1. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს გამგებლის წარდგინებით წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.
2. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად სავალდებულოა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმების მასალები და დასკვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.
3. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისია და ფრაქციები დასკვნას ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით საკრებულოს აპარატს გამოსაქვეყნებლად წარუდგენენ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლით დადგენილი წესით, აქვეყნებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით.
4. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა და აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში ტარდება საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ დებულების (რეგლამენტის) 126-ე მუხლით დადგენილი ფორმების გამოყენებით.
5. საკრებულო საზოგადოებრივ დარბაზთან ერთად ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვას იწყებს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არა უადრეს ორი კვირისა.
6. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თანამოხსენებით გამოდის გამგებელი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას წარუდგენს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა–განმარტებას. საკრებულო თანამოხსენების ფორმით ისმენს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნას და საკრებულოს და საინვესტიციო პოლიტიკის საფინანსო–საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში).
7. მომხსენებელთა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ დებულების (რეგლამენტის) 57–ე მუხლით დადგენილი წესით.
8. საკრებულო არა უგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. საკრებულოს მიერ 1 მაისამდე გადაწყვეტილების მიუღებლობა ბიუჯეტის შესრულების დამტკიცების შესახებ ნიშნავს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობას