„ქ. რუსთავის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამმართველოს დებულება“
მიღების თარიღი 30.03.1998
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-161
სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.219
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 30/03/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 07.11.2025
დოკუმენტის ტექსტი
„ქ. რუსთავის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამმართველოს დებულება“
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ბრძანება № 2-161
1998 წლის 30 მარტის
ქ. თბილისი
ქ. რუსთავის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამმართველოს დებულება
1. დამტკიცდეს ქ. რუსთავის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამმართველოს დებულება /დანართი 1/ და ხარჯვა-ნუსხა/ დანართი № 2/.
2. იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ /ქ-ნი ი. ლომთათიძე/ ქ. რუსთავის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამმართველოსთან ერთად უზრუნველყოს:
ა) კანონით დადგენილი წესით აღნიშნული ბრძანების იუსტიციის სამინისტროში სახელწმიფო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება;
ბ) საქვეუწყებო დაწესებულების სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია.
3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების და დებულების პრესაში გამოქვეყნება.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სოფლის მეურენობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 26 დეკემბრის № 2-472 ბრძანება.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ ნუგზარ დუჩიძეს.
მინისტრი ბ. გულუა
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ქ. რუსთავის კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების სამმართველოს
დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. კვების პროდუქტების წარმოების ლიცენზირების ქ. რუსთავის სამმართველო (შემდგომში „სამმართველო“ არის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში - „სამინისტროს“) გამგებლობაში არსებული სახელწმიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. სამმართველო მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროს სამართლებრივი აქტებით და მითითებებით, აგრეთვე ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების სალიცენზიო საქმიანობას რუსთავის მთელ ტერიტორიაზე - ქ. რუსთავის მერიასთან და სპეციალიზებულ სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით.
3. სამმართველოს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით.
4. სამმართველოს დაფინანსების წყაროა სახელწმიფო ბიუჯეტი. სამმართველოს უფლება აქვს დადგენილი წესით გამოიყენოს არასაბიუჯეტო შემოსავლები და ანგარიშვალდებულია მათ მიზნობრივ გამოყენებაზე.
სამმართველოს ხარჯთაღღიცხვას ამტკიცებს მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს სამმართველოს უფროსი.
სამმართველოს მისამართია: ქ. რუსთავი, გაგარინის № 21.
II. სამმართველოს საქმიანობის სფეროში ფუნქციები და ამოცანები
სამმართველოს საქმიანობის ძირითადი სფერო, ფუნქციები და ამოცანებია:
5. ქ. რუსთავის ტერიტორიაზე პურის, პურ-ფუნთუშეულის, მაკარონის და მაკარონის ნაწარმის, პურპროდუქტების, საკონდიტრო, ხორცის, რძის, უალკოჰოლო სასმელების, თამბაქოს, ზეთის, ცხიმების და სხვა, მათგან წარმოებული კვების პროდუქტების, ნახევარფაბრიკატებისა და ნედლეულის სასაქონლო წარმოებაზე სალიცენზიო საქმიანობის განხორციელება, არსებული წესების დაცვით, ლიცენზიების გაცემა, მათი მოქმედების შეჩერება ან გაუქმება, ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
6. საწარმოების მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა და ამ დოკუმენტებში მოყვანილი მონაცემების რეალობის ადგილზე შემოწმება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
7. საწარმოს გამართულად ფუნქციონირების სტაბილურობის განმაპირობებელი პარამეტრების, ტექნოლოგიური სქემებით გათვალისწინებული პროცესების შესწავლა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით და სათანადო დასკვნების გამომუშავება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
8. კვების პროდუქტების საწარმოთა ლიცენზირებასთან დაკავშირებული სამუშაოების მდგომარეობის ამსახველი საინფორმაციო ბანკის შექმნა თავისი კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი პერიოდულობით ინფორმაციის სამინისტროში წარდგენა.
9. კვების პროდუქტების (ნახევარფაბრიკატების, ნედლეულის) საწარმოთა ლიცენზიებით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის პერიოდული (გამომდინარე ტექნოლოგიური თავისებურებებიდან) შემოწმება, დარღვევების გამოსწორებისა და მითითებების აღსრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება თავის კომპეტენციის ფარგლებში.
10. მჭიდრო თანამშრომლობა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის დეპარტამენტის, სხვა დაინტერესებული უწყებების სამსახურებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან.
11. სასამართლოებისა და სამართალდამცავი ორგანოებისათვის დასკვნებისა და ცნობების გაცემა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
III. სამმართველოს უფლებები
სამმართველოს უფლება აქვს:
12. ადგილზე გაეცნოს ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობას, მოითხოვოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტური მასალა და ინფორმაცია საწარმოთა (საკუთრების ფორმის მიუხედავად) პასუხისმგებელი პირებისაგან.
