,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №62
2005 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-12 მუხლების საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტს დაემატოს XII1 თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XII1. საქართველოს მთავრობის წევრთა და მათ ქვემდებარე უწყებათა შორის ოფიციალური მიმოწერის წესი
მუხლი 631
1. საქართველოს მთავრობის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ოფიციალური მიმოწერის წარმოების უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის წევრებს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – მათი მოვალეობის შემსრულებლებს.
2. საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრების აპარატებიდან ოფიციალური კორესპონდენციის წარმოდგენა ხორციელდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
მუხლი 632
1. საქართველოს მთავრობის წევრები ოფიციალური მიმოწერისას ერთმანეთს მიმართავენ უშუალოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მინისტრის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სხვა პირი.
2. საქართველოს სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრების აპარატებიდან სხვა სამინისტროში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში ან მთავრობის კანცელარიაში ოფიციალური მიმოწერისას წერილი შეიძლება გაიგზავნოს უწყების სახელზე კონკრეტული თანამდებობის პირის (ადრესატის) მიუთითებლად. ამ შემთხვევაში წერილს ხელი უნდა მოაწერონ მთავრობის წევრმა ან მისმა მოადგილემ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსმა, მთავრობის კანცელარიის უფროსმა.
3. საქართველოს მთავრობის კანცელარიას, სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებს შორის ოფიციალური მიმოწერა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, შეიძლება აწარმოონ „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით განსაზღვრულმა აღნიშნულ დაწესებულებათა მთავარმა საჯარო თანამდებობის პირებმა მხოლოდ ერთმანეთთან ან თანამდებობის მიუთითებლად უწყების სახელზე მიმოწერის გზით.“
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი