ქალაქ ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 02.07.2010
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010220020.35.123.005979
გამოქვეყნების წყარო ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 13/07/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.07.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №3
2010 წლის 2 ივლისი
ქალაქი ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის I პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულება დანართის შესაბამისად.
(საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულება დადგენილებას თან ახლავს)
მუხლი 2🔗. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ დროიდან საკრებულოს ხმისდამთვლელი და სამანდატო დროებითი კომისიების უფლებამოსილება შეწყვეტილია.
მუხლი 3🔗. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4🔗. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა №11).
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი
დანართი
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თ ა ვ ი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
1. ქალაქ ქუთაისის საკრებულოში (შემდგომში _ საკრებულო) საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით, შექმნილია იურიდიული კომისია (შემდგომში კომისია).
2. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს, სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით, მოსაზრებებსა და დასკვნებს.
3. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკრებულოს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
თ ა ვ ი II
კომისიის სტრუქტურა და კომპეტენცია
მუხლი 2🔗
1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრით.
2. კომისიის შემადგენლობას, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით, ამტკიცებს საკრებულო.
3. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.
4. კომისიის თავმჯდომარის მიერ, დებულებით დადგენილი წესით, კომისიაში სამუშაოდ დროებით, ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურებით, ან ანაზღაურების გარეშე.
მუხლი 3🔗
1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და ამზადებს საკრებულოს განკარგულებებისა და დადგენილებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს საკრებულოში შემოსული პროექტების განხილვაში, ამზადებს დასკვნებს და გადასცემს საკრებულოს შესაბამის ორგანოებს;
გ) მონაწილეობს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების განხილვაში, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს ან თანხმობას აძლევს დანიშვნაზე საკრებულო, რის თაობაზეც დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს;
დ) წარადგენს მოსაზრებებსა და დასკვნებს კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით;
ე) ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. აკონტროლებს საკრებულოს წევრთა, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს დებულების მოთხოვნათა დაცვას. შეისწავლის საკრებულოს წევრის სტატუსთან საკრებულოს წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს. შეისწავლის ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭირო მასალებს და საკრებულოს უახლოეს სხდომას წარუდგენს შესაბამის დასკვნას. საკრებულოს უახლოეს სხდომას აცნობებს ფრაქციის გაუქმებისა და ფრაქციის შემადგენლობიდან წევრის გასვლის ფაქტს, ცნობად იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე, ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ ინფორმაციას, რის შესახებაც აცნობებს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს უახლოეს სხდომას, ასრულებს ხმისდამთვლელი კომისიის ფუნქციებს. განიხილავს ადამიანის უფლებების დარღვევის, ბავშვთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის, რელიგიის, ეროვნული უმცირესობების, შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გამოჩენილ ადამიანთა პატივგების საკითხებზე შემოტანილ წინადადებებს;
ვ) განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებს და ახდენს სათანადო რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში.
2. კომისია ახორციელებს საკრებულოს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗
1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები და წარმოადგინოს წინადადებები;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თანამდებობაზე;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
2. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
ბ) არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
გ) შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
თ ა ვ ი III
კომისიის სხდომები
მუხლი 5🔗
1. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ არანაკლებ თვეში 2 სხდომისა. კომისიის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომისიის სხდომა ტარდება ყოველი თვის პირველ და მესამე ხუთშაბათს.
2. რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარის მიერ, ან კომისიის წევრის მოთხოვნით, დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების პროექტების 24 საათით ადრე, კომისიის წევრთათვის მიწოდებით, გარდა შემთხვევისა, როცა რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს მოთხოვნით, რა დროსაც, საკითხების განხილვა ხორციელდება დაუყოვნებლივ.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
4. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში.
5. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.
6. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში იმართება დახურული სხდომა. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
7. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, რომლებიც არ შედიან ამ კომისიის შემადგენლობაში, კომისიის მოწვეული სპეციალისტები, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობისა და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.
8. კომისიის სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესი.
მუხლი 6🔗
1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და საკრებულოს სხდომაზე განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფორმაციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების წევრთა და თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები და სხვა საკითხები.
2. კომისია იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას.
3. კომისიის სამართლებრივი დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს სხდომას, ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები, კომისიის მოთხოვნით, ვალდებულნი არიან კომისიაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები, მისცენ კომისიას ახსნა-განმარტებანი.
5. საკრებულოს მიერ არჩეული, ან მისი თანხმობით დანიშნული, აგრეთვე, თვითმმართველობის სხვა თანამდებობის პირი ულებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.
მუხლი 7🔗
საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით, ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი (საკონსულტაციო) სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
თ ა ვ ი IV
კომისიის თავმჯდომარე
მუხლი 8🔗
1. კომისიის თავმჯდომარეს, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, თავის შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ირჩევს საკრებულო.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში, ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის, ან დამტკიცების შემთხვევაში უწყდება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება.
4. კომისია, თავის წევრთაგან, კომისიის უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს.
5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრს.
6. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
ბ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დავალებით, კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
მუხლი 9🔗
1. კომისიის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ორმა მესამედმა.
2. კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელსაც ის გააცნობს საკრებულოს.
4. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საკრებულო უახლოეს სხდომაზე, რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.
თ ა ვ ი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 10🔗
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს დებულების შესაბამისად.