13. მიუთითოს პასუხისმგებელ პირებს მათ მიერ დაშვებულ დარღვევებზე, გასცეს სავალდებულო მიწერილობები, დაავალოს მათ გარკვეული ვადებში აღმოფხვრან გამოვლენილი ნაკლოვანებები, განახორციელოს მიწერილობებითა და მითითებებით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე პერიოდული კონტროლი, მასალები დარღვევების შესახებ გადასცეს შესაბამის უწყებებსა და მმართველობისა და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.
14. სერიოზული დარღვევების არსებობის ან მითითებული ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება წარმოების ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში აცნობოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, შესაბამის უწყებებს და სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისათვის.
15. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასვას საკითხი სათანადო ორგანოების წინაშე ეკონომიური სანქციების გამოყენების თაობაზე იმ საწარმოებისადმი, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.
16. საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასვას საკითხი სამინისტროს, ქ. რუსთავის მერიის, მმართველობისა და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების წინაშე იმ საწარმოების მუშაობის შეჩერების აუცილებლობის თაობაზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს პროდუქციის წარმოებაზე.
17. სამმართველოს მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული მითითებანი (მიწერილობანი) და დასკვნები სავალდებულოა შესასრულებლად ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად).
18. კვების პროდუქტების საწარმოთა მოთხოვნის საფუძველზე მათთან ხელშეკრულების შესაბამისად გაუწიოს მომსახურება ტექნოლოგიური რეჟიმების მოდერნიზაციის, რაციონალიზაციის და სხვა სპეციალური სამუშაოების სახით.
IV. სამმართველოს მოვალეობები
სამმართველო მოვალეა:
19. საჭიროების შემთხვევაში შექმნას სალიცენზიო დარგობრივი კომისიები.
20. განახორციელოს სამოქმედო ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სახელწმიფო ლიცენზირების სამუშაოები.
21. შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები.
22. მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მეწარმე სუბიექტს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებაში.
23. უზრუნველყოს სალიცენზიო საქმიანობის ოპერატიულობა, ობიექტურობა და სიზუსტე, არ დაუშვას უფლებამოსილებათა გადამეტება.
24. მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემა-არგაცემაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ლიცენზირების ორგანოში სრულად წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში, გასცეს ლიცენზია ან დასაბუთებული უარი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა.
25. მეწარმე სუბიექტისათვის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მეწარმე სუბიექტს მოტივირებული წერილით, ხოლო წერილის ასლებით - ადგილობრივი მმართველობის, სამართალდამცავ, საგადასახადო და სახელწმიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოებს.
26. მოახდინოს რეაგირება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, რათა მეწარმემ, რომელსაც არ მიეცა ლიცენზია, შეუჩერდა ან გაუუქმდა ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, არ აწარმოოს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოება-რეალიზაცია.
27. უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შედეგად მიღებული იმ სახის ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალობა, რომელიც სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებაა.
28. საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს კონტროლი კვების პროდუქტების (ნახევარფაბრიკატების, ნედლეულის) მიღების, შენახვის, გადამუშავებისა და გადაადგილების პირობებზე.
29. დაუშვებელია შემოწმების ჩატარება სამმართველოს უფროსის ბრძანებისა და დამტკიცებული პროგრამის გარეშე.
V. სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
30. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. სამმართველოს უფროსი პერსონალურად პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობის შედეგებზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
სამმართველოს უფროსი:
31. ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის, გამოსცემს ბრძანებებს, ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამმართველოს მუშაკთათვის.
32. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე და სპეციალისტ-თანამშრომელთა შტატი, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მათ. საჭიროების შემთხვევაში ღებულობს მათ მიმართ დისციპლინარული ზემოქმედებისა და წახალისების ზომებს.
33. იყენებს სამმართველოს ქონებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
VI. ქონება
34. სამმართველო თავისი ფუნქციების შესრულებისას სარგებლობს მასზე გადაცემული ქონებით.
35. სამმართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოებიდან მიღებული სპეციალური სახსრების ანარიცხებიდან დარჩენილი თანხები გამოიყენება სამმართველოს თანამშრომელთა მატერიალური წახალისების, კვალიფიკაციის ამაღლების, ტექნიკური ბაზის სრულყოფისთვისა და სხვა სამეურნეო საქმიანობისათვის, იმ წესით, რომელსაც ადგენს სამინისტრო.
VII. დასკვნითი დებულებები
სამმართველოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
სამმართველოს რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.