1. თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ არა ნაკლებ 5 კაციან ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციით ინიციირების პროცედურის დაწყების შესახებ.
2. განცხადება შეტანილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს საინიციატივო ჯგუფის არანაკლებ 5 წევრი. განცხადებას თან უნდა ერთოდეს “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შედგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი, უნდა იყოს მითითებული ნორმატიული აქტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის სავარაუდო დრო, პროექტის ავტორის (ავტორების) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი.
3. საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და განცხადების შემომტან პირს გადასცემს ხელმოწერების შეგროვებისათვის პეტიციის მხარდამჭერთა სიის ბლანკებს.
4. მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის:
ა) სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;
დ) რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით);
ე) ხელმოწერის თარიღი;
ვ) ხელმოწერა.
5. ბლანკში მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.
6. პეტიციის მხარდამჭერთა ბლანკს თან უნდა დაერთოს ინიციატორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ახდენს წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტის, განმარტებითი ბარათის და მხარდამჭერთა ბლანკის აკინძვას, აწერს განცხადების რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს და ადასტურებს ხელმოწერით.
7. პეტიციის ინიციატორთა ჯგუფი ვალდებულია მხარდამჭერთა ბლანკების გაცემიდან 30 დღის ვადაში შეაგროვონ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არა ნაკლებ 1%-ის ხელმოწერები და ჩააბაროს საკრებულოს აპარატს.
8. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ პეტიციას და ინიციატორებთან თანდასწრებით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, არათანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების კანონით დადგენილი რაოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას. თუ გაბათილდა მისი არანაკლებ 10 პროცენტისა, იმავე წესით დამატებით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერების იმავე რაოდენობას. მისი არანაკლებ 10 პროცენტის გაბათილების შემთხვევაში მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება პეტიციის ინიციატორს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. პეტიციის ინიციატორთა მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს დანარჩენ სიასთან ერთად კვლავ ამოწმებს საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით. თუ იმავე წესით შემოწმებული მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგენილ რაოდენობაზე მეტი კვლავ გაბათილდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის ინიციატორს უარი ეთქმება ინიციირებაზე.
9. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:
ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;
ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);
გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);
დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;
ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;
ვ) ხელმომწერი არ არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი;
ზ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) მოწმობისა და პირადი ნომრები.
10. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელიც არის მოცილებული ინიციირებულ დადგენილების პროექტსა და განმარტებით ბარათს.
11. საკრებულო ვალდებულია პეტიციის წესით შემოტანილი პროექტი რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში განიხილოს საკრებულოს სხდომაზე.
12. საკრებულოს სხდომაზე პეტიციის წესით შემოტანილი პროექტის განხილვაში მომხსენებლის სტატუსით, სათათბირო ხმის უფლებით, მონაწილეობს პროექტის ინიციატორთა მიერ დანიშნული მომხსენებელი