ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საფინანსო – სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 02.07.2010
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010220020.35.123.005978
გამოქვეყნების წყარო ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 13/07/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.07.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საფინანსო – სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №2
2010 წლის 2 ივლისი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო
ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის დებულება დანართის შესაბამისად.
(საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის დებულება დადგენილებას თან ახლავს)
მუხლი 2🔗. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3🔗. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა №11).
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი
დანართი
საფინანსო-სარევიზიო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თ ა ვ ი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ქალაქ ქუთაისის ფინანსურ სისტემაში – საბიუჯეტო კოდექსის შესახებ საკანონმდებლო ნორმატიული აქტების, ფულადი სახსრების მობილიზაციის, ბიუჯეტის შემოსავლების მიზნობრივად განკარგვისა და სხვა საკითხებზე საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების მომზადების მიზნით ქალაქ ქუთაისის საკრებულოში შექმნილია საფინანსო-სარევიზიო კომისია (შემდგომში – კომისია).
2. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს.
3. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
თ ა ვ ი II
კომისიის სტრუქტურა, კომპეტენცია და კომისიის წევრთა უფლებამოსილებანი
მუხლი 2🔗
1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრით.
2. კომისიის შემადგენლობას, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.
3. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.
4. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს დებულებით დადგენილი წესით, კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.
მუხლი 3🔗
კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შემდეგ ახორციელებს შემოწმებას მათი მიღება-გამოყენების კანონიერების თაობაზე;
ბ) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოების საფინანსო საქმიანობას;
გ) ახორციელებს კონტროლს შემოსავლების ამოღების დროულობაზე, მათი აღრიცხვის, ხარჯების კანონიერებას ადგილობრივ ბიუჯეტთან შესაბამისობის თაობაზე, ასევე ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურს;
დ) სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;
ე) ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას საფინანსო-სარევიზიო კომისია საკრებულოს წარუდგენს შემოწმების წლიურ ანგარიშს;
ვ) წარადგენს თავის მოსაზრებებს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებზე, რომლებსაც ირჩევს ან ნიშნავს საკრებულო, რის თაობაზეც შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
ზ) კომისია საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით;
თ) კომისია განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და საჩივრებს და ახდენს სათანადო რეაგირებას;
ი) კომისია ახორციელებს ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗
1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხებზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები და წარმოადგინოს წინადადებები;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თანამდებობებზე;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
2. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
ბ) არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
გ) შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
თავი III
კომისიის სხდომები
მუხლი 5🔗
1. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ არანაკლებ თვეში 2 სხდომისა. კომისიის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. ყოველი თვის კომისიის მორიგი სხდომის გამართვის დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის, ან კომისიის წევრის ინიციატივით. რიგგარეშე სხდომის შეტყობინება, დღის წესრიგი და განსახილველი საკითხების პროექტები უნდა ეცნობოს კომისიის წევრებს ორი დღით ადრე, გარდა საკრებულოს დებულების 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
4. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში.
5. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის დროს ხმების გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისია ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
7. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სხვა პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად, ასევე, შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.
მუხლი 6🔗
1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, ქალაქ ქუთაისის მერიის თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები და სხვა საკითხები.
2. კომისია იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას.
3. კომისიის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს სხდომას, ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
5. საკრებულოს მიერ არჩეული და მისი თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.
მუხლი 7🔗
საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომისიების ერთობლივი (საკონსულტაციო) სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
თ ა ვ ი IV
კომისიის თანამდებობის პირები
მუხლი 8🔗
1. კომისიის თავმჯდომარეს, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, თავისი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ირჩევს საკრებულო.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხებზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. კომისია თავის წევრთაგან, უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრს.
6. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს კომისიის ცალკეულ დავალებებს;
ბ) კომისიის (სიითი შემადგენლობის უმრავლესობის) დავალებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობებს და მისი გადადგომის, გადაყენების ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
მუხლი 9🔗
1. კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ორმა მესამედმა.
2. კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენის დღიდან.
4. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე, რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 10🔗
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.