? ხომ არ გსურთ ამაზე გვიამბოთ?“ სთხოვეთ, რომ თითოეულმა ქვემოთ მოცემულ ყველა შეკითხვას უპასუხოს: –„რა გაიფიქრეთ, როცა ამ შემთხვევის შესახებ შეიტყვეთ? –ახლა რა გრძნობა გაქვთ მომხდარის მიმართ? –თქვენთვის ყველაზე მძიმე რა იყო?
|
5.5. მედიატორი არასრულწლოვანს ეკითხება, ხომ არ სურს მას რაიმეს დამატება.
5.6. კონფერენციის ნებისმიერ ეტაპზე, მონაწილის მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, მედიატორი მიიღებს გადაწყვეტილებას ხანმოკლე შესვენების გამოცხადების შესახებ, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე გარემოებით, მათ შორის, მონაწილეების გადაღლით, სიტუაციის დაძაბვით და/ან სხვა გარემოებით.
IV. შეთანხმების მიღწევა
1. მედიატორი კონფერენციის მონაწილეებს დეტალურად გააცნობს ხელშეკრულების პირობებს. იგი წაიკითხავს თითოეულ პირობას და დარწმუნდება, რომ პირობა გასაგები და მისაღებია ყველა მონაწილისათვის, უპირველეს ყოვლისა კი არასრულწლოვნისათვის. მედიატორის ნებართვით, მონაწილეები აკეთებენ კომენტარებს, ახსნა-განმარტებებს და საჭიროებისამებრ განახორციელებენ ცვლილებებს ხელშეკრულებების პირობებში. გადამწყვეტია ის ფაქტორი, რომ ყველა მონაწილე მხარე დაეთანხმოს ხელშეკრულების ყველა პირობას, და რომ ეს პირობა ყველა მონაწილეს ერთნაირად ესმოდეს.
2. მედიაციის პირობებზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მედიატორი გადის ოთახიდან და დაასრულებს სამოქალაქო ხელშეკრულების საბოლოო ტექსტზე მუშაობას. ხელშეკრულების ტექსტი ასახავს კონფერენციის შედეგებს. შემდეგ იგი ბრუნდება კონფერენციის ოთახში ხელშეკრულების პროექტის იმდენი ეგზემპლარით, რამდენი ძირითადი მონაწილეც ჰყავს კონფერენციას. მედიატორი დაარიგებს ხელშეკრულების პროექტს და მონაწილეებს მისცემს დროს, რომ გაეცნონ ხელშეკრულების ტექსტს. კითხვების არსებობის შემთხვევაში მონაწილეებს მიეცემათ მათი დასმის და განმარტების მიღების შესაძლებლობა. მონაწილეებს საკმარისი დრო მიეცემათ ინტერაქციისთვის.
კონფერენციის დახურვის მაგალითი:
| „ვიდრე კონფერენციას დავხურავდე, საბოლოოდ მინდა ყველა თქვენთაგანს მივცე აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. ვინმეს რაიმეს თქმა ხომ არ სურს? მონაწილეებს პასუხის გაცემის შესაძლებლობა შეუქმენით და როცა დაასრულებენ, თქვით: „დიდი მადლობა, რომ ამ საკითხის გადაჭრაში წვლილი შეიტანეთ. გთხოვთ, გამაგრილებელი სასმელები მიირთვათ, ამასობაში კი მე ხელშეკრულების საბოლოო ტექსტს მოვამზადებ“. |
3. მედიაციის ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, კონფერენცია დასრულებულად ითვლება. მედიატორი მხარეებს მადლობას გადაუხდის თანამშრომლობისათვის. მისი როლი დასრულდება ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე. ამის შემდეგ პროკურორს ეძლევა საშუალება მისი გადაწყვეტილებისამებრ ხელი მოაწეროს დადგენილებას სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან დაწყებული დევნის შეწყვეტის შესახებ.
V. განრიდების და მედიაციის ძირითადი პრინციპები
ა) ნებაყოფლობითობა – განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, რა დროსაც არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს. დაუშვებელია მხარეებზე ზეგავლენა მათი პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით. მხარეები უფლებამოსილი არიან განრიდების/მედიაციის პროცესში მონაწილე ო ბაზე უარი თქვან ნებისმიერ ეტაპზე;
ბ) პროპორციულობა – არასრულწლოვნის ქცევის შეზღუდვა და ვალდებულებები უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. პროპორციული ღონისძიების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს არასრულწლოვნის ასაკი და სხვა პირადი გარემოებები, ასევე ჩადენილი დანაშაულის ბუნება, სიმძიმე, მიყენებული ზიანი და გავლენა საზოგადოებაზე;
გ) კონფიდენციალურობა – განრიდებისა და მედიაციის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი გამჟღავნება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, ან თუ კანონმდებლობით სხვა წესი არ არის განსაზღვრული;
დ) სტიგმატიზაციის დაუშვებლობა – შეფარდებული ღონისძიება არ უნდა იწვევდეს არასრულწლოვნის სტიგმატიზაციას, მის მოწყვეტას ნორმალური სასწავლო პროცესისგან და არ უნდა ახდენდეს განსაკუთრებულ ზეგავლენას მისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე;
ე) არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესი – განრიდებისა და მედიაციის პროცესში წამყვანი უნდა იყოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესი. უნდა შეფასდეს, თუ რა შესაძლო შედეგი ექნება არასრულწლოვნის ჩართვას პროგრამაში, როგორია განმეორებითი დანაშაულის რისკი, რა გავლენას მოახდენს არასრულწლოვანზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და სხვა რელევანტური გარემოებები.